ჯოზეფ ბორელი - 2008 წელს, როცა პუტინი საქართველოში შეიჭრა, ჩვენი რეაქცია რბილი იყო - გვესმის, რომ თუ რუსეთს უფლებას მივცემთ, უკრაინაში მარიონეტული მთავრობა დასვას, შემდგომში გაცილებით მაღალი საფასურის გადახდა მოგვიწევს
2008 წელს, როდესაც პუტინი საქართველოში შეიჭრა, ჩვენი რეაქცია რბილი იყო, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ევროკავშირის თავდაცვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯოზეფ ბორელის განცხადებით, 75 წლის წინ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ პასუხი ერთიანობა იყო და აშშ-მა და ევროპის თავისუფალმა და დემოკრატიულმა ქვეყნებმა, რომლებიც კოლექტიური თავდაცვის ერთგულები იყვნენ, ნატო შექმნეს.
„ვნახეთ როგორ ხოცავდა პუტინი ხალხს ჩეჩნეთში 1999 წელს, ვხედავთ, როგორ ერევა სირიაში. 2008 წელს, როდესაც ის საქართველოში შეიჭრა, ჩვენი რეაქცია რბილი იყო და გაუბედავი რეაქცია გვქონდა, როცა ვნახეთ, რომ ის 2014 წელს ყირიმის ანექსიას ახორციელებდა. ჩვენ არ გვინდოდა იმის დანახვა, რაც აშკარა იყო. პუტინს სურს, რომ რუსეთი თავის სამეზობლოში კვლავ დომინირებდეს. პუტინს რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებზე უარი არ უთქვამს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ დღეს ფრონტის ხაზი უკრაინაა და ევროპის უსაფრთხოების მომავალი უკრაინაში გადაწყდება.
„2022 წლის თებერვალში, როდესაც კიევის დაბომბვა დაიწყეს, ჩვენ გავიღვიძეთ ამ უსიამოვნო რეალობაში და აღმოვაჩინეთ, რომ ცუდად ვიყავით მომზადებულები. ჩვენ ვიცით, რომ მომავალში თავდაცვის ინდუსტრია მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რადგან გვესმის, რომ თუ პუტინის რუსეთს მივცემთ უფლებას, უკრაინა მეორე ბელარუსად გადააქციოს და კიევში „მარიონეტული მთავრობა“ დასვას, ჩვენ შემდგომში გაცილებით მაღალი საფასურის გადახდა მოგვიწევს. უკრაინის გამარჯვებას ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს “, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.