თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა
თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი წარმოდგენილი ნამუშევრების კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო ჩაიშალა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონკურსზე წარმოდგენილი იყო 27 ნამუშევარი, რომელიც საკონკურსო კომისიამ ანონიმურობის დაცვით განიხილა. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ნამუშევრების ნაწილი არათუ ჰგავდა, არამედ პირდაპირ იმეორებდა სახელმწიფო სიმბოლოებს, რაც დაუშვებელია ქალაქის სიმბოლიკისთვის.
„წარმოდგენილი ნამუშევრების უმრავლესობა მხოლოდ ამა თუ იმ იდეის ვარიანტულ სხვადასხვაობას წარმოადგენდა. რიგ შემთხვევებში კი, არ იყო დაცული კავშირი გერბსა და დროშას შორის, მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი პირველიდან უნდა მომდინარეობდეს.
გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტების ნაწილი არ ასოცირდებოდა თბილისთან, მის თვალსაჩინოებებთან ან ისტორიასთან, ხოლო ის ნიმუშები, რომლებიც ამგვარ იდეებს გამოხატავდა, დაწუნებული იქნა მხატვრული შესრულების კუთხით ან ჰერალდიკური გამოსახვის წესების დარღვევის გამო. იხილეთ ნამუშევრები დანართის სახით: https://tbilisi.gov.ge/news/16241
ვინაიდან საკონკურსო განაცხადებით წარმოდგენილი ნამუშევრებიდან ვერ შეირჩა გამარჯვებული ნიმუში, კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა, საკონკურსო კომისიამ კი მიიღო გადაწყვეტილება ახალი კონკურსის გამოცხადების თაობაზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.