Jump to content
Planeta.Ge

გერმანიის მთავრობის კოორდინატორი - როცა მოლდოვა და უკრაინა გაწევრიანების პროცესს იწყებენ, საქართველომ გადაწყვიტა პროცესისგან განზე გამდგარიყო - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია


საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა, რობინ ვაგნერმა თბილისში, ევროკავშირის გაფართოების შესახებ გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა.

„მე მწვანეთა პარტიიდან გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ვარ, მაგრამ აქ ვარ, როგორც სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი, ასე რომ, გერმანიის მთავრობის სახელით ვსაუბრობ.

პირადად მე, გასულ წელს გერმანიაში გამართული დებატების დროს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დიდი მხარდამჭერი ვიყავი. კანდიდატის სტატუსის, რომელიც საქართველოს იმ პირობით მიენიჭა, რომ ქვეყანაში ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კონკრეტული რეფორმები განხორციელდებოდა, მათ შორის ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობისა და საზოგადოების დეპოლარიზაციის კუთხით. ახლა საქართველოს ხილვა, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, ამ მიზნიდან უკან დახევა, ნამდვილად გულდასაწყვეტია. განსაკუთრებით, მაწუხებს ე.წ. „გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც ფაქტობრივად ანტ-არასამთავრობო ორგანიზაციების კანონია, რომელიც ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და ევროკავშირისა და გერმანიის მხრიდან მკაფიო კომუნიკაციის მიუხედავად იქნა მიღებული“, - განაცხადა რობინ ვაგნერმა.

რობინ ვაგნერმა აღნიშნა, რომ კანონი ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

„სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება, მათთან ძლიერი თანამშრომლობა იმ სახელმწიფოს ინტერესებში უნდა იყოს, რომელსაც სურს იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს კანონი ამის საპირისპიროა. საქართველოს ამჟამინდელი პრობლემური გზის ნაწილი მხოლოდ ეს კანონი არ არის”, - აღნიშნა მან.

ამასთან ვაგნერმა ისაუბრა საქართველოში არსებულ რიტორიკაზე, რომელიც „დეზინფორმაციით, ილიბერალური ნარატივებით, შეთქმულების თეორიებითა და ფაქტების დამახინჯებით ხასიათდება“.

„ არა მხოლოდ ქვეყანაში ოპოზიციის წინააღმდეგ, არამედ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების წინააღმდეგ“, - დასძინა რობინ ვაგნერმა.

მისივე თქმით, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსთან თანამშრომლობის პროექტების გადახედვა მოხდება.

„ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანება სურს და მაშინ, როცა მოლდოვა და უკრაინა გაწევრიანების პროცესს იწყებენ, საქართველომ გადაწყვიტა ამ პროცესისგან განზე გამდგარიყო. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამ კანონის, ე.წ. გამჭვირვალობის კანონის ძალაში ყოფნით, საქართველოს გაწევრიანების შემდგომი პროცესი აღარ იქნება. ეს არ არის მხოლოდ გერმანიის მთავრობის პოზიცია, ეს არის ევროპული საბჭოს პოზიცია, რომ გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია და ეს საქართველოს მთავრობის ქმედებებით არის განპირობებული. გარდა ამისა, ევროკავშირის თანამშრომლობის პროექტების და ასევე, ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოს მიმართ გერმანიის დაფინანსების გადახედვა მოხდება. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგი“, - განაცხადა რობინ ვაგნერმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...