Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი კობახიძე კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ტერორისტული სახელმწიფო - ამ თემაზე საერთაშორისო თანამეგობრობას მყარი პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას - მე უფლება არ მაქვს საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო


საერთაშორისო თანამეგობრობას საკუთარი მყარი პოზიცია ამ თემებზე ჩამოყალიბებული არ აქვს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმის მიხედვით გაგიზიარებთ ჩვენს პოზიციას - მე უფლებაც არ მაქვს ასეთ მნიშვნელოვან თემაზე საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო,- ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხვას, მიიჩნევს თუ არა პუტინის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად, რაც ევროსაბჭოს რეზოლუციის მთავარი სულისკვეთება იყო.

ამასთან, კობახიძე განმარტავს, რომ კენჭისყრის პროცედურა არ იძლეოდა საშუალებას რეზოლუციისთვის მხარი იმ ცვლილების გარეშე დაეჭირათ, რომელიც სააკაშვილს უკავშირდებოდა. მისივე განმარტებით, უშუალოდ კენჭისყრაზე მხარდაჭერა არც იოსელიანს დაუფიქსირებია და შესაბამისად, შედეგებში იოსელიანის გვარიც არ არის ასახული.

„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან ტყუილი მოვისმინეთ. მათ თქვეს, თითქოს ჩვენ შეგვეძლო მხარი არ დაგვეჭირა ცვლილებისთვის და ცვლილების გამოკლებით დაგვეჭირა მხარი რეზოლუციისთვის, რაც ტყუილია. როცა საბოლოოდ გამოდის კენჭისყრაზე რეზოლუცია, მას კენჭი ეყრება ერთიანად, ყველა ცვლილების გათვალისწინებით. როცა ბოლოს გამოვიდა რეზოლუცია კენჭისყრაზე, მასში იყო უკვე ასახული ჩანაწერი ერთ-ერთი მთავარი კრიმინალის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ. ტყუილებით რამდენ ხანს ეცდებიან ფონს გასვლას, არ ვიცი, ვერც გადიან. ლევან იოსელიანს რაც შეეხება, მან გადაწყვიტა ასეთი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა, მან თითი არ მიაჭირა ღილაკს, როცა კენჭი ეყრებოდა რეზოლუციას და შემდეგ მიმართა PACE- ს ხელმძღვანელობას, რომ ის მხარს უჭერდა რეზოლუციას, მაგრამ ცვლილების გარეშე, თუმცა თუ ჩახედავთ კენჭისყრის შედეგებს, ნახავთ, რომ იქ იოსელიანის გვარი არ არის,“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა რეზოლუციის მთავარ სულისკვეთებას და აპირებს თუ არა საქართველომ გაიზიაროს რეზოლუციის მოწოდება და აღიაროს პუტინის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად, კობახიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის და სტრატეგიული პარტნიორების პოზიციებს დაელოდებიან, საკუთარ სულისკვეთებაზე კი ვერ ისაუბრებს.

„ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს. ჩვენ დაველოდებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციებს. ვნახოთ, ამის შემდეგ შეიძლება სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა, თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობას ამ თემაზე არავითარი პოზიცია არ დაუფიქსირებია. ჩვენ სულისკვეთებაზე ხომ ვერ ვისაუბრებთ, აქ საუბარია ოფიციალურ შეფასებაზე. მე არ ვარ რიგითი მოქალაქე, რომელმაც საკუთარ სულისკვეთებაზე შეიძლება ისაუბროს, მე ვსაუბრობ მმართველი პარტიის სახელით, მე ვერ ვისაუბრებ ჩემს სულისკვეთებაზე. როცა სახელმწიფოს ექნება პოზიცია, ეს იქნება ასახული შესაბამის დოკუმენტში,“ - განაცხადა კობახიძემ.

დამატებით კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა პუტინის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად, კობახიძე პასუხობს, რომ საკუთარი პოზიციის გამოთქმის უფლება ასეთ მნიშვნელოვან თემაზე მას არ აქვს.

„საერთაშორისო თანამეგობრობას საკუთარი მყარი პოზიცია ამ თემებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ აქვს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმის მიხედვით გაგიზიარებთ ჩვენს პოზიციას. მარტივად არის საქმე. მე უფლებაც არ მაქვს ასეთ მნიშვნელოვან თემაზე საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო,“ - განაცხადა კობახიძემ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...