დახვრეტის მოლოდინში მყოფი ტიციან ტაბიძის ფრაზა, რომელიც მის შთამომავლებს დღემდე ახსოვთ
„შენ არასდროს შეგრცხვება ჩემი სახელის ხსენება, თუნდაც ცოცხალი აღარ ვიყო“ – უთხრა ტიციან ტაბიძემ 16 წლის ქალიშვილს, ნიტას.
ეს 1937 წელს მოხდა, პაოლო იაშვილის თვითმკვლელობიდან ცოტა ხნის შემდეგ. დემონსტრაციული თვითმკვლელობის მიზანი საბჭოთა რეპრესიების მიმართ პროტესტის გამოხატვა იყო.
თითქოს უახლოესი მეგობრის სიკვდილი არ კმაროდა, ტიციანი საქართველოს კომპარტიის ცეკას იმდროინდელ მდივანს, ლავრენტი ბერიას დაუბარებია და მოუთხოვია, გარდაცვლილი პაოლო იაშვილი უცხო ქვეყნის აგენტობაში დაედანაშაულებინა. ტიციანმა უარი უთხრა, შინ დაბრუნებული კი ერთადერთ შვილს დაჰპირდა, რომ მის გამო არასდროს შერცხვებოდა.
ამ დღიდან იწყება ტაბიძეების ოჯახში „მოლოდინის საშინელი თვეები“. სწორედ ასე აღწერს იმ პერიოდს ტიციანის შვილიშვილი, ნინო ანდრიაძე. მან დედისგან, ნიტა ტაბიძისგან იცის, რომ ბერიასთან საუბრის შემდეგ ტიციანის ცხოვრება მთლიანად შეიცვალა: მწუხარებისა და შფოთვის მომეტებული შეგრძნების გარდა, პოეტი გაურბოდა კომუნიკაციას მეგობრებთან, მეზობლებთან, ნათესავებთან თუ უბრალოდ ნაცნობებთან. შიშობდა, რომ საფრთხე, რომელიც აწ გარდაცვლილი მეგობრის ცილისწამებაზე უარის თქმის გამო მას ელოდა, სხვებზე არ გაევრცელებინა.
დასჯის მოლოდინის საშინელი თვეები 1937 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდა. ოქტომბრის ერთ ღამეს ტიციანი დააპატიმრეს. ამის შემდეგ იწყება დაბრუნების მოლოდინის საშინელი წლები: შვილი, ნიტა ტაბიძე და ცოლი, ნინო მაყაშვილი ტიციანს თითქმის 20 წელი ელოდნენ.
ამ ხნის განმავლობაში ღიად თუ მალულად, ოფიციალური პირებისგან თუ უცნობი ადამიანებისგან, მუდმივად ესმოდათ, რომ ტიციანი ცოცხალი იყო და ერთხელაც, აუცილებლად დაბრუნდებოდა გადასახლებიდან. მოლოდინი ცეკას პირველი მდივნის, იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ გამძაფრდა, როცა ოჯახმა ტიციანის რეაბილიტაციის საბუთი მიიღო. თუ დამნაშავედ აღარ მიიჩნევა, ესე იგი, დააბრუნებენ — ფიქრობდნენ ნიტაცდა ნინო ისე, რომ ზუსტად არც იცოდნენ, რა ბრალდებით დააკავეს ტიციანი. მალევე, ოჯახმა ახლი უწყება მიიღო. წერილში ეწერა, რომ ტიციან ტაბიძე 1937 წლის დეკემბერში, ჯაშუშობის ბრალდებით დახვრიტეს.
ასე დასრულდა მოლოდინის საშინელი წლები.
ამის შემდეგ ტიციან ტაბიძის ოჯახში დაიბადა ჯერ გივი, შემდეგ კი ნინო ანდრიაძე — მისი შვილიშვილები. სწორედ ნინო ანდრიაძე, ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გვიყვება ბაბუის ცხოვრების, დაპატიმრების, მისი მოლოდინისა და მემკვიდრეობის შესახებ.
ტიციანის მემკვიდრეობა
ყოველთვის ძალიან მეამაყებოდა, რომ ტიციანის შვილიშვილი ვარ. არასდროს მქონდა ის მომენტი, რომ მოღალატის, ან მტრის შვილიშვილი ვყავი. მე რომ დავიბადე, რეაბილიტაცია უკვე მომხდარი იყო და ტიციანს, როგორც პოეტს, უკვე დიდ პატივს სცემდნენ.
1937 წელს, როცა დაიწყო ეს საშინელი რეპრესიები, პაოლო იაშვილმა, რომელიც ტიციანის საუკეთესო მეგობარი იყო, მწერალთა სახლში თავი მოიკლა. ბერიამ დაიბარა ტიციანი და უთხრა, რომ უნდა დაწეროს იმის შესახებ, თითქოს პაოლო იყო საფრანგეთის აგენტი. ტიციანმა უარი განაცხადა. ბერიამ ასეთი რამე უთხრა — შენ ძალიან ბევრი რამე დაგრჩა გასაკეთებელი, ბევრი ლექსი დასაწერი, მთელი ცხოვრება წინ გაქვს, პაოლო უკვე აღარ არის ცოცხალი, რა იქნება, რომ ამ ორ სიტყვას ხელი მოაწეროო?! ამით გათავდება ყველაფერი და შენ გააგრძელებ შენს საქმიანობასო. ტიციანმა უპასუხა, მე თუ ამას ხელი მოვაწერე, მაშინ არც ჩემ პოეზიას, არც მუშაობას, არც ცხოვრებას აზრი არ ექნებაო. მობრუნდა სახლში, შევიდა თავის ქალიშვილთან, 16 წლის ნიტასთან და უთხრა: მამიკო, შეიძლება მე აღარ ვიყო, შეიძლება, დედაშენიც აღარ იყოს, მაგრამ იცოდე ყოველთვის, რომ არ შეგრცხვება ჩემი სახელის ხსენების და არ გაწითლდები, როცა მე გამიხსენებენო.
„არავინ განსაჯო“
ბერიასთან საუბრის შემდეგ, დაიწყო მოლოდინის საშინელი თვეები. იცოდა, რომ აუცილებლად დააპატიმრებდნენ — დღეს თუ არა, ხვალ. სახლიდან გამოსვლა აღარ უნდოდა. არ უნდოდა არავის მიღება სახლში. ფიქრობდა, რომ თუ ვინმე მივიდოდა მის სანახავად, ისიც საფრთხის ქვეშ ჩავარდებოდა.
სულ ეუბნებოდა ნინოს, მე თუ წამიყვანეს და ჩემი მეგობრები არ გამოჩნდებიან, არასოდეს გეწყინოსო. მჯერა, ყველანი ეცდებიან დაგეხმარონ, მაგრამ ერთი რამე იცოდე — გმირობას ნურავისგან ელი, გმირები ძალიან ცოტანი არიან, კაცმა არ იცის, ვინ რას გააკეთებს. შეიძლება, ვერ გაუძლებენ წამებას. ახალგაზრდები არიან, არ იცი, რას ეტყვიან და როგორ გააწამებენ. ამიტომ, არასდროს განსაჯო ადამიანიო.
მართლაც ასე მოხდა: ბოლო დღეებში, როცა მართლა ძალიან ცუდად იყო ტიციანი, ნინო ქუჩაში ვიღაც ნაცნობს შეხვდა. იმან მოიკითხა ტიციანი და ნინომ უთხრა, ისეთ დღეშია, სულ მეშინია, პაოლოსავით თავი არ მოიკლასო. იმავე დღეს, აი, ამ ნაცნობმა მიიტანა ეს ამბავი, სადაც საჭირო იყო. ეტყობა, იფიქრეს, ამანაც თავი არ მოიკლასო და იმავე დღეს დააპატიმრეს. ვინ იყო ის ადამიანი, არ ვიცით. ბებიას არასდროს უთქვამს. შეიძლება, დედას უთხრა, მაგრამ არც დედას უთქვამს. მე არ გამიგია მათგან არც ამ ადამიანის და არც სხვა ვინმეს განკითხვა.
დაპატიმრება
ღამე მოვიდნენ, დაახლოებით, 03:00-ზე. სწორედ ამ დროს გაჩერდა საათი, რომელიც აღარ გაკეთდა. თუმცა, დღემდე ვინახავთ.
კარი ნიტამ გაუღო. რაღაც ნივთებიც წაიღეს. მაგალითად, ფიროსმანის ნახატი, წერილები. ბლოკნოტი წაიღეს, სადაც ტიციანის მეგობარი მწერლები ნიტას ჩანახატებს უწერდნენ. უკითხავს, ეს რატომ მიგაქვთ, ეს ჩემიაო და იმათ უპასუხიათ, მამა მიგვყავს და ამის დარდი გაქვსო?!
ბებია ერთ ღამეში გაჭაღარავდა. დედა ამბობდა, პირველი ღამე იყო, როცა წყნარად დაიძინა ტიციანმაო. იქამდე, თურმე, სულ ძალიან მშფოთვარე მდგომარეობაში იყო და ვერ იძინებდა.
დაპატიმრების შემდეგ
ტიციანის დაპატიმრების შემდეგ საშინელი პერიოდი დაიწყო. ძალიან გაუჭირდათ. თუმცა, ბევრი ადამიანი ეხმარებოდა. მაგალითად, ერთი მუშა იყო, ტვირთის მზიდავი მუშა, რომელსაც თავის დროზე ტიციანი დახმარებია. ეს მუშა მოდიოდა და რაღაცები მოჰქონდა. მისმა ცოლმა ბებიას ასწავლა პომ-პომების გაკეთება ქუდზე და იმით ირჩენდნენ თავს.
მოდიოდნენ მეყვავილეები, რომლებსაც ტიციანისთვის ყოველთვის მოჰქონდათ მიხაკები. მოდიოდნენ ნებისმიერ ამინდში — ზამთარში, ზაფხულში. თან, სხვადასხვა მეყვავილეები იყვნენ, მორიგეობა ჰქონდათ. ერთხელ, საშინელი ყინვა ყოფილა და ვერ იშოვეს ეს მიხაკი. ერთ-ერთს ქუჩაში, ვიღაცის ფანჯრის რაფაზე დაუნახავს, მისულა და უთხოვია, მომეცით ეს მიხაკი, ტიციანისთვის მინდაო. იმასაც მიუცია.
აღარაფერს ვამბობ ტიციანის მეგობარ მწერლებსა და პოეტებზე. ნინომ, ტიციანის მეუღლემ, შეინარჩუნა მათთან ურთიერთობა, განსაკუთრებით, ბორის პასტერნაკთან. როცა ტიციანის დაპატიმრების ამბავი შეუტყვია, პასტერნაკს წერილი გამოუგზავნია — მე გული ამომაჭრეს, მაგრამ უნდა ვიცოცხლო, რადგან ორი ოჯახი მყავს, თქვენი და ჩემიო.
მართლაც, არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ დახმარებოდა. ნინოს სთხოვდა, რომ გაეკეთებინა პწკარედები [ლექსების თარგმნა სიტყვა-სიტყვით], რომ ფული ისე გამოეგზავნა, უხერხულობის მომენტი არ ყოფილიყო. იწვევდა მასთან მოსკოვში, ან აგარაკზე.
დაბრუნების მოლოდინი
სულ იყო ხმები, რომ ტიციანი ცოცხალია. ნიტამ სპეციალურად ჩააბარა რუსულ ფილოლოგიაზე, რომ ციმბირში წასულიყო იმ შემთხვევისთვის, თუ ტიციანის ადგილსამყოფელს დაადგენდნენ. ნინოსაც, იმ გაჭირვების წლებში, სახლიდან არაფერი გაუყიდია. ყველა ნივთს ინახავდა და ამბობდა, ტიციანი რომ დაბრუნდება, დახვდებაო. რამე ახალს რომ შეიძენდა, მაშინაც ტიციანს ახსენებდა — გაუხარდება, როცა დაბრუნდება და ნახავსო.
არსებობს 1945 წლით დათარიღებული წერილი, რომელსაც ნინო სწერს პასტერნაკს და ატყობინებს, გავიგეთ, რომ ტიციანი ცოცხალიაო:
„მინდა გაგახაროთ. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ოფიციალურად გამომიცხადეს, ტიციანი ცოცხალი და ჯანმრთელია. 4 დეკემბრისთვის გამოგვიძახეს ენკავედეში. ნიტას შესვლის ეშინოდა, მაგრამ ბოლოს გაბედა. თბილად მიიღეს და უთხრეს, რომ ტიციანი ცოცხალი და ჯანმრთელია და მისი პირადი განცხადებით მის საქმეს გადასინჯავენ …“
კიდევ ერთ-ერთ წერილში ნინო წერს, მეზობელი შემოვიდა ჩემთან და მომიყვა, რომ მისი ნაცნობი ციხეში ტიციანთან ერთად ყოფილა. კარგად არის და ჯანმრთელად, ალბათ, მალე გამოუშვებენო, უთქვამს.
„13 რიცხვში ჩემთან მოირბინა ჩემმა ყოფილმა მეზობელმა. ენკავედეში ყოფილა. მისი ქმრის მეგობარს, რომელიღაცა გამომძიებელს პოლკოვნიკის ჩინით, უთქვამს, რომ მისი ყოფილი მეზობლის, ტიციან ტაბიძის საქმე გადაისინჯა და რადგან მასზე არაფერი აღმოჩნდა, გაამართლეს და ის სახლში დაბრუნდება სრულიად აღდგენილი უფლებებით.“
ეტყობა, პოლიტიკა იყო ასეთი, მიზანმიმართული, რომ ბოლომდე სიმართლეს არ გეუბნებოდნენ და რაღაც იმედს გიტოვებდნენ. არ ვიცი, რატომ იყო ეს საჭირო.
1953 წლის შემდეგ, როცა უკვე სტალინიც აღარ იყო ცოცხალი, რეაბილიტაცია მოხდა. ამის შემდეგაც, სულ ჰქონდათ იმედი, რომ ცოცხალია. სწორედ რეაბილიტაციის შემდეგ არის გამოგზავნილი პასტერნაკის წერილი, სადაც ის ნინოს სწერს: როცა გაათავისუფლებენ გელოდებით, ჩამოდით შენ და ტიციანიო.
შემდეგ, უკვე 1955 წელს, ნინო აგზავნის ასეთ წერილს პასტერნაკთან:
„მე, რა თქმა უნდა, ვამზადებდი ჩემს თავს, რომ ტიციანს ვეღარ ვნახავდი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, მომიწევდა იმის გაგება, რომ ის დახვრიტეს 1937 წლის დეკემბერში, საშინელი ტანჯვის მერე …“
ეს მთელი ამბები, რომ ცოცხალია, რომ სადღაც ნახეს, რომ ციმბირშია, ამანათები, რომლებსაც უგზავნიდნენ და ა.შ. ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა.
როცა არქივი გახსნეს, ცნობილი გახდა, რომ აბრალებდნენ ჯაშუშურ საქმიანობას. თითქოს, თანამშრომლობდა ლატვიის ელჩთან, ბალტრუშაიტისთან. ეკითხებიან, რა გაკავშირებდა მასთანო და ტიციანი ეუბნება, ვიცნობდი როგორც მწერალს, შევხვედრივარ მოსკოვში, როცა იქ ვსწავლობდი, უნდოდა ვეფხისტყაოსნის გადათარგმნა და ვსაუბრობდით ამაზე.
საშინელი წამების შემდეგ მოაწერინეს ხელი, თითქოს ისიც, პაოლოსავით საფრანგეთის ჯაშუში იყო. წამების დროს ჰკითხეს, კიდევ ვისთან ჰქონდა ურთიერთობა, ვინ არიან თქვენი თანამოაზრეებიო. გიორგი სააკაძე დაასახელა. გახარებიათ, ახალი „მტერი“ რომ გამოჩნდა. სად არისო, სად ვეძებოთ ეს გიორგი სააკაძეო. ნოსტეშიო, უთქვამს [სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში] და წასულან ნოსტეში გიორგი სააკაძის მოსაძებნად.
სტალინი
1937 წელს დახვრეტილი ბევრი ადამიანის ოჯახის წევრებმა სტალინი ცხარე ცრემლებით დაიტირეს. მაგალითად, დეიდაჩემი, ტიციანის დის შვილი, ამბობდა ხოლმე, რომ გავიგეთ სტალინი მოკვდაო, მოვკვდით ტირილითო. იმ პერიოდში სტალინი მაინც დიდი ფიგურა იყო. ასე ეგონათ, იმის ყურამდე არ იყო მისული ეს ამბები. როგორ არ იცოდა?! როგორ შეიძლება არ სცოდნოდა რაც ხდებოდა?!
ეგ კი არა, წარმოიდგინეთ, ერთხელ ჩვენთან მოვიდა სტუმრად სტალინის ქალიშვილი, თავის შვილთან ერთად. ხომ დაცინვაა?! პატარა ვიყავი მაშინ, სკოლაში ვსწავლობდი. დედაჩემმა მითხრა იმ გოგოზე, წაიყვანე, გაართეო. მე ვუთხარი, რაღა სტალინის შვილიშვილი უნდა გავართო, რანაირი ადამიანი ხარ, დამანებე თავი-მეთქი. რა დააშავა იმან, ისიც ხომ როგორი ცოდოაო, მიპასუხა. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა.
ტიციანის საფლავი არ არსებობს
1965 წელს ტიციანის მეუღლე, ნინო მაყაშვილი გარდაიცვალა. ის დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. გოგლა ლეონიძემ მის საფლავზე ასეთი სიტყვა წარმოთქვა: ჩვენ ტიციანის საფლავი არ ვიცით, მაგრამ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ორივე ამ საფლავში განისვენებსო.
2011 წელს მთაწმინდის პანთეონში გააკეთეს 1937 წელს რეპრესირებული მწერლების, პოეტებისა და საზოგადო მოღვაწეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, სადაც ტიციანიც არის მოხსენიებული.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.