Jump to content
Planeta.Ge

რობინ დანიგანი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაზე - გადაწყვეტილება სამწუხაროა, თუმცა, გაუგებარი არ არის - ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს მათ შორის, მმართველი პარტიის წევრების მხრიდან, ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა


ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა, გაუგებარი არ არის - ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს გარკვეული პირებისგან, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრებისგან და ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა, - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი, აშშ-ს თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, ამის ფარგლებში კი, სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება.

რობინ დანიგანის თქმით, ახლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადახედვის პროცესი მიმდინარეობს.

„ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის, ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრეთ და სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა, შესაბამისად, ამ კონტექსტში მოხდა აღნიშნული წვრთნების გაუქმება, რადგან ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს გარკვეული პირებისგან, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრებისგან და ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა. სწორედ ამიტომ სამწუხაროა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები დაბალანსდება”, - განაცხადა რობინ დანიგანმა.

შეგახსენებთ, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ გადახედვის ნაწილად, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში სწავლებებს „ღირსეული პარტნიორი“, რომელთა ჩატარებაც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი.

„30 მაისს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა დაიწყო. „ღირსეული პარტნიორის” ამ სწავლების გადადების შესახებ გადაწყვეტილება გამოწვეულია საქართველოს მთავრობის მხრიდან შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ ყალბი ბრალდებებით, თითქოს ისინი საქართველოზე ზეწოლას ახდენენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას, რათა უკრაინისგან ზეწოლა მოხსნას, და თითქოს ისინი მმართველი პარტიის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების ორ მცდელობაში მონაწილეობდნენ. შედეგად, შეერთებული შტატების მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლა საქართველოში ფართო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარებისთვის შესაბამისი დრო არ არის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...