Jump to content
Planeta.Ge

გამარჯობა, აფხაზეთო შენი


ნაწილი 1 

image.jpeg

აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სოხუმში პირველად 2001 წელს ჩავედი და ათი დღე დავრჩი. ეს იყო საკმაოდ მძიმე, შერეული ემოციებით და განცდებით სავსე მოგზაურობა, დაწყებული ენგურის ხიდზე ფეხის შედგმიდან ახალი ათონის მამათა მონასტრამდე და უკან.
ყოველ ნაბიჯზე, ყველაფერს ეტყობოდა ომის სასტიკი კვალი და აქეთ-იქით გახედვა მიჭირდა, თუმცა კი ბევრი ადგილი გადარჩენილი იყო და პირვანდელი სახე შეენარჩუნებინა. გავივლიდი ქუჩებში, სადაც ჩვეულებრივად მიმოდიოდა ხალხი, თითქოს ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც ომამდე და უცებ შემეფეთებოდა ჭურვისგან ნახევრადდანგრეული სახლი, რომლის შიგნითაც ველური ხე-მცენარეები ამოსულიყო და ქოლგასავით გადაჰფარებოდა უპატრონოდ დარჩენილ ნასახლარს. განსაკუთრებით მემძიმებოდა იმ ცარიელი ეზო-კარის დანახვა, რომელიც საღ-სალამათი გადაჰრჩენოდა ომს და რომ არა ეზოში აბიბინებული ანწლი და ამბროზია, ვერც იფიქრებდი, რომ მიტოვებული იყო, მის ალაყაფზე კი მხვდებოდა რუსული წარწერა:
занято (დაკავებულია). ვიდექი, ხოლმე, ასეთი სახლის ჭიშკართან და წარმოვიდგენდი, ომამდე იქ როგორი ჟრიამული იდგა, როგორი ბედნიერები იყვნენ მისი ბინადარნი, როგორ უხაროდათ ყოველი დღის გათენება და დღეს ღმერთმა იცის, სად არიან, რა განსაცდელი გამოიარეს, ვის შეაფარეს თავი, იქნებ, საერთოდაც გადაიხვეწნენ საქართველოდან?.. მათ ნაშენებ და ნალოლიავებ სახლში კი მალე ვიღაცა უცხო უნდა შესახლდეს, ვითომც არაფერი, ისე უნდა დაეპატრონოს!..

ამაზე ფიქრი მკლავდა და მანადგურებდა.

ცრემლებამდე მწარე აღმოჩნდა ჩემთვის, სოხუმის ბოტანიკური ბაღში სეირნობისას ბამბუკების ხეივანში მოხვედრაც, სადაც ქართულად ამოფხაჭნილი სახელები აღმოვაჩინე: ნიკა, ნანა, თეა, მაკა, ზური... ეტყობოდა, ნორჩ ბამბუკებს ქართველი ახალგაზრდები სადაც სწვდებოდნენ, იქ აწერდნენ თავიანთ სახელებს. ის ბამბუკები უკვე გაზრდილიყო და გადიდებული ქართული ასოებიც მაღლიდან დამყურებდნენ. მეც ხმამაღლა ვკითხულობდი ამ სახელებს და ტკივილისგან გული მეკუმშებოდა. ვფიქრობდი, რამდენ წყვილს უსეირნია, ალბათ, აქ, რამდენი მოსულა პაემანზე, რამდენი თბილი შეხვედრის მომსწრეა აქაურობა და სად არიან ახლა ის ბავშვები, ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ ადგილას ხვდებოდნენ ერთმანეთს, აქ უყვარდათ სეირნობა, სად მიმოფანტა ომის მსახვრალმა ხელმა? 

ბოტანიკური ბაღიდან გამოსული გავხედავდი ბარათაშვილის სადგურის თეთრ, ულამაზეს ნაგებობას და აქ კიდევ სხვა სურათი წარმომიდგებოდა: როგორ ჩამოიშლებოდნენ, ხოლმე, დილაობით თბილისი-სოხუმის მატარებლიდან ამ ბაქანზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ქართველები და გაეშურებოდნენ ზოგი თავ-თავიანთი სახლებისკენ, ზოგი - ნათესავებისკენ. ცალკე სევდას ეს უფუნქციო სადგური მგვრიდა, რომელიც დღემდე ასევე უფუნქციოდ დგას და თანდათან კარგავს იერ-სახეს. უარეს მდგომარეობაშია კელასურის სადგური, რომლის ამჟამინდელი მდგომარეობა მოყვარესაც გულს დასწვავს და ვერც მტერს გაახარებს.

ერთადერთი სადგური, რომელიც დღეს სოხუმში თავის მოვალეობას ნაწილობრივ ასრულებს, ცენტრალური სადგურია, რომელიც ომის შემდეგ არ გარემონტებულა და მის ტერიტორიაზე არც რამე სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარებულა. ეს ფაქტი თავად რიგით აფხაზებსაც ძალიან აწუხებთ და მიიჩნევენ, რომ ამდენი წლის განმავლობაში აუცილებელი იყო მისთვის სრულყოფილი რემონტის ჩატარება, რათა თანამედროვე სტანდარტების ვაგზალს დაჰმსაგვსებოდა.

image.jpeg

ვაგზლის გარდა დღეს სოხუმში და ზოგადად აფხაზეთში ბევრი რამეა ისეთი, რაც თანამედროვე სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, თუმცა ბევრი რამ მაინც ისევ იმდენად დიდებული და უნიკალურია, არც არის საჭირო, ადამიანმა ხელი ახლოს.

ამბავი არეულ დარეულად რომ არ გამომივიდეს, ვეცდები, თანმიმდევრულად მივყვე და მოგიყვეთ, რაც ამ ჯერზე ვნახე და განვიცადე.

თავში მოგახსენეთ, რომ 1992-93 წლების ომის შემდეგ, პირველად 2001 წელს ვეწვიე აფხაზეთს, მას მერეც რამდენჯერმე მქონდა ბედნიერება, ჩავსულიყავი. ჩემი ბოლო მოგზაურობიდან 10 წლის თავზე, კიდევ ერთხელ მოვახერხე ამ ზღაპრულ მხარეში სტუმრობა. ეს მოხდა ჩემი აფხაზი ნათესავების ძალისმხევით, რომელთაც  სპეციალური მოწვევა გამიკეთეს და 17 სექტემბერს სრულიად მშვიდად გადავედი ენგურს გაღმა.

პროცედურები მარტივია, ენგურის ხიდის ბოლოში ჯერ რუსების საგუშაგოზე გიმოწმებენ საბუთებს, შემდეგ უკვე ჭუბურხინჯის ტერიტორიაზე - აფხაზების საგუშაგოზე და მიდიხარ საითაც გინდა და რითიც გინდა, კერძო თუ სამარშრუტო ტაქსით.
მე ნათესავები ადგილზე დამხვდნენ, ჯერ გალში შევიარეთ, მოგვიანებით სოხუმისკენ გავემართეთ და დღის 3 საათზე, უკვე, იქ ვიყავი. ამინდის ტემპერატურა 32 გრადუსი დამხვდა, ამიტომ დროის დაკარგვა არც მიფიქრია და ეგრევე ზღვისკენ გავეშურე, რომელიც ჩვენგან სულ ორასიოდე მეტრში იყო.

უჩვეულო არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ნაპირზე ძირითადად რუსები დამხვდნენ, კაცები, ქალები, ბავშვები. მართალია, ახალგაზრდებიც ბლომად იყვნენ, მაგრამ დამსვენებელთა შორის, ადრიან შემოდგომაზე მაინც უფრო ასაკოვნები სჭარბობდნენ.

ცოტა უცნაურად მომეჩვენა, რომ ზღვაში ჩასულს, რამდენიმე რუსი მომიახლოვდა და ბანალურ თემებზე, ამინდზე, ზღვაზე, იქაურ გარემოზე გამიბეს საუბარი. გამიკვირდა, მაინც და მაინც ჩემთან რომ მოუნდათ აღფრთოვანების გაზიარება, რადგან ამაზე ერთმანეთთანაც შეეძლოთ ელაპარაკათ. ჩემით დაინტერესების მიზეზს მაშინ მივხვდი, როცა მათი მზერა ჩემს გულზე დაკიდებულ კულონზე დავიჭირე. ვერცხლის ჯაჭვზე საქართველოს რუკის ფორმის ვერცხლისავე კულონი მეკეთა და ადვილი წარმოსადგენია, სოხუმის ზღვაში მოჭყუმპალავე ქალის გულ-მკერდზე მოელვარე საქართველოს რუკის დანახვა რუსების სახეებზე როგორ გაოცებასაც გამოიწვევდა.

image.jpeg

რაც შეეხება თავად სოხუმის პლიაჟს და  ზოგადად, მთლიანად აფხაზეთის საზღვაო კურორტების სანაპიროს ინფრასტრუქტურას, დასაძრახი არ იქნება, თუ აღვნიშნავ, რომ წინა წლებთან შედარებით ბევრად გამართული და მოწესრიგებულია. ყველგან არის გასახდელები, ქოლგების და შეზლონგები გაქირავება, სერფერებისთვის საჭირო ატრიბუტები, მოქმედებს ბუნგალოები, ღია კაფეები, სანაპიროც და ბულვარებიც მუდმივად სუფთავდება. ჩემდა გასაკვირად, სადაც კი ფეხი დავდგი, პარკებში, სკვერებში, ღისშესანიშნავ ადგილებში, ქალაქის ცენტრსა თუ შემოგარენში, თვალს ეამა საოცარი სისუფთავე; დანაგვიანებულ ადგილს ვერსად ნახავდით.

image.jpeg

დილით ადრიანად გავდიოდი ქალაქში და გვიან საღამოსაც ვსეირნობდი, მაგრამ ვერასდროს შევესწარი დასუფთავების პროცესს, ამიტომ გამოცანად დამრჩა, რა დროს ახერხებდნენ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოგროვებას ან გატანას.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან არის დანგრეული ქუჩები და ასფალტაყრილი ტროტუარები, მიტოვებული და მოუვლელი შენობები, ყველგან, სადაც კი გავივლიდი, მუდმივად მხვდებოდა, სპეციალურ შავ პარკებში უკვე მოგროვებული და სადმე კუთხეში ერთად მიწყობილი ნაგავი, რომელიც, ალბათ, დღის განმავლობაში გაჰქონდათ.

image.jpeg

მოვლილი პარკებისა და სკვერებისგან განსხვავებით, რასაც ადამიანის ხელი არ ეტყობა, სოხუმის დენდროლოგიური პარკია, სადაც მრავალი ათეული უნიკალური ჯიშის ხე ხარობს. თავის დროზე ეს პარკიც ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლებოდა, თუმცა დღეს, როგორც ჩანს, მისი მონახულების სურვილით არავინ იწვის და გარედან რომ შეხედავ, უსიერი ტყე გეგონება.  

დანგრეული გზები და სახლები ვახსენე და ეს თემა აუცილებლად უნდა განვავრცო. ის სახლები და ეზოები, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ და ომის-ქარცეცხლმა შეიწირა, შემდგომ უკვე, როგორც ,,ბეზხოზნოე ჟილიო“ (უპატრონო სახლი), ეგრეთწოდებულ სახელმწიფო ბალანსზე გადავიდა. მოგვიანებით ასეთი ტერიტორიების ნაწილი ადგილობრივმა თუ უცხოელმა (რუსმა) ბიზნესმენებმა შეისყიდეს და იქ სავაჭრო ცენტრები, საოჯახო ტიპის თუ სამ-ოთხსართულიანი სასტუმროები ააშენეს.

image.jpeg

დანარჩენი ჯერ ისევ სახელწმიფო საკუთრებაში რჩება. მიტოვებული, დანგრეული სახლების კედლები, რომლებიც ზოგან მთლიანად ჩამოშლილია და სრულიად გატყიურებული, ეს ცარიელი ეზოები და ნასახლარები იმდენად გულსაკლავი სანახავია, რომ ფოტოების გადაღებაც კი გამიჭირდა.  

სოხუმის ქუჩებიდან ბევრია რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი, ბევრი ისევ ისე დანგრეული დამხვდა, როგორიც წლების წინ იყო. ასევე არის სოფლის გზებიც, ზოგან მოასფალტებული, ზოგან - მოუვლელი და მოუწესრიგებელი.

ამ თემაზე თავად აფხაზებიც ხუმრობენ და ამბობენ, რომ რომელი პრეზიდენტიც აირჩიეს, ყველამ თავ-თავიანთი სოფლებისკენ გაიყვანეს გზა. მაგალითად, ბაღაფში ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდადან იყო და ჯგერდაში დააგებინა გზა, ხაჯიმბა იყო და -ტყვარჩელში, ახლა ბჟანიაა და ტამიშში დააგო ასფალტი. სხვათაშორის, ტამიშში არამარტო ასფალტი, მის სახელს უკავშირდება ტამიშის სანაპიროზე აშენებული სასტუმრო კომპექსი ,,ტამიშ ვილაჯი,“ რომელსაც ზაფხულის სეზონზე დამსვენებელი არ აკლია.

რაც შეეხება საქალაქთაშორისო გზებს, აუგს ვერ ვიტყვი, მოასფალტებული და მოწესრიგებულია ცენტრალური გზა, როგორც გალიდან სოხუმის მიმართულებით, ასევე სოხუმიდან გაგრისკენ. მგზავრთა გადაყვანას ყველა მიმართულებით კერძო მიკროავტობუსები და ტაქსები უზრუნველყოფენ, სოხუმის ცენტრალურ ვაგზალზე ძველებური წითელი ,,იკარუსის“ ნახვაც არის შესაძლებელი, რომელსაც  მგზავრები ფსოუმდე გადაჰყავს.

მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ფასები აქაურთან შედარებით ბევრად იაფია, ბენზინიც და დიზელიც თითქმის იმის ნახევარი ღირს, ვიდრე ჩვენთან (ბენზინის ფასი 50-52 რუბლი, დიზელი - 60-62), საქალაქთაშორისო მგზავრობა ძვირია. მაგალითად, ჭუბურხინჯიდან ანუ ენგურის ხიდის იქითა თავიდან გალამდე სულ რაღაც 15-20 წუთის გზაა, თუმცა მისი გავლა 100 რუბლი (4, 5 ლარი) ჯდება, გალიდან სოხუმამდე, დაახლოებით, 85 კილომეტრია, რომლის გავლასაც მინიმუმ 1 საათს ანდომებენ, მგზავრობა კი 350 რუბლი ღირს (15-16 ლარი). რა თანხაც სოხუმიდან ენგურის ხიდამდე მისვლისთვის დაგეხარჯებათ, ამდენივე დაგიჯდებათ სოხუმიდან გაგრამდე მგზავრობაც.

ამ ფასებთან შედარებით იაფია ქალაქის შიგნით გადაადგილება. ტროლეიბუსი, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედებს და სამი მიმართულებით ასრულებს რეისებს (ცენტრალური ბაზარი - ახალი რაიონი; ცენტრალური ბაზარი - ცენტრალური ვაგზალი; ცენტრალური ბაზარი - შუქურას რაიონი), სულ რაღაც 5 რუბლი (23 თეთრამდე) ღირს, ავტობუსი - 10 რუბლი (45 თეთრი), მიკროავტობუსი კელასურამდე - 30 რუბლი, ხოლო ვაგზლისკენ ან შუქურასკენ - მხოლოდ 20 რუბლი.

ტროლეიბუსების რეისებს შორის ხანგრძლივობა 20-30 წუთამდეც მერყეობს, ,,ბოგდანის“ ტიპის ავტობუსები და სხვადასხვა მარკის მიკროავტობუსები კი გაცილებით ნაკლები შუალედით მოძრაობენ.

ტროლეიბუსები მუშაობას საღამოს 6 საათისთვის წყვეტენ, ავტობუსები და მიკროავტობუსები კი ბოლო რეისებს საღამოს 19:30 -ზე ასრულებენ.    

აქვე, არ შეიძლება ორიოდე სიტყვა არ ვთქვათ ტრანსპორტზეც, ავტომანქანებზე, რომლის თითქმის ყველა ნაირსახეობას შეხვდებით აფხაზეთში, უძველესი მოდელის საბჭოური მარკებიდან დაწყებული, უახლესი ფირმის იაპონური მოდელებით დამთავრებული. ქუჩებში მოძრაობს როგორც მსუბუქი, ისე ნახევრად მსუბუქი, მაღალი გამავლობის და ყველგანმავალი ავტომობილებიც. ეს მანქანები აფხაზეთში, გემების საშუალებით, ძირითადად, იაპონიიდან ხვდება. ვინაიდან მათი განბაჟება დიდი თანხა არ ჯდება, ავტომობილების ფასებიც აქაურთან შედარებით იაფია, მაგრამ სამაგიეროდ, ორჯერ ძვირია მათი ნაწილები, ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, საშველს ისევ ენგურს გამოღმა პოულობენ.

ბუნებრივია, გაგიჩნდებათ კითხვა, რა არის აფხაზეთში მცხოვრები ხალხის შემოსავლის წყარო, რითი არსებობენ?

image.jpeg

შემოსავლის მთავარ წყაროს აფხაზეთში წარმოადგენს ტურიზმი და ვაჭრობა. ტურიზმთან დაკავშირებით საკმაოდ განვითარებულია სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი. როგორც სასტუმროს, ისე საზოგადოებრივი კვების ობიექტების მფლობელები მომსახურე პერსონალს საკმაო კარგ ანაზღაურებას უხდიან. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ რესტორნებსა და სასტუმროების სასადილოებშიც დიდი მოთხოვნაა მეგრელებზე, ამიტომ გალელი ქართველები, მათ შორის ახალგაზრდა გოგო-ბიჭებიც სეზონურად, თითქმის 6 თვე, სოხუმის, ახალი ათონის, რიწის, გაგრის სასტუმრო თუ კვების ობიექტებზე არიან დასაქმებულები. ამბობენ, რომ სოხუმსა და ახალ ათონზე გაცილებით მეტს უხდიან რიწასა და გაგრაში, რადგან იქ ტურისტების მეტი ნაკადი ჰყავთ და მომსახურებაც მეტი ღირს.

პროდუქტებს რაც შეეხება, მაღაზიებში იყიდება რუსეთსა და სომხეთში წარმოებული რძის თუ ხორცპროდუქტები, ტკბილეული, ადგილობრივ ნაწარმს და ყველა სახის ნედლეულს შეხვდებით სოხუმის ცენტრალურ ბაზარში, რომელიც ისევ თავის ადგილას, თარხნიშვილისა და კიროვის (ამჟამად იმამ შამილისა და არძინბას სახელობის) ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. მის მიმდებარედ გახსნილია სხვადასხვა დიდი თუ მცირე მაღაზია, სადაც საოჯახო ტექნიკა, სამშენებლო მასალები, ავეჯი თუ სხვა საჭირო ნივთები იყიდება. ტერიტორია დილით, ადრიანადვე ივსება ხალხით, ისეთი მოძრაობაა, ხშირად საცობებიც იქმნება და არის გნიასი და აფხაზური გადაძახილ-გადმოძახილი. ბაზარი ნაშუადღევს, დღის 3-4 საათისთვის იკეტება, მაღაზიები კი უფრო გვიანობამდეც მუშაობს.

image.jpeg

სოხუმის ბულვარში და ზღვის სანაპიროზე შეღამებულზე, ღამის 8-9 საათზეც ნახავთ ხის მერხებზე ჩამომსხდარ ან მოსეირნე ადამიანებს, რომელთა შორის, უმეტესობა ტურისტია. ადგილობრივები, ასეთ დროს, თუ რამე აუცილებელი საქმე არ აქვთ, გარეთ იშვიათად გამოდიან. უკვე გვიან კი, სადღაც 11-12 საათზე სოხუმის ქუჩები წყნარდება და ძალიან იშვიათად რომ რომელიმე მანქანის ჩაქროლებამ დაარღვიოს მყუდროება.
სხვათაშორის, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საძინებლის ფანჯარა პირდაპირ ყოფილი მშვიდობის პროსპექტზე (ამჟამად აიააირას ქუჩაზე) გადიოდა, მთელი 10 დღე-ღამის განმავლობაში, ერთხელ არ შევუწუხებივარ მანქანების ძრავების ისეთ ხმაურს, აქ ყოველ ღამე სპეციალურად რომ აგრუხუნებენ და ძილს მიფრთხობენ.

ახლა გამახსენდა, რომ ჩემდა გასაკვირად, სოხუმში არ მინახავს მოტოციკლეტები და მასზე ამხედრებული ეგრეთწოდებული ბაიკერები, რომლებიც თბილისში დღისითაც და ღამითაც არე-მარეს ხმაურით იკლებენ.

ეს აფხაზების კანონმორჩილებას და წესრიგის სიყვარულს რამდენად მივაწერო, არ ვიცი, ჩვენი არ იყოს, კანონმორჩილებით დიდად არც ისინი გამოირჩევიან. უფრო მეტიც, საჭესთან ნასვამებიც სხდებიან, გადაჭარბებული სიჩქარითაც მოძრაობენ, გზებზე უსაფრთხოების წესებს არად დაგიდევენ, ამიტომ ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება და მსხვერპლიც დიდია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ღამით სოხუმში ავტომანქანებისგან შექმნილი ხმაური ნამდვილად არ გამიგია.

შეიძლება ეს იმის გამო იყო, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, ,,ღამის ცხოვრების“ წესი იქ ნაკლებადაა მიღებული.

რადგან ღამის ცხოვრებას შევეხე, ორიოდ სიტყვა კრიმინალზეც უნდა ვთქვა. წინა რამდენიმე ჩასვლაზე აფხაზეთში, სულ გულისყურით ვიყავი და ხელჩანთა მუდამ ჩაბღუჯული მქონდა, რადგან დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ტრანსპორტში, მაღაზიაში, გაჩერებაზე ან ქუჩაში ვინმე რამეს მოგპარავდა. თავადაც არაერთხელ ვყოფილვარ შემსწრე, როგორ აპარებდა ქურდი გვერდით მდგომი ადამიანის ჩანთისკენ ან ჯიბისკენ ხელს და იქაურობას გავცლივარ, რადგან იქ, იმ ვითარებაში ვერაფერს გავაწყობდი და პრობლემას კი გადავაწყდებოდი. ამ მხრივ ახლაც დიდ სიფრთხილეს ვიჩენდი; ვიდრე ქუჩაში გავიდოდი, ძირითად თანხას სახლში ვტოვებდი, მობილურ ტელეფონს გულდაგულ ვინახავდი, ჩანთას ისევ ჩაბღუჯულად დავატარებდი და მამრობითი სქესის ყველა უცხო პირს გაფაციცებით ვადევნებდი თვალყურს, თუმცა საეჭვო ვერსად ვერაფერი დავნახე. მერე უკვე მასპინძლებსაც ვკითხე, კრიმინალის მხრივ რა მდგომარეობა იყო და გაქურდვის უნდა შემშინებოდა თუ არა. მითხრეს, რომ საბედნიეროდ მსგავსი შემთხვევები გაიშვიათდა, ქუჩასა თუ ტრანსპორტში უკვე აღარვინ ქურდობს; რომ კარგა ხანია, არავის გაძარცვის შესახებ არაფერი გაუგიათ; რომ კრიმინალური საქმიანობის ფარგლებში, ძირითადად, კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებები ან საქმეების გარჩევა თუ ხდება, ხოლო დანარჩენი წვრილმანი ქურდბაცაცები სხვა ქვეყნებში გავიდნენ და იქ ცდიან ბედს. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ უფრო დანდობილად დავიწყე სოხუმის ქუჩებში სიარული.

image.jpeg

აქვე, ბოლოში უნდა ვთქვა ის, რაც სოხუმში ჩასვლის პირველივე დღეებში გავაკეთე.
ყველა ჩვენგანს ჰყავს აფხაზეთიდან დევნილი მეზობელი, მეგობარი, ნათესავი... მეც მყავს უამრავი, ზოგმა ჭუბერი-საკენის ჯოჯოხეთი რომ გამოიარა, ზოგმა უკრაინული გემით რომ გამოაღწია ალმოდებულ სოხუმს, ზოგს რომ ტკბილი ბავშვობა დარჩა იქ და ზოგს - ახალგაზრდობა. ამ ადამიანებს შევეხმიანე, ვთხოვე, მოეწერათ თავიანთი მისამართები და შევპირდი, რომ წავიდოდი მათ ქუჩებზე და ფოტოებს გადავუღებდი მათ სახლებს. პასუხებმაც არ დაახანა. მეც ხან ერთ მისამართზე მივდიოდი, ხან - მეორეზე. სხვადასხვა რაკურსით ვიღებდი მათი სოხუმის სახლის ფოტოებსა და ვიდეობს, ვუგზავნიდი და ეს კიდევ ცალკე, დიდი სევდის საგანი იყო. თან მსიამოვნებდა, რომ მცირე სამსახურს ვუწევდი, მათი მშობლიური ეზო-კარის და გარემოს კადრებად ნახვის საშუალებას ვაძლევდი და თან თავს დამნაშავედ ვგრძობდი, რომ მე ვიყავი იქ, მათ სიზმრადქცეულ და მონატრებულ ადგილებს ვათვალიერებდი, თამამად დავაბიჯებდი იმ მიწაზე, სადაც ისინი დაიბადნენ, გაიზარდნენ, სადაც უყვარდათ, თავს ბედნიერად გრძნობდნენ და სადაც 30 წელია, თავად ფეხი არ ჩაუდგამთ.  

image.jpeg

 

    

 ირმა ბერიშვილი

 

 

 

 

 

Edited by irmaberi

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...