ცნობილი გახდა იუსტიციის საბჭოს წევრობის 5 კანდიდატი
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის მონაწილეები არიან: გიორგი ბურჯანაძე, დიმიტრი გაბუნია, მანუჩარ კაკოჩაშვილი, კახა წიქარიშვილი და თამარ ალფაიძე.
დღეს შესარჩევი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც ამ ეტაპზე კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას ამოწმებს.
ადმინისტრაციამ გაავრცელა კომისიის წევრის, თამარ ლალიაშვილის კომენტარიც:
„კონკურსანტების შეფასების მთავარი კრიტერიუმები უკვე გაწერილია, ეს კრიტერიუმები ემთხვევა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მოსამართლეთა თანამდებობებზე გამწესების კრიტერიუმებს. ეს არის კეთილსინდისიერების კრიტერიუმი, რომელიც ასევე მოხვდა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში მოსამართლესთან მიმართებით და კომისიაც სწორედ ამ კრიტერიუმით ვხელმძღვანელობთ. მეორე კრიტერიუმი ეს არის კონკურსანტის პროფესიონალიზმი, ანუ კვალიფიკაცია. ეს ორივე კრიტერიუმი ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ ამ პროცესში შეფასებისას გამოყენებულ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. ასევე მნიშვნელოვანია მედეგობა, ზეწოლებზე გამძლეობა, დამოუკიდებლობა“.
„კარგია, რომ ამ პროცესს დააკვირდებიან ეუთო/ოდირის წარმომადგენლები, რაც კიდევ უფრო მეტ სანდოობას შესძენს პროცესს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ, საბჭოში თუნდაც პრეზიდენტის მიერ დანიშნული ერთი წევრი იქნება ისეთი პირი, რომელიც გამოირჩევა როგორც პროფესიული უნარებით, ისე კეთილსინდისიერების მაღალი პრინციპებით და რომელიც, საბჭოში ამ კრიტიკულ ხმას გააჟღერებს და დასვამს იმ კითხვებს, რაც დასასმელია“, – განაცხადა გურამ იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას“, – განაცხადა კომისიის წევრმა გურამ იმნაძემ.
ადმინისტრაციის ცნობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის კანდიდატურების შერჩევის პროცესს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ექსპერტები გაუწევენ მონიტორინგს.
შესარჩევი კომისიის წევრები არიან:
- გურამ იმნაძე – სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- ქეთევან ერემაძე – ილიაუნის პროფესორი
- ბესიკ ლოლაძე – სეუ-ს პროფესორი
- ნონა ქურდოვანიძე – საიას თავმჯდომარე
- თამარ ლალიაშვილი – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი
- გიორგი დავითური – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
- ზურაბ ვარდიაშვილი – „პუბლიკის“ დირექტორი
პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება;
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის მთავარი ნაბიჯები ასახულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შედგენილ „ქართულ ქარტიაში. ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის და მათ შესახებ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეფასება-შემოწმება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კომისიის მიერ.
პრეზიდენტი უფლებამოსილია დისკრეციულად შეარჩიოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, მათგან, ვინც აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულის მიუხედავად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია, რომელიც პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა შესახებ.
პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს დანიშნავს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისისა“, – ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.