ევრო 2024 | უეფა-ს ოფიციალური გვერდი - საქართველოს წარმატება პატარა ქვეყნებისთვის ისტორიული მომენტია #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ის მერვედფინალში გასვლას უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა წერილი მიუძღვნა.
ახალი სახეები და მეტი სიურპრიზი: ევროპის ჩემპიონატი უფრო კონკურენტუნარიანი ხდება
„ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი ამაღელვებლად დასრულდა, რომლის შედეგებიც ხაზს უსვამს ევროპულ ფეხბურთში გუნდების სათამაშო დონის გათანაბრებას და აჩვენებს, თუ როგორ განვითარდა ტურნირი, რომელიც ევროსცენაზე გაბრწყინების შესაძლებლობას მეტ გუნდს აძლევს.
მათ შორის, ვინც ევრო 2024-ის მერვედფინალში თავისი გუნდის გასვლით გაიხარა, ქართველი გულშემატკივრების ხმა განსაკუთრებით ისმოდა – პორტუგალიის დამარცხებით (2:0) მათ პირველად იზეიმეს დიდ საფეხბურთო ტურნირზე პლეი ოფში გასვლა.
დებიუტანტი საქართველო პლეი ოფში შეუერთდა სლოვენიასა და რუმინეთს, რომლებიც ევროპირველობაზე 2000 წელს გამართული ჩემპიონატის შემდეგ დაბრუნდნენ. იმავდროულად, ავსტრიამ ტურნირის დაწყების წინ გაკეთებული პროგნოზები გააბათილა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა ურთულეს ჯგუფში, სადაც საფრანგეთი, ნიდერლანდები და პოლონეთი თამაშობდნენ.
ახალი შესაძლებლობა
შედეგები აჩვენებს, 2016 წელს დანერგილმა 24-გუნდიანმა სისტემამ როგორ გაზარდა უმაღლეს დონეზე მოასპარეზე გუნდების მრავალფეროვნება და, ამავე დროს, კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნა.
ევრო 2016-ზე უელსმა ნახევარფინალში ითამაშა, ხოლო დებიუტანტი ისლანდია პლეი ოფში გასვლით არ დაკმაყოფილდა და ინგლისის ნაკრები მერვედფინალში დაამარცხა, ევრო 2020-ზე დანია საუკეთესო ოთხეულში მოხვდა.
ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილზე გასული გუნდების პლეი ოფში თამაშის შესაძლებლობამ უფრო მეტ გუნდს მისცა სტიმული, ხოლო ზოგიერთ ნაკლებად საფეხბურთო ქვეყანას მომავალში დიდ ტურნირზე მოხვედრის იმედი გაუჩინა.
სულ უფრო არაპროგნოზირებადი ტურნირი
ევრო 2024-ზე საქართველოსა და სლოვენიის წარმატებები ისტორიული მომენტია პატარა ქვეყნებისთვის, მაგრამ ასევე ევროპის ჩემპიონატის მზარდი კონკურენტუნარიანობის მაგალითია.
24-ვე გუნდმა დააგროვა მინიმუმ ერთი ქულა. თითოეულ ჯგუფში პირველ და მეოთხე ადგილებს შორის ქულების სხვაობა (საშუალოდ 4,5 ქულა) ყველაზე დაბალი იყო ევრო 1996-ის შემდეგ, რომელშიც პირველად ითამაშა 16-მა გუნდმა. მიმდინარე ევროზე ჯგუფში სამივე მატჩი მხოლოდ ესპანეთმა მოიგო. უკრაინა, რომელიც საქართველოს მსგავსად ტურნირზე ერთა ლიგიდან მოხვდა, სამწუხაროდ, ვერ გავიდა ჯგუფიდან, რომელშიც ევროს ისტორიაში პირველად ოთხივე გუნდმა ქულების ერთნაირი რაოდენობა დააგროვა.
თანაბარი შესაძლებლობები
ევროპის ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობის გაზრდამ ხელი შეუწყო უეფა-ს მიზანს, გაზარდოს ევროპული ფეხბურთის კონკურენტუნარიანობა. ერთა ლიგის შემოღება ხსნის ახალ გზას ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, რაც ზოგიერთ პატარა საფეხბურთო ქვეყანას ისტორიულად უჭირდა და რაც გადამწყვეტია ფეხბურთის დონის ზრდისა და ინტერესის გასაძლიერებლად. ევრო 2024-ზე საქართველოს წარმატება არის უახლესი ნაბიჯი განვითარების პერიოდში, რომელშიც ერთა ლიგამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ფინანსური მხარდაჭერა ევროპული ფეხბურთის გაძლიერების კიდევ ერთი საშუალებაა. ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ ტურნირის შემოსავლის დაახლოებით ორი მესამედი უეფა-ს 55 წევრ ასოციაციაზე გადანაწილდება და ფეხბურთის განვითარებისთვის იქნება გამოყენებული“.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.