სანიოლი: ჩემი მომავალი? არასდროს იცი, რა მოხდება, თუმცა საქართველოში ბედნიერი ვარ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი აცხადებს, რომ საქართველოში მუშაობით ბედნიერია.
კითხვაზე, რა გეგმები აქვს მომავალში ფრანგ მწვრთნელს, სანიოლი ამბობს, რომ მომავალზე წინასწარ ვერ ისაუბრებს, თუმცა საქართველოში ყოფნით კმაყოფილია.
„ჩემთვის პატივია ვიყო იმ ბიჭების მწვრთნელი, რომლებმაც ამდენი სიხარული მომანიჭეს ამ 3.5 წლის განმავლობაში. ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში, ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ამ საოცარ ტურნირზე.
მომავალში არ ვიცი, რა მოხდება, არასდროს იცი, რა მოხდება ფეხბურთში, თუმცა ამჟამად ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში“, — ამბობს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი Talk Sport-თან ინტერვიუში.
გადაცემის წამყვანებმა ასევე ივარაუდეს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშის შემდეგ, სანიოლს არაერთი შეთავაზება ექნებოდა. „ალბათ, თქვენი ტელეფონი არ წყვეტს რეკვას“, — უთხრეს წამყვანებმა ფრანგ სპეციალისტს, რაზეც საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ხუმრობით უპასუხა, რომ ტურნირის დაწყებისთანავე მობილური ტელეფონი უხმო რეჟიმზე გადაიყვანა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის გადამწყვეტ, მე-3 თამაშში პორტუგალია 2-0 დაამარცხა და პლეიოფში გავიდა.
ქართველთაგან გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ჟორჟ მიქაუტაძემ (პენ.) გაიტანეს. საქართველომ ჩეხეთთან ნათამაშები ფრესა და პორტუგალიასთან მოგების წყალობით, ჯამში, 4 ქულა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე მე-3 ადგილით გავიდა. F ჯგუფში ჩეხეთი ჩარჩა.
ქართველი ქომაგები სადებიუტო ევროზე დაფიქსირებულ ისტორიულ შედეგს მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ გერმანიასა თუ საქართველოში. მერვედფინალში ქართველთა მეტოქე ტურნირის გამორჩეული ფავორიტი ესპანეთი იქნება. მატჩი 30 ივნისს, კვირას, 23 საათზე გაიმართება.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.