პოლონეთს და ბალტიის ქვეყნებს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვარზე თავდაცვის ხაზი სურთ
პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა, მოსკოვის მხრიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეებისა და სხვა მავნე მოქმედებებისგან დაცვის მიზნით, ევროკავშირს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ თავდაცვის ხაზი აშენებისკენ მოუწოდეს.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის მიწერილ წერილში ოთხი ქვეყნის ლიდერებმა, რომლებიც რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრებს იზიარებენ, განაცხადეს, რომ პროექტს, რომელიც 27 ქვეყნის ბლოკის დაცვას ითვალისწინებს, ყველა წევრის ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება.
„რუსეთთან და ბელარუსთან ევროკავშირის საზღვრის გასწვრივ თავდაცვის ინფრასტრუქტურის სისტემის აშენება დააკმაყოფილებს ევროკავშირის სამხედრო და ჰიბრიდული საფრთხეებისგან დაცვის მწვავე და გადაუდებელ აუცილებლობას. ამ ერთობლივი მცდელობის მასშტაბები და ხარჯები მოითხოვს ევროკავშირის თავდადებულ ქმედებას, რათა მხარი დაუჭიროს მას როგორც პოლიტიკურად, ასევე ფინანსურად“, - აღნიშნულია ოთხი ლიდერის წერილში.
ლიდერები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე თავდაცვის ხაზის დაგეგმვა და აშენება ნატო-სა და მის სამხედრო მოთხოვნებთან კოორდინაციაში უნდა განხორციელდეს.
Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ზოგიერთი დიპლომატის შეფასებით, ასეთი თავდაცვითი ხაზის მშენებლობა, დაახლოებით, 2.5 მილიარდი ევრო დაჯდება.
წერილს ევროკავშირის ლიდერების 27-28 ივნისის სამიტზე განიხილავენ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.