ხვიჩა კვარაცხელია - სანამ შანსი 1% მაინც გვაქვს, ყველა გუნდთან ვიბრძოლებთ ბოლომდე და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს საქართველოში ვთამაშობდი და ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ განაცხადა.
როგორც კვარაცხელიამ აღნიშნა, საქართველოს ნაკრები მოგებასთან ძალიან ახლოს იყო.
„ჩეხებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომაც არის საუკეთესო მეკარე.
რაც შეეხება დანარჩენს, ვფიქრობ, ჩვენც გვქონდა მომენტი და ბოლოს, საერთოდ მოგება შეგვეძლო. სანამ შანსი 1% მაინც გვაქვს, ყველა გუნდთან ვიბრძოლებთ ბოლომდე და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია.
ოპტიმალურ ფორმაში არ ვიცი ვარ თუ არა, ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებენ, იმის მიუხედავად, რომ ჩემ პოზიციაზე არ მიწევს თამაში. მე ვფიქრობ, რომ უკეთესადაც შემიძლია, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს არ ვარ.
რაც შეეხება საბას მომენტს, მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია, არაფერი ისეთი არ მოსვლია, რაც აქამდე არ გვინახავს, დარწმუნებული ვარ, შემდეგ ჯერზე გაიტანს", - განაცხადა კვარაცხელიამ, რომლის კომენტარს sportall.ge ავრცელებს.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.
26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.