Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    86
  • comments
    5
  • views
    172.426

შალვა ტაბატაძე: თუ დიპლომებს ვჩუქნით, რომ მერე კარგი სამსახურის შოვნა გაუადვილდეთ, ეს უკვე მახინჯი სისტემაა


blog-0429150001651149578.jpg

მწვრთნელობას სწორედ განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ქონა სჭირდება

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისთვის, რომლებიც ოლიმპიური ან პარალიმპიური თამაშების, ასევე საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორები გახდებიან, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.

ამის შესახებ ინფორმაცია გასულ ორშაბათს თავად პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა და ბრძანებაც ძალაში ამ დღიდან შევიდა.

ხსენებულ ბრძანებაში ისიც არის აღნიშნული, რომ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხულ პირს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასასვლელად მობილობის უფლება ეზღუდება.

მოქმედი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოების დიდ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია და არც თუ უსაფუძვლოდ. უმაღლეს სასწავლებელში ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით ჩარიცხვა, უპირველესად, თავად სპორტსმენებს აყენებს შეურაცხყოფას, შემდეგ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლს აკნინებს, რომელიც ძირითადად მომავალი მწვრთნელების და სპორტის მიმართულებით სხვადასხვა პროფესიის ადამიანების აღზრდას ემსახურება.

პრემიერის ბრძანება მავანს ერთგავარად უძლიერებს იმ ეჭვს, რომელიც წლების განმავლობაში ისედაც საკმაოდ გავრცელებული იყო, თითქოს, საქართველოს სპორტის აკადემია დაბალი დონის სასწავლებელი იყოს. ისიც კარგად გვახსოვს, ამ მოტივით, ახლო წარსული მისი გაუქმებაც რომ უნდოდათ.

არ ვიცით, რატომ მიიჩნია ხელისუფლებამ, რომ სპორტსმენებს ან მომავალ მწვრთნელებს ინტელექტი, მინიმალური უნარ-ჩვევები, ისტორიის, მათემატიკის ან მშობლიური ენის სრულყოფილი ცოდნა არ სჭირდებათ. საზოგადოებაში ისედაც დამკვიდრებულია აზრი (არა მარტო ჩვენთან), რომ სპორტსმენების უმეტესობა კუნთმაგარი და გაუნათლებელი ტიპები არიან. ეროვნული გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში ჩარიცხვის პერსპექტივა კი სავარაუდოდ, სწორედ ამ შეხედულების განმტკიცებას უქადის ჩვენს სპორტსმენებს. არადა, საბედნიეროდ, ძალიან ბევრ სახეობაში გვყავს განათლებული და ინტელექტუალი სპორტსმენები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხსენებული ბრძანების შეფასება განთლების მეცნიერებათა დოქტორს, შალვა ტაბატაძეს ვთხოვეთ.

- თქვენის აზრით, რატომ მიიღო პრემიერმა ეს გადაწყვეტილება, რა არის მისი მიზანი?

- რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ამის დასაბუთება და მიზანი ჩემთვის უცნობია. ზოგადად, უმაღლეს სასწავლებლებში სპორტსმენების შეღავათებით ჩარიცხვა და კვოტირება, ხშირად, საბჭოთა წარსულთან ასოცირდება, თუმცა რეალურად ასე არ არის. ცალკეული ადამიანებისთვის შეღავათების დაწესება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, უბრალოდ, ამას გარკვეული მიზანი უნდა ჰქონდეს.

დღევანდელ ვითარებაში, ბევრ ქვეყანაში ასეა, თუკი სპორტს აქტიურად მისდევ, შეიძლება აკადემიური თვალსაზრისით წარმატებული არ იყო, რადგან სპორტი და აკადემიური წარმატება, თითქოს, ერთმანეთთან შეუთავსებელია. ამიტომ ბევრი საგანმანათლებლო სისტემა ცდილობს ისეთი მოდელი შექმნას, რომ ადამიანები, ერთის მხრივ, სპორტის მიმართულებით იყვნენ წარმატებულები და ამავე დროს, აკადემიური მიმართულებითაც ჰქონდეთ განვითარების პერსპექტივა.

შესაბამისად, მსგავსი საგანმანათლებლო პოლიტიკა მათთან დაგეგმილი და განსაზღვრულია სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით. ეს ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს იმ მიზანს, რომ სპორტსმენები არა მხოლოდ სპორტზე, არამედ აკადემიურ განვითარებასა და განათლებაზეც იყვნენ ორიენტირებულები.

თუ პრემიერის გადაწყვეტილების მიზანი ეს არის, მაშინ ასეთი პოლიტიკა შეიძლება მისაღები იყოს, თუმცა მისი ბრძანება ვერ ჯდება არსებული გამოცდების სისტემის ფარგლებში. მაშინ უნდა გადაიხედოს მთლიანად ეროვნული გამოცდების სისტემა, უმაღლეს სასწავლებლებში მიღების სისტემა და ამ კონტექსტში განვიხილოთ ეს მიზანი. თუმცა მეეჭვება, რომ ეს აზრი იდოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

- სხვა რა მიზანი შეიძლება ვიგულისხმოთ?

- სხვა მიზანი შეიძლება იყოს ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაცია და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სპორტის გაძლიერება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს მიზანიც არ ჩანს ამ გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, მიზანს მოკლებული გადაწყვეტილების შეფასება ჩემთვის საკმაოდ რთულია, რადგან ის საგანმანათლებლო პოლიტიკას არ ემსახურება. არც ერთ ნაწილში არ ჩანს, რომ სპორტსმენებს უნდა მიეცეთ აკადემიური განვითარების შესაძლებლობა და არც მეორე ნაწილი ჩანს, რომ სპორტი გახდეს ახალგაზრდული და სტუდენტური ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტი.~

უფრო იმას ვხედავთ, რომ ინდივიდუალურად, არსებული საგამოცდო სისტემიდან გამონაკლისის სახით, ვიღაცას შესაძლებლობა უნდა მივცეთ, სპორტის აკადემიაში ჩაირიცხოს, რაც საგანმანათლებლო პოლიტიკის თვალსაზრისით, განსახილველიც არ არის.

ზოგადად, მიმაჩნია, რომ თუ რაღაც სტანდარტული სისტემა არსებობს, მას უნდა მიჰყვე და გამონაკლისები არ დაუშვა. ამასთან, წინააღმდეგი ვარ იმ სტანდარტების, რაც დღეს გვაქვს უმაღლეს სასწავლებლებში მიღების სისტემაში. თუ ამის გადახედვაზე იქნება საუბარი და ამ კონტექსტში რაღაც ცვლილებების შეტანაზე, გაცილებით უკეთესი იქნება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მიჭირს შევაფასო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საგანმანათლებლო კონტექსტიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ კონკრეტულ ადამიანებზე გარკვეული შეღავათების ინდივიდუალურად მორგებას ითვალისწინებს.

- სპორტსმენებისთვის მსგავსი შეღავათების გაწევა ხომ არ შეუწყობს ხელს მათ მიმართ დისკრიმინაციული შეხედულების გაღრმავებას, რომ ისინი მხოლოდ კუნთმაგარი და გაუნათლებელი ადამიანები არიან?

- სწორედ აქედან უნდა მომდინარეობდეს საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს სპორტსმენებისთვის ისეთი სისტემების შეთავაზებას, რომელიც ხელს შეუწყობს მათ აკადემიურ განვითარებას. თუ ადამიანი სპორტით არის დაკავებული, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ საგანმანათლებლო სისტემაში მისი ადგილი არ არის.

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებამ ნათლად აჩვენა მსგავსი ფაქტები. ბრიტანეთის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, არც ისე შორეულ წარსულში, მათი წარმატებული სპორტსმენებიდან ბევრი, რომლებიც სპორტს აქტიურად მისდევდნენ, მაგრამ აკადემიურ განათლებას ვერ იღებდნენ, საბოლოოდ კოტრდებოდნენ. იმიტომ, რომ არ ჰქონდათ შესაბამისი ცოდნა და განათლება, ვერ ხვდებოდნენ როგორ გამოეყენებინათ, უპრიანად როგორ დაებანდებინათ ის ფინანსები, რასაც სპორტის საშუალებით გამოიმუშავებდნენ. ამის გამო დადგა საკითხი, ეფიქრათ, როგორ შეეწყოთ ხელი იმისთვის, რომ სპორტის მიღმა ადამიანებს მიეღოთ აკადემიური განათლება და საგანმანათლებლო პოლიტიკის დაგეგმვა, სწორედ, აქედან დაიწყო.

ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველიც მსგავსი პოლიტიკა რომ იყოს, ეს მისაღები იქნებოდა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მიზანი არ ჩანს. სწორედ ესაა საგულისხმო. სპორტსმენს უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოდ რომ აბარებინებ და საქმეს უიოლებ, ხელშეწყობა კი არა, ცუდი სამსახურია. მათ სწავლაში უნდა შევუწყოთ ხელი. ამისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი საგანმანათლებლო პოლიტიკა, რაც გაითვალისწინებს სპორტსმენებისთვის სპეციალურ გრაფიკს და შეღავათებს, მაგრამ არა იმას, რომ უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოდ ჩაირიცხონ.

მეორე საკითხია, რამდენად შესაძლოა, სპორტისთვის თავის დანებების შემდგომ, იქ მიღებული განათლება ცხოვრებაში გამოიყენოს, თუ ეს არის მხოლოდ ფორმალური პროცესი?

- გამოცდების ჩაბარების გარეშე რომ მოხვდებიან უმაღლეს სასწავლებელში, გვქონდეს იმედი, რომ მერე იქ ისწავლიან რამეს?

- ამიტომაც ვამბობ, ამ გადაწყვეტილების მიზანი და იდეა სპორტსმენებისთვის ხელშეწყობის სურვილი უნდა იყოს, რომ მათ განათლება მართლა მიიღონ და არა ის, რომ ბარემ უმაღლესი განათლების დიპლომი ჰქონდეთ, რა იცი, რაში გამოადგეთ.

ასე იყო საბჭოთა კავშირის დროს, როცა დიპლომი თუ ჰქონდათ, უკეთესად შეეძლოთ სამსახურის შოვნა, ვიდრე დიპლომის გარეშე. აქ საუბარი სწორედ იმაზეა, რა ტიპის ცოდნას მიიღებენ ისინი უმაღლეს სასწავლებელში? თუ მაღალი დონის ცოდნის მისაღებად ირიცხებიან უნივერსიტეტში, მათთვის წინასწარ გარკვეული აკადემიური მომზადებაც არის საჭირო. თუ დიპლომებს ვჩუქნით, რომ მერე კარგი სამსახურის შოვნა გაუადვილდეთ, ეს უკვე მახინჯი სისტემაა, როგორც დიპლომების ჩუქება, ისე ნაჩუქარი დიპლომებით დასაქმების შესაძლებლობა. ამიტომ ყველა თვალსაზრისით ძალიან ცუდი შეთავაზებაა ეს, რაზეც ვსაუბრობთ.

- ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რადგან სპორტსმენებს შეეძლებათ უგამოცდოდ ჩაირიცხონ სპორტის აკადემიაში, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სპორტსმენებისთვის ან მომავალი მწვრთნელებისთვის აუცილებელი არაა გარკვეული უნარ-ჩვევების ან მშობლიური ენის, ისტორიის თუ ტექნიკური საგნების ცოდნა?

- რისთვის გვაქვს მაშინ ეროვნული გამოცდები? თუკი უნივერსიტეტში მისაღებად ის კოგნიტური და აკადემიური უნარები არ არის საჭირო, რასაც ჩვენ ვზომავთ ამ გამოცდებით, გამოდის, ვაღიარებთ, რომ გამოცდებს ტყუილად ვატარებთ. შეიძლება ეს მართლაც ასეა და ამ კომპონენტში დაგეთანხმოთ, მაგრამ თუ ამ ფაქტის აღიარება ხდება, მაშინ მთლიანად უმაღლესში მიღების სისტემის ცვლილებაზე უნდა იყოს საუბარი.

ხოლო, თუ სპორტსმენების შემთხვევაში, იმიტომ ვაბარებინებთ უმაღლს სასწავლებელში უგამოცდოდ, რომ მოუმზადებლები არიან და გამოცდებს ვერ ჩააბარებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვამბობთ, ის კოგნიტური და აკადემიური უნარები, რომელიც უმაღლესში სწავლას სჭირდება, ამ შემთხვევაში საჭირო აღარ არის. ანუ თავშივე ვაღიარებთ, რომ ვერ ისწავლიან და თუ ვერ ისწავლიან, რატომ ვაბარებინებთ? თუ ვამბობთ, რომ ვაბარებინებთ იმისთვის, რათა დიპლომი აიღონ, ეს მეორე ტიპის პრობლემაა. გამოდის, უმაღლესში სწავლა კი არ არის მთავარი, მთავრია დიპლომი. ასეთი მიდგომა ყველა ასპექტით პრობლემურია, რადგან არ დევს მიზანი და საგანმანათლებლო პოლიტიკა მთლიანობაში გააზრებული არ არის.

- ის ფაქტი, რომ წარმატებულ სპორტსმენებს სპორტის აკადემიაში შეუძლიათ უგამოცდოდ ჩარიცხვა, ხომ არ გულისხმობს იმას, რომ ამ დაწესებულებაში განათლების მხრივ ნაკლები მოთხოვნებია?

- სავარაუდოდ, იგულისხმება, რომ რადგან სპორტსმენები არიან, სპორტის მიმართულებით გააგრძელებენ მოღვაწეობას და იმავე სახეობაში მწვრთნელები გამოვლენ, რა სახეობის სპორტსაც მისდევენ. თუ გააზრებულად გავარჩევთ ამ თემას, მაინცდამაინც მწვრთნელობა რატომ უნდა აირჩიოს ამა თუ იმ სპორტსმენმა და მეორეს მხრივ, ასე ფიქრი, ერთგვარად, მწვრთნელის პროფესიის დაკნინებაცაა. გამოდის, თუ სპორტსმენი ხარ, ავტომატურად, შეგიძლია მწვრთნელიც იყო. არადა, ასეთი არასწორი მიდგომის გამო, ზოგადად მწვრთნელების პრობლემა რომ გვაქვს, ყველამ ვიცით.

ამ დროს, მწვრთნელობას სწორედ განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ქონა სჭირდება და ამისთვის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვა კი არა, ზუსტად რომ აკადემიური განათლების მიღება და გამოცდების ჩაბარებაა საჭირო!

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...