პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ
პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს – გიზო უბილავას, ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილს უსმენენ.
უზენაეს სასამართლოში 3 ვაკანტური თანამდებობაა.
ვინ არიან კანდიდატები?
ბადრი შონია ამ ეტაპზე არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. ის ე.წ. კლანთან დაკავშირებული მოსამართლეა. ცნობილია მის მიერ მიღებული არაერთი გახმაურებული გადაწყვეტილება, მათ შორის, „ბირჟა მაფიის“ საქმე – რეპერებს სწორედ მან შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. „მონიტორმა“ 2018 წელს მოამზადა მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ შონიას პროკურორად მუშაობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ, თუმცა საქმე ისე დაიხურა, რომ ინფორმაცია არ გასაჯაროებულა.
„კლანი სასამართლო სისტემაში არ არსებობს. ამას თუ კლანს ეძახით [იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა], არ ვიცი. [სანქციები] დარტყმა არ არის. ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულოთ. წყნარად, მშვიდად ვართ აბსოლუტურად ყველა, მთელი კორპუსი“, – ეს განცხადება გააკეთა შონიამ აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირების შემდეგ.
გიზო უბილავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა. მან 2022 წელს სოლიდარობა გამოუცხადა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს და აშშ-ში გამგზავრებაზე უარი თქვა.
„მორალური უფლება არ გვქონდა, რომ წავსულიყავით ამ ვიზიტით“, – განაცხადა მან.
გოჩა ჯეირანაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეა.
ის ერთხელ უკვე იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი 2019 წელს. მაშინ საკომიტეტო მოსმენაზე ჯეირანაშვილმა უარყო, რომ არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ გავლენებს განიცდიან. მისივე პოზიციით, სასამართლოში კლანური მმართველობა არ არსებობს.
ჯეირანაშვილის კანდიდატურას 2019 წლის 12 დეკემბერს არ დაუჭირეს მხარი. უზენაესის მოსამართლეების შესარჩევი მთელი პროცესი, რომელიც 2018 წელს 10-კაციანი სიის წარდგენით დაიწყო, რასაც საპარლამენტო უმრავლესობაში განხეთქილებაც მოჰყვა, დარღვევით და ხმაურით წარიმართა. პროცესი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ქრონოლოგიურად შეაჯამა.
უზენაეს სასამართლოში სამი ვაკანსიაა გამოცხადებული.
2023 წლის დეკემბერში უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეულმა მოსამართლემ, ალექსანდრე წულაძემ დატოვა თანამდებობა, რადგან ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ამასთან, ორ მოსამართლეს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერაშვილს 2024 წლის ოქტომბერში თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადა ეწურებათ.
2024 წლის 24 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭომ გადაწყვიტა, რომ კონკურსი გამოეცხადებინა არა მხოლოდ მოსამართლის ერთ ვაკანსიაზე, არამედ ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის ადგილზეც, 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე, ცხრა თვით ადრე.
„სასამართლო გუშაგის“ შეფასებით, ევრორეკომენდაციების შესასრულებლად გათვალისწინებული რეფორმების დაწყებამდე უზენაეს სასამართლოში კანდიდატების შესარჩევი პროცედურის დაწყება შეკითხვებს აჩენს, რადგან ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის პოზიციებზე შერჩევის პროცედურა უფლებამოსილების ამოწურვამდე 9 თვით ადრე დაიწყო.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.