„ტყეში ცათამბჯენებს არ აგაშენებინებთ" | აქცია საკრებულოს წინ იპოდრომთან მშენებლობის წინააღმდეგ
„ტყეში ცათამბჯენებს არ აგაშენებინებთ”, „იპოდრომის ტყეში მშენებლობა დანაშაულია”, „იპოდრომი არის უბეტონო მხარე”, – თბილისის საკრებულოს წინ დღეს აქცია გაიმართა.
მოქალაქეებმა რამდენიმე დღის წინ საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რის საფუძველზეც იპოდრომის მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა გახდება შესაძლებელი. კერძოდ, საკრებულომ შეცვალა ტერიტორიის ე.წ. ზონალური სტატუსი. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით ტერიტორიაზე დადგენილი იყო სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) და სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2).
„ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ შეჩერდეს ეს უკანონო გადაწყვეტილებების კასკადი, რომელსაც უკვე წლებია ვუყურებთ.
ჯერ დაიწყეს ცენტრალ-პარკის პროექტი, რასაც 4 წელია, რაც ჩვენი სამეზობლო თემი აპროტესტებს. ვერანაირად ვერ გავაგებინეთ ამ ადამიანებს, რომ ჩვენ უკვე გვქონდა არაჩვეულებრივი პარკი და ერთადერთი რაც მას სჭირდებოდა იყო გაჯანსაღება, ხე-ნარგავებისა და მწვანე საფარის მოვლა. ამის ნაცვლად კი შემოგვთავაზეს დეკორირებული, გაუაზრებელი ბეტონის ბილიკები, ავტომანქანებისთვის პარკინგი და ა.შ. ამ ყველაფრის შემდეგ კი ეს რაღაც წარმოუდგენელი მასშტაბის მშენებლობა დაამატეს.
ჩვენ არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ გავაპროტესტოთ და მოვითხოვოთ, რომ დაგვიბრუნონ ჩვენი სარეკრეაციო ზონის სტატუსი, დაანებონ იპოდრომს თავი და განვიხილოთ ის, ერთიანი პარკის სახით. მოვითხოვთ, შეწყდეს ნებისმიერი უკანონო პროცესი იპოდრომთან დაკავშირებით“, – განაცხადა აქციაზე სამეზობლო თემის წარმომადგენელმა ელენე ცერცვაძემ.
ეს ტერიტორია შპს „ცენტრალ პარკ ავენიუმ“ „ფონდი ქართუსგან“ 2023 წელს შეიძინა და 7 ნაგებობისგან შემდგარი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელთაგან ყველაზე მაღალი 79-სართულიანი, 259 მეტრის სიმაღლის იქნება. პროექტით ასევე გათვალისწინებულია 5 500 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა. შპს ცენტრალ პარკ ავენიუს დირექტორი სოსო ფხაკაძეა.
„ვინაიდან საპროექტო არეალი მდებარეობს საქალაქო მნიშვნელობის, მაღალგამტარიანი უწყვეტი გზის გასწვრივ და ვრცელდება გეგმარებითი კარკასი, სამშენებლო არეალი ხასიათდება მაღალი სამშენებლო და ქალაქგეგმარებითი რესურსით. არეალის, სწორედ ამ პარამეტრების შესწავლის შემდეგ შემუშავდა საპროექტო წინადადება, რომელიც მოიაზრებს ფუნქციური ზონის ცვლილებას და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 -ის (სსზ-2) გავრცელებას”, – წერია კომპანიის მიერ მომზადებულ საპროექტო წინადადებაში.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.