Jump to content
Planeta.Ge

“რუსული კანონის პირობებში მოლაპარაკებების გახსნის შანსი არის ნული” – კუბილიუსი კობახიძეს პასუხობს


ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ საქართველოში რუსული კანონის მოქმედების პირობებში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შანსი არის ნული. ასე გამოეხმაურა ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებების გახსნის შანსი ნული იყო რუსული კანონის ინიციირებამდე, მას შემდეგ კი 20-30%-მდე გაიზარდა.

“ფორმულასთან” საუბრისას კუბილიუსმა კობახიძის ნათქვამი “უცნაურად” შეაფასა, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ამგვარ განცხადებებს “ქართული ოცნების” ლიდერებისგან მიჩვეულია.

“ეს არ არის პირველი უცნაური განცხადება პრემიერ-მინისტრ კობახიძის მხრიდან თუ “ქართული ოცნების” სხვა ხელმძღვანელი პირებისგან. ჩვენთვის ეს არ არის სიურპრიზი. ისინი მუდმივად აკეთებენ უცნაურ განცხადებებს. ეს იგივეა, უსმინო კრემლის განცხადებებს, რომლებიც ასევე გამოირჩევა უცნაურობით და აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას.

მე მარტივად გეტყვით. შანსი, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას, არის ნული ამ [რუსული] კანონის მოქმედების პირობებში. ძირითადი კითხვა, რასაც ევროკავშირის ინსტიტუტები და ლიდერები სვამენ, არის ის, როგორ მოიქცევა “ქართული ოცნება” მომავალში – გამოიყენებს თუ არა ამ კანონს ოპოზიციის წინააღმდეგ, მასობრივი დემონსტრაციების წინააღმდეგ. მარტივ კითხვას ვსვამთ – ექნებეა თუ არა საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა, შემოდგომაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა [“ფორმულას” თარგმანი]”, – განაცხადა კუბილიუსმა

ევროპარლამენტარმა თქვა, რომ მოლდოვასა და უკრაინასთან მოლაპარაკებები, რომლებიც ფორმალურად გასული წლის დეკემბერში გაიხსნა, თვის ბოლოს რეალურად დაიწყება. მისი შეფასებით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ამ მიმართულებით პროგრესი ვერ ექნება, სწორედ რუსული კანონია.

“მთავრობათაშორისი კონფერენცია უკრაინისა და მოლდოვი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ჩატარდება ივნისის ბოლოს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, რომლებთანაც უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, არის ის, რომ მთავრობამ მიიღო უცხოური აგენტების შესახებ კანონი, რომელიც ყველა ევროპული ინსტიტუტისა და ქვეყნის უმრავლესობის მიერ შეფასდა, როგორც კოპენჰაგენის პრინციპების უხეში დარღვევა [“ფორმულას” თარგმანი]”, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

დღეს, 17 ივნისს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “მოლაპარაკებების თემა არის გამოუსადეგარი თემა შანტაჟისთვის”. მისი მტკიცებით, რუსული კანონის ინიციირების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსები გაიზარდა.

კობახიძეს ამის “ლოგიკურ საფუძვლად” მოჰყავს შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლებთან. თუმცა არ ასახელებს, კონკრეტულად ვისთან, როდის ან რა ტიპის შეხვედრებზეა საუბარი, სადაც უთხრეს, რომ წელს საქართველოსთან მოლაპარაკებები არ გაიხსნებოდა კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიუხედავად.


რუსული კანონს ქვეყნის დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური პერსპექტივისთვის კრიტიკულ საფრთხედ განიხილავს ყველა საერთაშორისო პარტნიორი, ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერი და თავად ევროკავშირი. ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანას გერმანიას დაფიქსირებული აქვს, რომ რუსული კანონის პირობებში საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერს. იმავე პოზიციაზეა ესტონეთი. ევროკომისია კი აცხადებს, რომ რუსული კანონი საქართველოსთვის რეკომენდებულ არაერთ ნაბიჯს ეწინააღმდეგება.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...