Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    86
  • comments
    5
  • views
    172.376

,,ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რა შეგვიძლია და შესაბამისად, არჩევნებზე მიიღებენ ხვიშტს"


როცა ეს ომი და საფრთხეები ჩაივლის, ხელისუფლებას მკაცრად უნდა მოეთხოვოს პასუხი იმის გამო, რომ ქვეყანაში აგენტების ასეთი პარპაში დაუშვა.

 

მიუხედავად იმისა, რომ არც თავად ოკუპანტი ქვეყნის მეთაური ვლადიმერ პუტინი და არც დანარჩენი მსოფლიო ელოდა, რომ უკრაინა რუსულ ძალას ამდენ ხანს გაუმკლავდებოდა, მეოთხე კვირა დაიწყო, რაც ვხედავთ, რომ ეს თავისუფლებისმოყვარე და გმირული სულისკვეთების ერი არათუ უმკლავდება, უფრო მეტიც, არც არაფერს უთმობს აგრესორს. დიდი დანაკარგების და იავარქმნილი ქალაქების ფონზე, მაინც ისეთი კონტურები იკვეთება, რომ ეს ომი უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს და თუ სადმე სამართალია ამქვეყნად, ასეც მოხდება.

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო გაერთიანდა და უბოროტესი რუსული ძალის წინააღმდეგ ერთ მხარეს დადგა, საქმით თუ სიტყვით ყველა მის შეჩერებას ცდილობს, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობამ ისეთი პოზიცია აირჩია, რომელზეც ქართველები ხატოვნად ასე ვიტყვით, არც მწვადს წვავს და არც შამფურს.

იმ ქვეყნის მესვეურებისგან, ვისი ტერიტორიის 20 პროცენტიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ფრთხილი ნაბიჯები და განცხადებები არც არავის უნდა უკვირდეს, თუმცა კი არსებობს საშიშროება, რომ ჩვენს ხელისუფლებას ზედმეტი სიფრთხილით მწვადიც შეიძლება დაეწვას და შამფურიც.

ასეთ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლებიდან ყველაზე სწორ გზას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაადგა, რომელმაც როგორც აღმოჩნდა, პირადი კონტაქტების გამოყენებით, ლამის, მთელი ევროპა მოიარა და ყველას მიაწვდინა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს და უკრაინის მეგობარი ქვეყნის ხმა; კიდევ ერთხელ გააგებინა მსოფლიოს ქართველი ხალხის გულისნადები, გააცნო მათ ჩვენი მიზნები, მისწრაფებები, სურვილები; კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს, რომ უკრაინამდე რუსეთის სამსხვერპლოზე ჩვენი მიწა-წყალი იდო, რომლის ნაწილიც მან ,,წარმატებით" მიიტაცა.

საქართველოში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა თავისი სათქმელი ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოშიც ხმამაღლა გააჟღერა და სწორედ აქ მოხდა ყოვლად გასაკვირი ფაქტი. მისი ქმედება თანაბრად მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის და ორივე ისე ილაშქრებს პრეზიდენტის წინააღმდეგ, მოულოდნელი არ იქნება, დღის წესრიგში მისი პასუხისმგებლობის საკითხიც რომ დააყენონ.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის ევროპული ვოიაჟით, საერთაშორისო არენაზე მისი გამოსვლებით თუ საშინაო მოხსენებით კმაყოფილი დარჩა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი. მათ უმრავლესობას არც სოციალურ ქსელში დაუმალავს თავისი პოზიცია და ჩვენთანაც საკმაოდ ხმამაღლა გააჟღერეს საკუთარი აზრი.

ჩვენი კითხვა ასეთი შინაარის იყო: უნდა ვიყოთ თუ არა ახლა ჩუმად და ამ საომარ ვითარებაში არის თუ არა სწორი ის გზა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია ან როგორ უნდა შეფასდეს პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტები და მისი გაბედული განცხადებები შინ და გარეთ?

მანანა იაშვილი, ჟურნალისტი: ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის და ხელისუფლების ერთიანი მოქმედება იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ მმართველი პარტია იდიოტურ დაპირისპირებას ირჩევს.

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, ევროპის პირველ პირებთან და პოლიტიკოსებთან პირადი ვიზიტით იყო და არა სამუშაო თუ ოფიციალური ვიზიტითო, რომ ამბობენ, რას ჰგავს ეს? ერთი მხრიდან ბულინგი ამოიწურა, მეორე მხარემ დაიწყო.

ყველა მხარის და მიმართულების ქართველმა პოლიტიკოსებმა კარგად გაიაზრონ, სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ თუ ამერიკელ კოლეგებთან რამდენჯერ მოწმინდა მათ ნამუსი!

ბარემ სააბაზანოში შესვლის გრაფიკიც დაუწესონ ან დაძინება საღამოს 9 საათზე, ,,ძილი ნებისას" ჰანგებზე.

თუ ეს ჯიჯღინი და კრიტიკა, თუნდაც შიდა მოხმარებისთვის, ანუ მხოლოდ ჩვენთვის არის განკუთვნილი, ძალიან ცუდია. გამოდის, თავიანთ მოქალაქეებს და ამომრჩეველს არ გვცემენ პატივს. დაბალი წარმოდგენა აქვთ ჩვენზე, ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რა შეგვიძლია და შესაბამისად, არჩევნებზე მიიღებენ ხვიშტს.

რაც შეეხება უკრაინის ომის პირობებში საქართველოს პოზიციას, რა თქმა უნდა, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ ამავე დროს, დასავლეთთან მეტად ვიაქტიუროთ და მეტი კონტაქტი გვქონდეს. ახლა თავდაცვის მინისტრი წავიდა ნატოს მინისტერიალზე, მაისში სამხედრო სწავლებებიც იქნება, რაც კარგია.

ლია თოდუა, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამების კოორდინატორი: პრეზიდენტი აბსოლუტურად სწორად და ადეკვატურად იქცევა, ხელისუფლება რას შვრება, არ ვიცით. რასაც ამბობს, ნეტა, სულ არ ამბობდეს. საით აქვთ გეზი ან აქვთ თუ არა, საერთოდ, აზრზე არ ვარ, იმდენად არათანმიმდევრულია მათი სიგნალები.

პირველ რიგში, კონტრდაზვერვა უნდა მუშაობდეს. თითქოს, არის იმის ნიშნები, რომ მუშაობს და ინფორმაციებიც აქვთ, მაგრამ მათ არავინ ენდობა. ჩანს, რომ ხელისუფლებაში შეშინებულები და დაბნეულები არიან. შეიძლება რაღაც ისეთ საფრთხეებს ხედავენ, რაც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ასე აბსურდულად მაინც არ უნდა იქცეოდნენ.

შესაძლოა ,,ალტ-ინფო“ ან მსგავსი ქსელები უკვე შეიარაღებულებიც არიან, ხელისუფლებამ ეს იცის და ვერაფერს შვრება. საზოგადოებამ, ხალხმა რეალურად არ ვიცით, რა საფრთხეების წინაშე ვართ და ახლა მთავარი, მართლა, გადარჩენაა. თუმცა, მიუხედავად ამისა, შინ თუ გარეთ იმიჯის ასე შელახვა არ შეიძლება. ამ მხრივ სალომე ზურაბიშვილი ძალიან გვშველის და სახეს გვინარჩუნებს. მასთან ,,ქართული ოცნების“ კინკლაობა ისეთი ინფანტილიზმია, რომ ლაპარაკადაც არ ღირს. ცალკე კიდევ - ნაციონალური მოძრაობის წევრთა გამოკიდება თავიანთ ინტერესებზე...

ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი როცა ყველაფერს სწორს ამბობს, მიშას შეწყალებაზე არ უნდა ჩაიხვიო. საერთოდ, დიდი ხანია მიშა ამოსაგდებია კონტექსტიდან; თავად მასაც არ ჰყოფნის ჭკუა, რომ გვერდზე გადგეს.

რაც შეეხება ხელისუფლებას, როცა ეს ომი და საფრთხეები ჩაივლის, მკაცრად უნდა მოეთხოვოს პასუხი იმის გამო, რომ ქვეყანაში აგენტების ასეთი პარპაში დაუშვა.

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, ქართული ყველის მკვლევარი: ერთი შეხედვით, საქართველოს ხელისფლების საგარეო კურსი სიფრთხილესთან შეზავებული შიშია ისეთი მონსტრის წინაშე, როგორიც სრულიად უპროგნოზო, გაუგებარი და ამოუხსნელი რუსული ფენომენია. არც დიპლომატიის ენა, არც რაიმე ტიპის წინასწარი ანგარიში რუსეთზე არ ჭრის და არ ვრცელდება. მას არ სჭირდება რამე მიზეზის ან საბაბის პოვნა იმისთვის, რომ თავს დაგესხას, დაგიბომბოს და დაგიხოცოს მოსახელობა... ამიტომ ვცდილობ, გავიგო იმ ხელისუფლების სიფრთხილე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ტეტირტორიები და რამდენჯერმე გამოუვლია ომი რუსთთან... უახლოეს წარსულში მასთან 3 სრულფასოვანი ომი გადავიტანეთ.

მეორეს მხრივ, რადგან რუსეთთან არც ლოიალური და არც მაამებლური პოლიტიკა არ ჭრის, ვფიქრობ, თავის დახრას ბოლომდე ბრძოლა აჯობებდა. ქვეყანა ღირსებას მაინც შეინარჩუნებს.

აგერ, ბატონო, მეზობელი სომხეთი გააბითურა... დაუჯერა თურქეთს და აზერბაიჯანს ყარაბახი დააბრუნებინა...

თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს... აზებაიჯანი ცას უკეტევს რუსებს... რა გამოვიდა? ჩვენ - ტერიტორებდაკრგული ქვეყანა ისევ შიშით ვკანკალებთ და კაცმა არ იცის, ხვალ, უცებ რომ მოეჩვენოს რუსეთს, თითქოს, ლუგარის ლაბორატორიაში ბიო-კოღოებს ვამზადებთ, რათა ისინი მიზანმიმართულად დაკბინონ, გვესვრის რაკეტას! ჭკუა დაუშლის თუ სინდისი?

სალომე ზურაბიშვილის პოზიციამ ცოტა სახე დაუბრუნა ჩვენს ქვეყნას. სამწუხაოდ, ნაც-ქოცურ ბაკქანალიაში ამ გლობალური მოვლენის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, საღი ხმა იკარგება. ხალხი, ცხადია, ბევრად ჯობია თავის მთავრობას და მაქსიმალურად სოლიდალურია უკრაინის მიმართ; აქვს ღია განცხადებები და პროტესტი, რასაც არ ან ვერ აკეთებს ხელისულფება. ეს ყველაფერი კი წინ დაგვხვდება...

სიმხდალესა და სიფრთხილეს შორის დიპლომატიის დიდი დოზა გვჭირდება, რომ მერე, სამაგიეროს გადახდის პინამ რომელიმე მხარეს არ გადაწონოს.

ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენ დაგვჭირდეს რუსეთის წინააღდეგ ევროპის მხარდაჭერა, ზოგ რამეს ცუდად გაგვახსენებენ!

ნინო ომანაძე, ჟურნალისტი, პედაგოგი: აშკარაა, რომ ჩვენს ხელისუფლებასა და უკრაინის ხელისუფლებას შორის დაძაბული ურთიერთობაა, რის მიზეზადაც სააკაშვილისა და მისი გუნდის უკრაინაში ,,მოღვაწეობა" შეიძლება მივიჩნიოთ. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს პოზიცია, უკრაინის აშკარა მხარდაჭერას უნდა გამოხატავდეს; ამასთან, აუცილებელად იყოს დიპლომატიური და მოზომილი.

როცა საკითხი რუსეთს ეხება, ჩვენ ყოველთვის მეორე მხარეს უნდა ვიყოთ. ვერც წარმომიდგენია, ჩვენი პოზიციები რუსეთისას ემთხვეოდეს.

რაც შეეხება პრეზიდენტის გააქტიურებას, მის საერთაშორისო ვიზიტებს და მწვავე განცხადებას, პრეზიდენტი იქცევა ისე, როგორც უნდა მოიქცეს. ვინაიდან მას არ აქვს პოლიტიკური ,,ძალაუფლება" და ეს პოსტი სრულიად დიპლომატიაზეა დაფუძნებული, მისი ნაბიჯები არის სწორი და ქვეყნის იმიჯისთვის სასარგებლო. პრემიერს ჭკუა რომ ჰქონდეს, პრეზიდენტის აქტიურობას კარგად გამოიყენებდა, მაგრამ,,გაბრაზებული კაცის" იმიჯიდან ვერ გამოდის.

საქართველოს პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა შტოებს შეთანხმებული თამაში რომ ჰქონდეთ, უკეთეს პოზიციონირებას შევძლებდით. იაქტიუროს პრეზიდენტმა და ამ აქტიურობას ხელი შეუწყოს ხელისუფლებამ, რადგან თავად ერიდება რუსეთთან ღია დაპირისპირებას.

მართალია, ახლა ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ომი აუცილებლად უნდა ავირიდოთ თავიდან და არც ევროპას და უკრაინას შევუქმნათ წარმოდგენა, რომ რუსეთის ნავში ვზივართ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...