2030 წელი, ოკუპირებული ტერიტორიები და არჩევნები საქართველოში
ავტორი: ქეთი სართანია, მკვლევარი, თბილისი
2024 წლის გაზაფხულზე, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ისევ გამოჩნდა ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში. მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან ერთიანი საქართველოს, “აფხაზი და ოსი ძმებისა და დების” შესახებ ლოზუნგები საარჩევნო რუტინის ნაწილია, თუმცა ამჯერად, დაპირებას კონკრეტული თარიღი აქვს – 2030 წელი.
ამ საკითხის მნიშვნელობის მიუხედავად, დამაჯერებელ ახსნა-განმარტებებს ამ საკითხზე არავინ აკეთებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებს ტერიტორიული ერთიანობის აღდგენის შესახებ ჩვეული ირონიით პასუხობენ კრემლიდან და დე ფაქტო მთავრობებიდან. რას ემყარება “ქართული ოცნების” ჯიუტი, თუმცა ბუნდოვანი გზავნილები საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის აღდგენის შესახებ, როცა ამ განცხადებებს არც რუსეთი, არც დე ფაქტო სოხუმი და ცხინვალი იზიარებს, ხოლო ქვეყნის მთავარ მოკავშირეებთან – ევროკავშირსა და აშშ-ისთან ურთიერთობები “რუსული კანონის” მიღების ფონზე შეიძლება დაიძაბოს?
საკანონმდებლო განხილვები და საერთო ეჭვები
თბილისსა და სოხუმში 2024 წლის გაზაფხულზე კიდევ ერთხელ დაბრუნდა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის შესახებ დისკუსია. მასობრივი სამოქალაქო პროტესტის ფონზე, საქართველოს პარლამენტში განიხილეს და მიიღეს სამი მნიშვნელოვანი კანონი, რომლებიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებას რადიკალურ ცვლილებებს უმზადებს. 19 აპრილს მესამე მოსმენით მიიღეს კანონი “ოფშორების შესახებ” ,რომელიც საეჭვო ბიზნესს კომფორტულ გარემოს უმზადებს საქართველოში. 16 მაისს კი მესამე მოსმენით, 67 წამში მიიღეს კანონი უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ, რომელიც “რუსული კანონის” სახელით არის ცნობილი. ხოლო, 2 მაისს “ქართულმა ოცნებამ” დაარეგისტრირა კანონი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ. ამ კანონით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაწყვეტილებების მიღების წესი იცვლება და სამოქალაქო საზოგადოებას კიდევ უფრო ნაკლები ბერკეტი რჩება აკონტროლოს უმნიშვნელოვანესი საარჩევნო ინსტიტუტი – ცენტრალური საარჩევნო კომისია. სამივე კანონზე დადებული საქართველოს პრეზიდენტის ვეტო (მოტივირებული შენიშვნები) პარლამენტმა დაძლია.
თბილისში, “აგენტების კანონის” ხელახლა ინიცირების დღიდან, სოხუმში აქტიურად დაიწყეს მსჯელობა იმ შესაძლო მიზეზებსა და მოტივებზე, რაც ამ კანონის უკან შეიძლება იდგეს, უფრო სწორად, ხომ არ შეეხება თბილისში მიმდინარე ცვლილებები სოხუმსაც? აფხაზი ჟურნალისტის, ინალ ხაშიგის მოსაზრებით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს “მოსკოვის დაპირება (რომელიც აქტიურად ავრცელებს „კანონს უცხოელი აგენტების შესახებ“ მეზობელ ქვეყნებში), რომ ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
თბილისში მიმდინარე ლეგალისტური პროცესების პარალელურად, სოხუმშიც საუბარია რამდენიმე კანონპროექტის ინიცირებაზე, მათ შორის არის “აგენტების კანონის” მსგავსი, რომელსაც აფხაზეთში ასე უწოდებენ: „უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი არასამეწარმეო ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ“.
ორ მაისს, აფხაზეთის დეფაქტო საკანონმდებლო ორგანომ განიხილა კანონი “ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ” რომელიც ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას შეუქმნიდა საფრთხეს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრების გამო, თუმცა დე ფაქტო პარლამენტმა ამ კანონს მხარი არ დაუჭირა. მესამე კი არის “აპარტამენტების კანონი”, რომელიც მიღების შემთხვევაში, აფხაზეთში, რამდენიმე რეგიონში, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვას შესაძლებელს გახდის. აფხაზური საზოგადოებისთვის მიწისა და კერძო საკუთრების უცხოელებზე გაყიდვის უფლების ლეგალიზაცია მათი ეთნიკური პოლიტიკისა და დემოგრაფიისთვის რისკისშემცველია.
2024 წლის გაზაფხულმა ყველაზე ცხადად გამოკვეთა, რომ თბილისსა და სოხუმში საკანონმდებლო ნიადაგს ამზადებენ ახალი პოლიტიკური გადაწყვეტილებების ლეგალიზებისათვის. სურათი საკმაოდ ბუნდოვანია, თუმცა, ომისა და ათწლეულების განმავლობაში ფიზიკური იზოლაციის მიუხედავად, მიმდინარე პროცესების მსგავსება საერთო ეჭვებს აჩენს ენგურის ორივე მხარეს მყოფ სამოქალაქო საზოგადოებაში.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, როგორც საშინაო ნარატივი
“ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე – 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი” ეს სიტყვები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღნიშვნის 33-ე ცერემონიაზე თქვა.
საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის აღდგენის შესახებ დაპირება, როგორც წესი, წინასაარჩევნო პოლიტიკური რეპერტუარის ნაწილია, თუმცა, წელს, მან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან დასახელდა კონკრეტული თარიღი – 2030 წელი. რა საფუძველი აქვს ამ დაპირებას, ამის შესახებ განმარტებები პოლიტიკოსების მხრიდან არ გაკეთებულა. თუმცა, დამოუკიდებლობის აღნიშვნის ცერემონიაზე პრემიერმა კობახიძემ ის მოსეს გზას შეადარა ბიბლიიდან, რომელმაც ქვეყანა აღთქმულ მიწასთან – ოკუპირებულ ტერიტორიებთან უნდა მიიყვანოს, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წელი, კობახიძის განცხადების მიხედვით, 2030 წელს ემთხვევა, ამდენად ამ თარიღს ეს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რომლის ძალითაც საქართველომ ტერიტორიების დაბრუნება და ევროკავშირში გაწევრიანება უნდა მოახერხოს.
საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომლის საკანონმდებლო გადაწყვეტილებების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო დემონტრაციები ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში დაიწყო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეეცდება ხელისუფლებაში მეოთხე ვადით დარჩეს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლებაში ამ დრომდე მყოფთაგან, “ქართული ოცნება” ყველაზე ხანგრძლივად, 12 წელია მართავს ქვეყანას. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიდევ 4 წელი იქნება, ხოლო, 2030 წლის შესახებ გაკეთებული განცხადებით, პარტია ქმნის მოლოდინს, რომ მეხუთე ვადისთვისაც უწყვეტად აპირებს ბრძოლას.
ქართული საზოგადოებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი უმაღლეს მიზნებად იქცა – ამას მოწმობს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე ჩანაწერი ევროინტეგრაციის შესახებ და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისთვის გაწეული საერთაშორისო ძალისხმევა, რომლის მთავარ გარანტორებსაც დღეს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენენ. ამ გარანტიებს ასევე თან ერთვის პირობა – კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირების შესახებ. “ქართული ოცნების” პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოებრივი უკმაყოფილების ზრდის ფონზე კი ტერიტორიული ერთიანობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებული ეფემერული დაპირებები შელახული რეპუტაციის აღდგენის ბანალურ მცდელობას და საარჩევნოდ, პოზიტიური მესიჯის შექმნის სურვილს ჰგავს.
ნავიგაცია გაურკვევლობაში
ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს შიდა პოლიტიკური საინფორმაციო სივრცე გაჯერებულია ომში ჩართვის პოტენციალითა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხით. 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ეს თემები სხვადასხვა ინტენსივობით და განსხვავებული რაკურსით ჩნდება საინფორმაციო სივრცეში და საზოგადოების მღელვარებას იწვევს. მიუხედავად საკითხის მნიშვნელობისა, მთავრობის წევრების მხრიდან საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებზე მკაფიო და დამაჯერებელი განმარტებები არ გაკეთებულა, ხოლო გაურკვევლობა და დაბნეულობა, რომელსაც მოკლე და ორაზროვანი განცხადებები იწვევს, შიშსა და შფოთვას აძლიერებს, როგორც ქართულ ისე, აფხაზურ საზოგადოებაში.
ომთან და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული სპეკულაცია და გაურკვევლობა, საქართველოს საშინაო პოლიტიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესის, საპარლამენტო არჩევნების წინ მიმდინარეობს. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბევრია დამოკიდებული, მათ შორის რეგიონალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები.
გარდა საშინაო არჩევნებისა, 2024 წელი საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წელია.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართული საშინაო, პარტიული თუ საჯარო პოლიტიკა პოლარიზებისა და დაპირისპირების საგანს წარმოადგენდა. თუმცა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გამაერთიანებელ საკითხს წარმოადგენდა. ამდენად, ქვეყნის საგარო პოლიტიკური ორიენტაცია, მისი ყველაზე სახალხო გაგებით ნიშნავდა საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და თანმიმდევრულ, სტრატეგიულ დისტანცირებას რუსეთის გავლენის სფეროდან.
არჩევანი
მოახლოებული არჩევნების ფონზე, “ქართული ოცნების” პოლიტიკის მიმართ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ველზე საზოგადოების უკმაყოფილება იზრდება, რამაც შესაძლოა არჩევნების შედეგებზეც იქონიოს გავლენა. 2024 წლის 26 მარტს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატების პოლიტიზების მცდელობა “ოცნების” სასარგებლოდ, წარუმატებელი გამოდგა.
ამასთან, “აგენტების კანონის” ხელახლა ინიცირების ფონზე მასშტაბურმა და უწყვეტმა საპროტესტო დემონსტრაციებმა ქვეყნის შიგნით და გარეთ, უარყოფითი გავლენა იქონია პარტიის რეპუტაციაზე. შესაბამისად, “ოცნებას” სჭირდება პოზიტიური ნარატივები, გამარჯვების ისტორიები, დამაჯერებელი სლოგანები, რომ საშინაო ნარატივი შექმნას და გაამართლოს საგარო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით მიღებული ერთპარტიული გადაწყვეტილებები და სიხისტე საშინაო პოლიტიკაში.
ამ დრომდე, “ქართული ოცნების” ერთადერთი პოზიტიური მესიჯი მშვიდობა იყო, თუმცა შიდაპოლიტიკური კრიზისის ფონზე ის აღარ არის საკმარისი და საჭირო გახდა ტერიტორიული ერთიანობის აღდგენის ნარატივის დამატება.
როგორ დასრულება 2024 წელი საქართველოში, არავინ იცის. პოლიტიკურად და ემოციურად ინტენსიური პირველი ექვსი თვის შემდეგ, რთულია იმის განსაზღვრა როგორი იქნება დანარჩენი ნახევარი წელი. რა შედეგებს მოიტანს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე? როგორ შეხვდება ამ შედეგებს საქართველოს საზოგადოება? ამოქმედებული “აგენტების კანონის” შემდეგ, როგორ მოახერხებს თავისუფალი მედია საზოგადოების ინფორმირებას? რა მოელით სამოქალაქო აქტივისტებს? მოახერხებს ოპოზიცია ამჯერად მაინც საზოგადოების კრიტიკული განწყობას უპასუხოს პოლიტიკური ნაბიჯებით? ივნისში ევრიკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვებსა და სხვა სანქციებზე იმსჯელებენ, როგორი იქნება ქვეყნის ეკონომიკური მომავალი ქვეყნის გარე დახმარებაზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხის პირობებში? შეკითხვებზე პასუხების არქონა და უახლესი მომავლის პროგნოზირების შეუძლებლობა შიშის განცდას აძლიერებს. ასეთ დროს, შიშმა შეიძლება დაჩრდილოს რაციონალურობა, რაც საზოგადოების იმპულსურ გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.