1-ელი ივლისიდან, სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება
საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება.
როგორც მინისტრმა პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მასწავლებლის პროფესიის დაფასება სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს.
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.
მინისტრმა განათლების სისტემის მზარდ ბიუჯეტზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც 2024 წელს უპრეცედენტო ნიშნულს - 2.51 მილიარდს ლარს მიაღწია.
სკოლამდელ განათლებაზე საუბრისას გიორგი ამილახვარმა ეთნიკური უმცირესობების გაძლიერების, მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებისა და სახელმწიფო ენის ფლობის დონის ამაღლების მიზნით ორენოვანი განათლების დანერგვაზე ისაუბრა. მისი თქმით, შესაბამისი მუნიციპალიტეტისა და სამინისტროს წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობით ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს – 2023-2024 სასწავლო წლისთვის პროგრამის მონაწილე არაქართულენოვანი სკოლამდელი დაწესებულებების 61% ჩართულია ბილინგვური განათლების პროგრამაში.
მინისტრმა განათლების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა, რომელიც 2023 წელს დაფუძნდა, სასკოლო განათლების სტრატეგიული მიმართულებების – ეროვნული სასწავლო გეგმის, სასკოლო სახელმძღვანელოებისა და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის კომპლექსური შეფასების მიზნით, გასულ წელს, სამი ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარა. კვლევების მიზანი იყო სასკოლო განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ განსხვავებული მოსაზრებების და პოზიციების შეჯერება და ამის გათვალისწინებით სამომავლო გეგმების დასახვა.
გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მათ შორის, განსაკუთრებით გამოყო – ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტის დამტკიცების, ყველა საგნობრივი სტანდარტის რევიზიის, სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და სკოლებისთვის მეტი აკადემიური თავისუფლების მინიჭების საკითხები.
მინისტრმა მასწავლებლების ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით და გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემის შექმნის მიზნით იცვლება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა, რის შედეგადაც, პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდა მოხდება. მისი თქმით, 2024 წლის პირველი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით.
გიორგი ამილახვარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასწავლებლის პროფესიის დაფასება სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს - ამის ნათელი მაგალითია მასწავლებლის ეროვნული დღისა და ეროვნული პრემიის დაწესება, რომლის ფარგლებშიც 2023 წელს უკვე 11 პედაგოგი დაჯილდოვდა“, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება სასკოლო ინფრასტრუქტურას მინისტრის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ამ ეტაპზე მიმდინარეობს 170-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 915 375 465 ლარია.
„პროფესიული განათლება, მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. როგორც მან აღნიშნა, სამინისტრომ პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშავა ახალი ხედვა, რომელიც გულისხმობს სისტემაში კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერებას, კოლეჯების დირექტორთა და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, სკოლებში პროფესიული განათლების დანერგვის ხელშეწყობას და პროფესიებისა და კვალიფიკაციების განახლებას.
გიორგი ამილახვარმა უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ სიახლეებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილა.
მისი თქმით, სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით არაერთი ინიციატივა განხორციელდა. მათ შორის: გაორმაგდა სტიპენდიატთა რაოდენობისა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა - სახელმწიფო უნივერსიტეტების 5 000 წარმატებული სტუდენტი ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300-ლარიან სტიპენდიას იღებს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება გაუნულდათ – ჯამში 27 000 სტუდენტს 30 მილიონ ლარამდე დავალიანება ჩამოეწერათ.
სიახლე ის, რომ საქართველოს განათლების სისტემაში დაშვებული იქნება დისტანციური სწავლება - კერძოდ, როგორც ნაწილობრივ, ასევე სრულად ონლაინ სწავლება. განისაზღვრება სწავლის სფეროების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება. პირველად იქნება დაშვებული უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარება. შესაძლებელი გახდება ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების შემუშავების შემდგომ მთლიანად ონლაინ უნივერსიტეტის დაარსება.
გიორგი ამილახვარმა სიახლეებზე საუბრისას განაცხადა, რომ უნივერსიტეტებს, უკვე არსებულ პროგრამებთან ერთად, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრიატის არანაკლებ 180-კრედიტიანი (3-წლიანი) საგანმანათლებლო პროგრამებისა და 60-კრედიტიანი (1-წლიანი) სამაგისტრო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ“, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2023 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულთა რაოდენობამ 191-ს მიაღწია. ამასთან, მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე, დაფინანსება გაუგრძელდა გასულ წელს გამარჯვებულ 43 სტიპენდიატს. ამ მიზნით ბიუჯეტიდან 5.8 მლნ ლარი გამოიყო.
„საუბარი ასევე შეეხო, 1+4 პროგრამის განვითარებას, რომლის ფარგლებშიც 2024-2025 სასწავლო წლიდან სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება გაორმაგდა – სწავლა ყოველწლიურად 100-100 სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტის ნაცვლად 200-200 სტუდენტს დაუფინანსდება.
გიორგი ამილახვარმა, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, განიხილა საქართველოს უნივერსიტეტების საბაკალავრო STEM პროგრამებისთვის ABET აკრედიტაციის მინიჭების და საერთაშორისო გამოფენებში ქართული უნივერსიტეტების მონაწილეობის ხელშეწყობის საკითხები. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლიდან საქართველო ევროპული ქსელის „Eurydice Network‘‘-ის წევრი გახდა, რომელიც Erasmus+ პროგრამის ნაწილია და ის მხოლოდ ევროკავშირის წევრ და Erasmus+ ასოცირებულ ქვეყნებს აერთიანებს.
მინისტრმა განაცხადა, რომ განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით უპრეცედენტო ინიციატივაა კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ერთობლივი და ორმაგი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით საქართველოს უნივერსიტეტებს 4,2 მლნ დოლარის ღირებულების გრანტი გამოეყო. ასევე აღსანიშნავია, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობის გაგრძელების საფუძველზე ხორციელდება 5 მილიონი დოლარის ღირებულების ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით მინისტრმა ისაუბრა განათლების სიღრმისეულ კვლევაზე, რომელიც სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, Times Higher Education-მა ჩაატარა.
„კვლევის შედეგები ძალიან ოპტიმისტურია – დადგინდა, რომ საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტების მოზიდვის უდიდესი შესაძლებლობა არსებობს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
საუბრისას მინისტრი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. მათ შორის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარებასა და მეცნიერების სფეროს მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ ინიციატივებს.
როგორც ცნობილია, 2024 წლის 1 იანვრიდან ახალგაზრდობის პოლიტიკა გახდა სახელმწიფოს განათლების ერთიანი პოლიტიკის ნაწილი. შესაბამისად, გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი ინიციატივებიც გააცნო. მათ შორის, ისაუბრა „სტუდფესტი 2024“-ის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მრავალფეროვან აქტივობებში 54 უნივერსიტეტის 20 000-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეიმუშავა კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამა – 2024 წლის სექტემბრიდან სახელმწიფო უწყებებში დაახლოებით 3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას სასურველ რეგიონში.
რაც შეეხება ახალგაზრდების მხარდაჭერას, მათი საჭიროებებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით არსებული კვლევების შედეგების გათვალისწინებით, ბოლო წლების მანძილზე გამოცხადდა ყველაზე მასშტაბური საგრანტო კონკურსები. საწყისი ეტაპისთვის მათი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 1 100 000 ლარს.
უნივერსიტეტებში სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებისა და სტუდენტების ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრო მათ სთავაზობს ფინანსური მხარდაჭერის პროგრამას, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 656 ათას ლარს და გათვლილია არანაკლებ 8000 სტუდენტზე“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
მინისტრმა ახალგაზრდული პოლიტიკის კუთხით მიმდინარე პროექტები შეაჯამა და მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება ახალგაზრდული ბანაკების განვითარება – 2024 წლის მაისიდან დაიწყო ახალგაზრდული „თემატური ბანაკის‘‘ განხორციელება და აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდული ბანაკებისთვის მზადება, რომელიც წელს 4000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გრძელდება პროექტის - „ჯარის ბანაკის‘‘ მოსამზადებელი სამუშაოები.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.