პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა - ადმინისტრაცია
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე.
„არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ჯილდოების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე გამოსცემს დაჯილდოების აქტს.
ასე მოხდა ამჯერადაც, 2024 წლის 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულებები (n:23/05/02 და n:23/05/01), რითაც ღირსების ორდენით და მედლით დაჯილდოვდნენ წარდგენილი პირები.
მაისის ბოლოს ორბელიანების სასახლეში იგეგმებოდა დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიის გამართვა, რაც ეროვნული ნაკრების წევრების საქართველოში არყოფნის გამო ვერ მოხერხდა”, – წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნული ნაკრების მორიგი შეკრება საქართველოში სექტემბრის დასაწყისში შედგება – მათი თქმით, სწორედ ამ დროისათვის, საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ჯილდოებს გადასცემს ნაკრების წევრებს და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.