ონკოპაციენტები მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან საჯარო შეხვედრას მოითხოვენ
ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან მედიების თანდასწრებით შეხვედრას მოითხოვენ.
ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი, გვანცა აფხაიძე ამბობს, რომ მისი თქმით, დახურულ კარს მიღმა დეტალები, თუ რა მოთხოვნები აქვთ ონკოპაციენტებს, საზოგადოებისთვის ცნობილი არ ხდება.
ამასთან, „კავშირი სიცოცხლისთვის“ თანადამფუძნებლის, ვანო იორამაშვილის განცხადებით, ონკოპაციენტებისთვის სარჯველაძის მხრიდან გაცემული დაპირებები შეუსრულებელი დარჩა და საჯარო ფორმატით შეხვედრის შემთხვევაში, იორამაშვილის თქმით, მინისტრს მოუწევს გაცემული დაპირებების შესრულება.
გვანცა აფხაიძის თქმით, ონკოპაციენტების 14 მოთხოვნიდან მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
„ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა პირდაპირი კომუნიკაცია მიხეილ სარჯველაძესთან – ჯანდაცვის მინისტრთან, თუმცა ამ ჩვენმა შეხვედრებმა დიდად შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ჩვენი 14 მოთხოვნიდან მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ეს ეხებოდა მედიკამენტების ნაწილში ლიმიტიდან გამოტანას მცირე დასახელების მედიკამენტების. რაც შეეხება კვლევებს – გენეტიკურ კვლევას, დაავადების გვერდითი მოვლენების მართვას და უამრავ სხვა მხარეს, არანაირი ცვლილება არსებობს, არაფერი გამოსწორებულა.
სწორედ ამიტომ ჩვენ მასთან ვითხოვთ ღია შეხვედრას, ან მან გვიპასუხოს პირდაპირი ეთერით, ბრიფინგი გამართოს და ისე და გაგვაგებინოს მთელ საზოგადოებას, როდის აპირებენ ამ ცვლილებებს და როდის გახდება საქართველოში მართლა სრულფასოვანი მკურნალობა შესაძლებელი“, – განაცხადა აფხაიძემ.
ამასთან, გვანცა აფხაიძის თქმით, ორშაბათს, 16 ივნისს ონკოპაციენტები განცხადებით და პაციენტთა ე.წ. ფორმა-100-ებით მიმართავენ პრემიერ-მინისტრს.
აფხაიძის განცხადებით, გამოხმაურებას ელოდებიან საქართველოს პრეზიდენტისგანაც.
„ველოდებით პრეზიდენტის გამოხმაურებას, რომელსაც პირადად მივმართე 11 ივნისს და დაგვპირდა რომ განიხილავს შეხვედრას და ველოდებით, რომ აუცილებლად შეგვხვდება და მხარს დაუჭერს ონკოპაციენტებს“, – განაცხადა აფხაიძემ.
ვანო იორამაშვილის განცხადებით, მიხეილ სარჯველაძესთან მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ ორ თვეზე მეტი გავიდა, სადაც, იორამაშვილის თქმით, მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში უნდა მოგვარებულიყო წამლების დეფიციტის ლოჯისტიკური პრობლემა, თუმცა, იორამაშვილი ამბობს, რომ ონკოპაციენტები ორი თვის თავზეც იგივე პრობლემის წინაშე არიან.
ერთ-ერთი ონკოპაციენტის მეუღლის, ნატალია სადუნაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი წამლის რეცეპტი აქვს, აფთიაქებში წამლის არარსებობის გამო, ვერ ახერხებს წამლების აღებას.
„უამრავი წამლის რეცეპტი მაქვს მოსული და ვერ ვიღებ ვერც ერთ წამალს, იმიტომ რომ აფთიაქებში არ დევს. ლოჯისტიკა აქვთ სასწაულ დღეში.
„ავერსის“ აფთიაქებში მომდის შეტყობინება და არ დევს წამალი, მომდის „ფარმადეპოდან“ და არ არის წამალი.
დღეს მოვედი და ავიღე ხელში რეცეპტი, სადაც მიწერია, რომ უნდა ავიღო 20 ერთეული ჩემი წამალი. ოპერატორთან ერთადვე გადავამოწმეთ საინფორმაციოში და ერთი და იგივე აფთიაქში არ დევს არც ერთი ამ რაოდენობით. არ ვიცი ვინ არის აფთიაქების მეპატრონე, მაგრამ შეიძლება თუ არა მოგვცეს იმის უფლება, როცა ერთ აფთიაქში სრული რაოდენობა წამლის არ არის, დაჯამდეს, დაჯგუფდეს და მოგვეცეს საშუალება ერთი კოდით ავიღოთ ეს წამალი ერთ აფთიაქში და არ ვიაროთ.
რომც ვიაროთ, ამ ერთი კოდით სხვადასხვა აფთიაქებში წამლებს ვერ ავიღებთ“, – განაცხადა ნატალია სადუნაშვილმა.
რას მოითხოვენ ონკოპაციენტები?
ონკოპაციენტები კვლევებისთვის დაწესებული 25 000-ლარიანი ლიმიტის გაუქმებას მოითხოვენ. მათი თქმით, კვლევებისთვის [სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია, სხვადასხვა გამოკვლევა] გამოყოფილი ეს ლიმიტი რიგ შემთხვევებში არასაკმარისია, ვინაიდან თითოეულ ონკოპაციენტს სხვადასხვა სახის მიდგომა და მკურნალობის სტრატეგია სჭირდება. შესაბამისად, მათი თქმით, საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა და შესაბამისი მხარდაჭერა.
რაც შეეხება მედიკამენტებს, პაციენტები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გატანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, ეს მათ პრობლემას არ აგვარებს, ვინაიდან: მათი განმარტებით, პროგრამა ანაზღაურებს მხოლოდ კონკრეტული ჩამონათვალის მედიკამენტებს, მაშინ როცა, სათანადო მკურნალობისთვის, ისეთი მედიკამენტებიც სჭირდებათ, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს.
პაციენტები საუბრობენ იმაზეც, რომ რიგ მედიკამენტებზე დეფიციტია შექმნილი და აფთიაქებში მის ყიდვას ვერ ახერხებენ. შესაბამისად, მათი მოთხოვნაა, რომ ყველა საჭირო მედიკამენტი გახდეს ხელმისაწვდომი და გაიზარდოს იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.