Jump to content
Planeta.Ge

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ახალგაზრდებს


დღეს, 11 ივნისს ახალგაზრდებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მათ სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს, გაწეული საქმისთვის და უთხრა, რომ მიუხედავად ყველაფრისა მოახერხეს და მსოფლიოს აჩვენეს, რომ „საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს, თუ არა ევროპული და ქართული.

„მეძლევა საშუალება, ამდენი ხნის შემდეგ, რომ ყველას გითხრათ მადლობა. ეს არის ჩემი სურვილი, ჩემი მოვალეობა, რომ მადლობა გამოვხატო იმისთვის, რაც თქვენ, ახალგაზრდობამ გააკეთეთ თქვენი ქვეყნისთვის და ეს არ არის პატარა რამ. თქვენ შეძელით და მოგვეცით ახალი იმედი, დაგვანახეთ ჩვენი თავი სხვანაირად, რომ თურმე ამ ქვეყანას ჰყოლია ძალიან შეგნებული, ძალიან ცოცხალი, ძალიან ღირსეული ახალგაზრდობა, რომელმაც იცის, რა ელის ქვეყანას, რა დღეში არის ქვეყანა, რა გადაწყვეტილება აქვს ქვეყანას მისაღები და იცის თვითონ, როგორი მომავალი უნდა ამ ქვეყნისთვის.

ჩვენ ბევრს გვეგონა, რომ ახალგაზრდობა ფიქრობდა უფრო თავის მატერიალურ ბედზე, კერძო, ინდივიდუალურ მომავალზე და ესეც საჭიროა, სხვათა შორის. მაგრამ არ ვიცოდით, რომ თქვენ ასე ღრმად ფიქრობდით თქვენს სამშობლოზე. თქვენ ეს შეძელით და დაგვანახეთ და არა მხოლოდ ჩვენ დაგვანახეთ, საქართველოს საზოგადოებას, თქვენ ეს დაანახეთ მსოფლიოს. ისეთი სურათი გააშუქეთ საზღვრების იქით, რომ ის ეჭვები, რაც არსებობდა საქართველოს მიმართ, რომ აღარ ვიცით საითკენ მიდის ეს ქვეყანა, ნუთუ გადაუხვია თავის გზას… უცებ თქვენი დანახვით და თქვენი ყოველდღიური ბრძოლით ეს გადაიქცა უაღრესად პოზიტიურ სურათად. ახალგაზრდები, რომლებიც გამოდიოდნენ ყოველდღე, ყოველ ღამე იმისთვის, რომ თქვან, ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, ჩვენ არ გვინდა რუსული მომავალი, რუსულ ყაიდაზე გადაყვანილი საქართველოს მომავალი. თქვენ შეძელით, რომ ყველას დაენახა თქვენი კრეატიულობით, თქვენი სილაღით, თქვენი მხიარულობით, თქვენი ქართველობით, თქვენი ეროვნულობით და თქვენი ევროპულობით და დაანახეთ მსოფლიოს, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს, თუ არა ევროპული და ქართული.

ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და მადლობა იმისთვის, რომ თქვენ დიდი საქმე შეძელით. შეიძლება ვიღაც ფიქრობდეს დღეს, რომ რა საქმე, ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ და ვერ დავამარცხეთ ის რუსული კანონი და აბა დღეს რაღა ვქნათ. თქვენ გაიმარჯვეთ უკვე და გამარჯვებული დადიხართ და ეს ახალგაზრდები, რომლებიც საზღვარგარეთიდან გიყურებდნენ და თქვენთან ერთად არიან, სწორედ ამას გეუბნებიან, რომ თქვენ უკვე გაიმარჯვეთ. ეს ერთი კანონი არაფერია, კი ბოლომდე მიღებულია, მაგრამ ამ ერთი კანონის და ბევრი სხვა კანონის, რომელიც არანაკლებად რუსულია, ამ ყველა კანონის გაუქმება შეიძლება ერთი ხელის მოსმით, ერთი პარლამენტის სხდომით და ეს უკვე წერია ქართულ ქარტიაში, ეს უკვე გადაწყვეტილია და ეს უკვე ხელმოწერილია პრაქტიკულად ყველა იმ პარტიებისგან, რომლებსაც აქვთ ამბიცია, რომ იყვნენ პროევროპული. მათი პრო ევროპულობა, ჩვენ ისე არავის ვენდობით, დადასტურდება, როდესაც პარლამენტში ყველა ამ კანონებს გააუქმებენ და ეს იქნება თქვენი გამარჯვება. ცხადია ეს გამარჯვება გადის ერთადერთ რამეზე, გადის არჩევნებზე, სხვა გზა არ არსებობს დემოკრატიულ ქვეყანაში და სხვა გზა არ არსებობს საქართველოში დღევანდელ მდგომარეობაში, ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში.

არჩევნები არის ძალიან დიდი ბედი ჩვენთვის, შანსი. არჩევნები ჩვენ კარზე დგას და ამ არჩევნებისთვის ზუსტად საკმარისი მომზადების დრო გვაქვს ერთად. ჩვენ უნდა დავიწყოთ კამპანია, ხალხს გავაგებინოთ, რომ ეს არჩევნები არჩევნები კი არა ეგზისტენციალური არჩევანია, სადაც უნდა ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რასაც საქართველო ამბობდა სულ მუდამ, რაც იყო სახელმწიფო, რომ ეს ღირებულებები, რაც არის ევროპული ღირებულებები მისია. რომ არ შეიძლება ეს ღირებულებები ვინმემ შეუცვალოს გარედან, არ შეიძლება, რომ გარუსდეს საქართველო, არც ის შეიძლება რომ არ იყოს დამოუკიდებელი და არ შეიძლება, რომ არ იყოს ძლიერი. ეს არის ჩვენი არჩევანი ამ მომავალ არჩევნებზე. ჩვენ ვინმეს კი არ ვიმჩნევთ, რომელიმე პარტიას კი არ ვირჩევთ – კი ეს გავა რომელიმე პარტიის არჩევანზე, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ ამ სამოქმედო გეგმის მეშვეობით, რომ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული მომავალი.

ამ რამდენიმე დღეში უკრაინას და მოლდოვას ეტყვიან, რომ თქვენ გიხსნით უკვე მოლაპარაკებებს გაწევრებაზე. ამ ადგილას საქართველოც უნდა ყოფილიყო. ყველა მოცემულობით ჩვენ იქ უნდა ვიყოთ და არა ვართ, მაგრამ გვაქვს საშუალება, რომ სწორედ ამ არჩევნების გზით დავუბრუნდეთ ჩვენს ადგილს და მომავალ წელს იგივე ევროპულ საბჭოზე 2025 წლის ივნისში ჩვენ გაგვიხსნან გაწევრების მოლაპარაკებები, დავეწიოთ ჩვენს მეგობარ უკრაინას და მოლდოვას და გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც დროებით გაგვიჩერეს, მაგრამ მხოლოდ დროებით და ეს არის თქვენი გამარჯვება.

და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ეს საქმე რაც გასაკეთებელია, ეს არჩევნები მოსამზადებელი რომ არის, ეს არის გასაკეთებელი ერთად, იმიტომ რომ განსხვავება ჩვენ შორის არაფერია, თუ არა ნახევარი საუკუნე, მაგრამ არ ითვლება. განსხვავება არ არის ქვეყნის სიყვარულში, განსხვავება არ არის როცა ლაპარაკია სამშობლოს გადარჩენაზე, განსხვავება არ არის როცა ლაპარაკია სამშობლოს მშენებლობაზე. ამ ყველაფერში ერთად ვართ. მე შეიძლება ფიზიკურად არ ვიდგე იქ, სადაც თქვენ დგახართ და ღმერთმა ქნას, არ დამჭირდეს იქ გამოსვლა. მაგრამ, ხომ იცით, რომ საქმეში ერთად ვართ, არჩევნების მომზადებაში ერთად ვართ, ჩვენი დიასპორის მობილიზაციაში ერთად ვართ, ხმების დაცვაში ერთად ვართ და ამ ყველაფრის მობილიზაციაში ერთად ვიქნებით. მე მაქვს თქვენი იმედი და თქვენ გქონდეთ ჩემი იმედი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...