აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ
აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ.
აქტივისტი სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში ავრცელებს მის ფოტოს და წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პოსტიდან ერთ საათში ბერძენიშვილს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ „აღშფოთებული მოქალაქეები” და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ“, – წერს ის.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დილით, 09:15-ზე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერია, რომ სალომე ბარკერი და ზუკა ბერძენიშვილი პარლამენტის წევრებს ურეკავდნენ მუქარით და შეურაცხყოფით.
პაპუშვილი წერს, რომ „მედიისთვის დადგმული ეს ვითომ „აღშფოთებული მოქალაქის” სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს.“
ამავე პოსტში ის დონორებს „ტერორის ნორმალიზებაში“ ადანაშაულებს.
ამ პოსტით პაპუაშვილი გამოეხმაურა იმ შემთხვევებს, როცა მოქალაქეებმა რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების მიმართ პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის ვიდეო გუშინ მარიამ წიწიკაშვილმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.
აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა 3 ივნისს დაწერა, რომ გურიაში, სოფელ ფამფალეთში „გაურკვეველი პირები ეძებენ და სოფლის გასასვლელში დგანან“.
რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნებიდან დღემდე ორგანიზებული ჯგუფები კანონის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს სხვადასხვა ადგილებზე ხვდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. აზიანებენ მათ ავტომობილებს, ოფისებთან და საცხოვრებელ სახლებთან ტოვებენ სტიგმის შემცველ და შეურაცხმყოფელ წარწერებს. ურეკავენ და აგინებენ მათ და მათი ოჯახის წევრებს.
31 მაისს, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებზე ახალი წარწერები ორგანიზებულად დატოვეს, „ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ აღიარა, რომ ეს მისი ორგანიზებული იყო.
ასევე აღსანიშნავია, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიცია პოლიტიკოსებს და აქტივისტებს ფიზიკურად უსწორდებოდა და იყენებდა გაუმართლებელ და არაპროპორციულ ზომას. სასტიკად სცემეს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს, აქტივისტ დავით ქაცარავას. ასევე სცემეს ალეკო ელისაშვილს. ასევე ნაცემია აქციის სხვადასხვა მონაწილე.
შსს-ს და საგამოძიებო სამსახურს დღემდე არც ერთ შემთხვევაზე სამართალდარღვევა არ გამოუვლენიათ და არავინ დაუსჯიათ.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.