Jump to content
Planeta.Ge

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს, 6 ივნისს ოფიციალურად დაიწყო


ევროპარლამენტის არჩევნები დღეს, 6 ივნისს, ოფიციალურად დაიწყო და 9 ივნისამდე გაგრძელდება. არჩევნები ნიდერლანდებიდან დაიწყო – საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:30 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.

ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ამომრჩევლები მომავალი 5 წლისთვის ევროპარლამენტის 720 კანონმდებელს აირჩევენ – ამომრჩეველთა რაოდენობა ჯამში, დაახლოებით, 370 მილიონს შეადგენს.

გასულ არჩევნებზე, 2019 წელს, ამომრჩეველთა აქტივობა 50,7% იყო, თუმცა მაჩვენებელი განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, ბელგიასა და ლუქსემბურგში ამომრჩეველთა აქტივობამ 90% შეადგინა, სლოვაკეთში – 22%.

ევროპარლამენტარები ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად აირჩევიან, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიას რაოდენობრივად ყველაზე მეტი, 96 დეპუტატი ეყოლება, კვიპროსს, ლუქსემბურგსა და მალტას კი – 6-6.

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ 2019-2024 წლებში ევროპარლამენტში 7 პოლიტიკური ჯგუფი იყო წარმოდგენილი – თითოეულში, სულ მცირე, 23 დეპუტატით, EU-ის მინიმუმ 7 ქვეყნიდან. იოზვიაკის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ჯგუფების უმრავლესობა იგივე დარჩება, თუმცა ის არ გამორიცხავს ახალი პოლიტიკური ჯგუფების დამატებას.

რაც შეეხება წარმომადგენლობას, ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი ცენტრისტული მემარჯვენე პარტია „ევროპის სახალხო პარტიაა”, რომელსაც სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D) მოსდევს.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...