Jump to content
Planeta.Ge

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება გაერო-ს რეზოლუციაზე - სამწუხაროდ, ყოველწლიურად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ ამ რეზოლუციას - დოკუმენტი ღიად მიკერძოებულია


ეს დოკუმენტი, რომელიც ყოველწლიურად წარედგინება გაერო-ს გენერალურ ასამბლეას საქართველოს ინიციატივით, არის ღიად მიკერძოებული, ყველა მხარის აზრის გათვალისწინების გარეშე შედგენილი და არ ასახავს რეგიონში არსებულ რეალურ ვითარებას, - ასე ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

„ყველაზე სერიოზული იმედგაცრუებაა ის, რომ ამ რეზოლუციის მიღება ყოველწლიურად ხდება აფხაზური მხარის აზრისა და პოზიციის გათვალისწინების გარეშე. სამწუხაროდ, აფხაზური მხარის მოთხოვნა, რომ ყველა დაინტერესებული მხარისთვის თანაბარი პირობები იყოს უზრუნველყოფილი, სრულიად იგნორირებულია. ე.წ. საერთაშორისო თანამეგობრობა თავისი ცალმხრივი ქმედებებით აჩვენებს იმას, რომ საერთოდ არ აქვს სურვილი, საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის რესპუბლიკის პოზიცია გაითვალისწინოს“, - აცხადებენ ე.წ. უწყებაში.

მათი მტკიცებით, ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებს“ აქვთ სრული უფლება, მიაწოდონ თავიანთი პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობას, რაც „შეესაბამება გაერო-ს წესდების სულისკვეთებას და ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს“.

„სამწუხაროდ, ყოველწლიურად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ ამ რეზოლუციას, რადგან ქვეყნების ბევრმა წარმომადგენელმა ცოტა რამ იცის აფხაზეთში მიმდინარე რეალურ პროცესებზე“, - აღნიშნა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი თუჟბამ.

შეგახსენებთ, 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ კი ხმა 9 ქვეყანამ მისცა: რუსეთმა, სირიამ, ნიკარაგუამ, ზიმბაბვემ, ბურუნდიმ, ბელარუსმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ და მალიმ.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...