ბექა ლილუაშვილი - პირველ რიგში თუ ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ შეტევაზე გადავიდა
პირველ რიგში თუ ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ შეტევაზე გადავიდა, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას სანქციების შესახებ.
ლილუაშვილის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების პირველი ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო, როდესაც, აშშ-ის ელჩს და მთლიანად საელჩოს თვეების განმავლობაში ესხმოდა თავს.
„[მეთიუ მილერის განცხადება] ალბათ სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოს გადახედვას ნიშნავს. ის თუ რა გამოხატულება შეიძლება ჰქონდეს ამას, ამაზე მილერმა მაშინაც ისაუბრა, როდესაც თქვა, რომ ამ პროცესების გადახედვა ხდება. რა თქმა უნდა, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების პირველი ნაბიჯები ჩვენ გვახსოვს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, როდესაც პირდაპირ მის წარმომადგენელს, აშშ-ის ელჩს და მთლიანად საელჩოს თვეების განმავლობაში ესხმოდა თავს. პირველი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში აშშ-ის მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიის მიმართულებით, პირდაპირ იქნა ძირგამოთხრილი, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორებს დაუპირისპირდნენ. შემდეგ „რუსული კანონის“ ხელახალი ინიცირებით მოხდა არამხოლოდ აშშ-ის, არამედ ევროკავშირის და ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ რიტორიკის შემოტანა, რომ ეს სახელმწიფოები რეალურად არიან არა მეგობრები, არამედ მტრები. ამიტომ, პირველ რიგში თუ ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ შეტევაზე გადავიდა. ამიტომ, ბუნებრივია, როდესაც ქვეყანა უკან მიდის და პირდაპირ რუსეთის ორბიტაზე აღმოჩენის საფრთხე არსებობს, ჩვენი პარტნიორები და მათი ერები ჩვენს ქვეყანას და ხალხს ამ საფრთხის წინაშე მარტოს არ დატოვებენ”, - აღნიშნა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მოიაზრებს პოტენციურ სანქციებს, დახმარების რაოდენობას და სავიზო შეზღუდვებს გადახედვას.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.