მწვანე საღამოები ბოტანიკურ ბაღში - ტონინო გუერას სახელობის ღონისძიება
6 ივნისს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხეხილის ხეივანში’’ საპატიო საზოგადო მოღვაწეების სახელზე ქართული დავიწყებული ხეხილის იშვიათი ქართული ნერგები დაირგვება. დარგვის შემდეგ წიგნის „არგონავტიკა, მედეა მითი და ისტორია“ და ტონინო გუერას რომანის „თბილი წვიმა“ პრეზენტაცია გაიმართება.
გამწვანების ღონისძიებაში, თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, იტალიის ელჩი საქართველოში, საზოგადოებისთვის ცნობილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და იმ ადამიანების ოჯახის წევრები მიიღებენ მონაწილეობას, რომელთა სახელობის მცენარეებიც გაშენდება.
7 ივნისს ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში სიმონე ძანკინისა და ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება, ფესტივალის ბოლო დღეს, 8 ივნისს იმავე სივრცეში დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართება.
იტალიაში „დავიწყებული ხეხილის ბაღი“ ჩვენი ქვეყნის მეგობარმა, ცნობილმა იტალიელმა პოეტმა, დრამატურგმა და სცენარისტმა ტონინო გუერამ შექმნა. მცენარეთა დავიწყებული ჯიშები მიუთითებენ კულტურისა და ხელოვნების მარადიულობაზე, წარმოაჩენენ თანამედროვე საზოგადოების წამყვან როლს, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მოვლა-პატრონობის საქმეში.
„დავიწყებული ხეხილის ხეივნის“ ანალოგის სახით 2020 წელს თბილისის ბოტანიკურ ბაღს კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატა, რომელიც არა მხოლოდ თანამოქალაქეებისთვის, არამედ ქალაქის სტუმრებისთვისაც საყვარელი ადგილი გახდა.
ღონისძიებამ ტრადიციული სახე მიიღო. ყოველწლიურად გამოჩენილი და საპატიო მოღვაწეების სახელობითი მცენარეები მათი შთამომავლების მიერ ირგვება. ტონინო გუერას სახელობის ‘’დავიწყებული ხეხილის ხეივანში’’ დარგულია სოფიკო ჭიაურელის, სერგო ფარაჯანოვის, ნოდარ დუმბაძის, რეზო გაბრიაძის, გიორგი შენგელაიას, ზაზა ურუშაძის, ნატა ვაჩნაძისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების სახელობის ხეხილის ნერგები.
ღონისძიება იმართება საქართველოში იტალიის საელჩოს, ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერით.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.