6 წლამდე ციხე 150-ლარიან ზიანზე — სადავო ნორმა, რომელიც მარტის აქციების შემდეგ მიიღეს
„250 ლარი ზიანი — 150 ლარი ხელობა“, – ასეა აღწერილი ბრალის დადგენილებაში ის ზარალი, რის გამოც 19 და 23 წლის ახალგაზრდებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათ გამოძიება ედავება რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების დღეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან განთავსებული დროებითი ჯებირის დაზიანებას.
როგორც ადვოკატი გვიყვება, დროებითი კონსტრუქციის ეპიზოდზე დაკავებული ორივე ახალგაზრდა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. 19 წლის ახალგაზრდა ჯარში მსახურობდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ კი მამას, რომელიც ხელოსანია — მშენებლობაზე ეხმარებოდა.
Რამდენად პროპორციულია 6 წლამდე საპატიმრო სასჯელი 400 ლარად შეფასებული ზიანისთვის? ლიმიტი ზიანისთვის, რომლის გამოც შეიძლება მოქალაქე ბევრი წლით ჩაჯდეს ციხეში, გაცილებით ნაკლები — 150 ლარია. მუხლი კი, რომელიც ამგვარ სასჯელს ითვალისწინებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გასული წლის მარტის აქციების შემდეგ გაჩნდა.
რა შეიცვალა კანონმდებლობაში?
გასული წლის ივნისის ბოლოს ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში, რომლითაც გამკაცრდა პასუხისმგებლობები ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის, ასევე, ცივი იარაღის ტარების მუხლებში. ამავე პაკეტით გამკაცრდა სხვისი ნივთის დაზიანების მიმართ ჩადენილი დანაშაულიც. კერძოდ, თუ იქამდე არ არსებობდა სხვისი ნივთის დაზიანების მიმართ ჯგუფური პასუხისმგებლობა, ახლა ის სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა და სწორედ აქედან გამომდინარე გახდა შესაძლებელი მის დამამძიმებელ გარემოებად შეფასება და მოქალაქეების 6 წლამდე ციხეში ჩასმა.
განმარტებით ბარათში, რომელიც კანონპროექტებს ახლავს თან და, როგორც წესი, განმარტავს ამა თუ იმ ცვლილების საჭიროებას, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლთან დაკავშირებით მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ მისი გამკაცრება „ქმედების საშიშროებიდან გამომდინარეა“ მიზანშეწონილი.
„გარდა ამისა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება ისეთი ქმედების ჩადენისთვის, როგორიცაა სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება“ ,— წერია კანონპროექტის ძირითადი არსის გრაფაში.
ნივთისთვის მიყენებულ „მნიშვნელოვან ზიანად“ საქართველოს კანონმდებლობა 150- ლარიან ზღვარს ადგენს.
როგორც „ნეტგაზეთთან“ საუბრისას DRI-ს იურისტი თათია კონიაშვილი აღნიშნავს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის იმთავითვე განჭვრეტადი იყო, რომ კანონის ამ ჩანაწერს აქციების მიმართ მსუსხავი ეფექტი ექნებოდა.
საზოგადოებისთვის ცნობილი პირველი გახმაურებული შემთხვევაც, როცა ხელისუფლებამ ეს ჩანაწერი გამოიყენა, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული აქტივისტების, აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას საქმე იყო — მათ პროკურატურა ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის ჯგუფურად დაზიანებას.
რამდენად სამართლიანია 150-ლარიანი ზიანის გამო 6 წლამდე პატიმრობა? —ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) საკონსტიტუციო სასამართლოში სვამს და სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილში შესულ ცვლილებებს ასაჩივრებს.
სწორედ ხასაიასა და ჩიქობავას სახელით მოამზადა DRI-მ საკონსტიტუციო სარჩელი, თუმცა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების კონტექსტში კანონის პრობლემური ჩანაწერის გამოყენებამ უფრო ფართომასშტაბიანი სახე მიიღო.
რატომ არის კანონის ეს ჩანაწერი პრობლემური?
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მკვლევარი თამარ გვასალია აღნიშნავს, რომ პირველი შეუსაბამობა, რომელსაც კანონის ამ ჩანაწერში ვხვდებით, ნივთის დაზიანებისა და განადგურების გათანაბრებაა. კერძოდ, ქვეპუნქტი ამ ორ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ შედეგს ერთ ქმედებაში აერთიანებს და ერთგვაროვან სასჯელს უწესებს.
ამასთან, მართლმსაჯულების მკვლევრის თქმით, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზიანის კომპონენტი, რომელიც განმსაზღვრელია ამ მუხლთან მიმართებით პასუხისმგებლობისთვის. უფრო ზუსტად, იმისათვის, რომ ამ მუხლით მოქალაქის პასუხისმგებლობა დადგეს, საჭიროა ნივთის განადგურებამ ან დაზიანებამ “მნიშვნელოვან ზიანს” მიაღწიოს, რაც ქართული კანონმდებლობით მინიმუმ 150 ლარს უდრის.
1998 წელს მიღებულ სისხლის სამართლის კოდექსში მნიშვნელოვანი ზიანის ცნება 2006 წელს განისაზღვრა, ჩანაწერიც 150-ლარიან ზღვარზე სწორედ მაშინ გაჩნდა და აღარ არ შეცვლილა. მას შემდეგ საკუთრებაზე ნებისმიერი ტიპის ზემოქმედება, რომლის შედეგად მიღებული ზიანიც 150 ლარს აღწევს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ ექცევა:
„ეს აბსოლუტურად არაადეკვატურია. 150 ლარს 2006 წელს ბევრად მეტი მსყიდველუნარიანობა ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს. ეს განსაკუთრებით პრობლემურია ამ მუხლის მეორე ნაწილთან მიმართებით, რომელშიც დამამძიმებელ გარემოებებზეა საუბარი და ზრდის თავისუფლების აღკვეთის ვადას. მაგალითად, თუ პირს სახელმწიფო ედავება ამ დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას, სანქციამ შესაძლოა 6 წლამდე პატიმრობასაც მიაღწიოს“ ,— აღნიშნავს გვასალია.
DRI-ს იურისტი თათია კონიაშვილი „ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ასეთ უმნიშვნელო ზიანზე ასეთი დიდი სასჯელის დაკისრება ადამიანის ღირსებასაც ლახავს და კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მოდის შეუსაბამობაში, რომელიც არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას კრძალავს. სასჯელის არაპროპორციულობის გამო კი ეწინააღმდეგება მის მე-11, თანასწორობის მუხლს.
იურისტი განმარტავს, რომ ამავე კანონის პირველი ნაწილის შემთხვევაში, რომელიც დანაშაულის ინდივიდუალურად ჩადენას ეხება, სანქცია ჯარიმის დაკისრების საშუალებასაც აძლევს მოსამართლეს, ჯგუფურობის შემთხვევაში კი სანქცია მხოლოდ საპატიმრო სასჯელით შემოიფარგლება. ამ კონტექსტში კონიაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კანონის ეს დისპოზიცია არ ითვალისწინებს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმების აუცილებლობას და თუ ორი ადამიანი რაიმეს პარალელურ რეჟიმში აზიანებს, კანონისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს პირები ერთმანეთს საერთოდ იცნობენ თუ არა, ან შეთანხმებული ჰქონდათ თუ არა აღნიშნული ქმედების ჩადენა:
„თუ ერთი ადამიანის პარალელურად სხვაც აკეთებს ამას, აქ უკვე უალტერნატივო სასჯელი შემოდის და ამ ჯგუფურობას არ სჭირდება არც წინასწარი შეთანხმება — არაფერი. ეს შეიძლება იყოს ასე დაუგეგმავად, რასაც აქციებზე ხშირად აქვს ხოლმე ადგილი — ადამიანები შეიძლება ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ და უბრალოდ აკეთებენ რაღაცას ერთდროულად. ამიტომ ვამბობდით, რომ ამას აქციებზე მსუსხავი ეფექტი ექნებოდა და ჩვენი დაკვირვებაც ამას აჩვენებს“, — აღნიშნავს DRI-ს იურისტი.
ამ კონტექსტში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მკვლევარი თამარ გვასალია აღნიშნავს, რომ პრობლემურია ისიც, რომ ჩანაწერი ზედმეტად ფართოა, რაც ყოველთვის მხოლოდ სახელმწიფოს აძლევს ხელს და ანიჭებს შესაძლებლობას, ხშირ შემთხვევაში ბოროტად და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ეს ნორმა:
“ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ის ნორმები, რომელიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს, იყოს ძალიან ვიწრო და ძალიან ცხადი, რათა მან გამორიცხოს სახელმწიფოს მხრიდან არაკეთილსინდისიერი ინტერპრეტირება და გამოყენება.
ეს ორ რამეს აზღვევს, პირველ რიგში, დაიცვას მოქალაქე სახელმწიფოს რეპრესიისგან და მეორე — კანონი იყოს ცხადი და განჭვრეტადი ყველასთვის. მოქალაქემ ზუსტად უნდა იცოდეს, ის ქმედება, რომელსაც სჩადის, არის თუ არა დასჯადი კონკრეტული მუხლით“, — აღნიშნავს გვასალია.
DRI-ს იურისტი თათია კონიაშვილი კი ამატებს, რომ არანაკლებ პრობლემურია ისიც, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 187 მულის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტი არ უტოვებს მოსამართლეს დისკრეციას, იმსჯელოს ბრალდებულის ასაკზე, სამუშაო ადგილზე თუ პიროვნულ თვისებებზე გადაწყვეტილების გამოტანისას და მისი სამოქმედო არეალი 3-დან 6 წლამდე სასჯელის დაკისრებითაა შეზღუდული, თუ პირის ბრალეულობა დამტკიცდება.
როგორ იყენებს ამ ნორმას ხელისუფლება დემონსტრანტების წინააღმდეგ?
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააპატიმრა. მათგან ბოლოს 19 და 21 წლის ახალგაზრდები დააკავეს, რომლებსაც პარლამენტის შენობასთან განთავსებული დროებითი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას სწორედ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტით ედავებიან.
აღნიშნულ საქმეზეც ბრალდებულების ინტერესებს DRI იცავს და, როგორც ორგანიზაციის იურისტი თათია კონიაშვილი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, ბრალის დადგენილების მიხედვით, ჯებირის ფაქტობრივი ზიანი 250 ლარს შეადგენს, ხელობა კი 150 ლარი ღირს.
„ჩვენ როდესაც საკონსტიტუციოში სარჩელს ვწერდით, ეს ფაქტები, რა თქმა უნდა, არ იყო ჯერ დღის წესრიგში, მაგრამ წინასწარ განჭვრეტადი იყო, რომ ასეთი მცირე ზიანის შემთხვევაშიც კი ძალიან კარგად გამოიყენებდა სახელმწიფო ამ მუხლს. ეს დღეს სახეზეა და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია გაფორმდეს თუნდაც საპროცესო შეთანხმება ან განრიდება — ეს მოსამართლის დისკრეცია არ არის. ჩვენ სწორედ ამაზე ვსაუბრობთ საკონსტიტუციო სასამართლოში“, — ამბობს იურისტი.
DRI-ს იურისტი აღნიშნავს, რომ თავის დროზე შესაძლოა აღნიშნულ მუხლში ცვლილებების შეტანის მიზანი სწორედ პროტესტის ჩახშობის მცდელობაც ყოფილიყო.
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მკვლევარი თამარ გვასალია კი ყურადღებას ამახვილებს ზოგად კონტექსტზეც, თუ როგორია ხელისუფლების რეაქცია აქციებთან დაკავშირებით. გვასალიას თქმით, ცხადად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ ბოლომდე აამუშავა რეპრესიული აპარატი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რაც მხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმებით არ შემოიფარგლება.
ეს გამოიხატება პირველ რიგში იმ საპოლიციო რეპრესიაზე, რომელსაც სახელმწიფო იყენებს დემონსტრანტების მიმართ:
ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ პოლიციის მხრიდან აპროპორციული ძალის გამოყენება და ის, რომ ადამიანებმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღეს. მეორე მხრივ, არცერთ პოლიციელს ჯერ პასუხი არ უგია ამასთან დაკავშირებით, ცალსახად არის რეპრესიული ხელწერა იმისათვის, რომ მოხდეს დემონსტრანტების მორალური ჩაგვრა და დემობილიზება. ამასთან, პოლიტიკოსები პირდაპირ აანონსებდნენ ამ რეპრესიებს“ ,— ამბობს მკვლევარი და დასძენს, რომ ამას ემატება იმგვარი სამართლებრივი მექანიზმები, როგორიც სწორედ ეს სადავო ნორმაა.
DRI-ს მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც ორგანიზაციამ მიმდინარე წლის მარტში მოამზადა, საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრირებულია, თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სასამართლოს საქმის განხილვისთვის 9- თვიანი ვადა აქვს (გარკვეულ შემთხვევებში 2 თვის დამატებით).
ორგანიზაციის იურისტის თქმით, არსებული პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე სარჩელის ავტორებს არ აქვთ მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქმის განხილვას დროულად დაიწყებს და გადაწყვეტილებასაც მალე გამოიტანს.
NETGAEZETI
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.