შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა.
პაპუაშვილის განცხადებით, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სურთ, უცხო მთავრობების დაფინანსებით, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იქონიონ გავლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაზე, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი.
"დღეს ხელი მოვაწერე კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".
ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა.
კანონის მიდგომა მარტივი და გასაგებია. თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სურთ, უცხო მთავრობების დაფინანსებით, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იქონიონ გავლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაზე, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი - მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ დგას თითოეული აქტორის უკან. ეს ასეა სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო მოხელეების შემთხვევაში და ასე უნდა იყოს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების შემთხვევაშიც.
როგორც ვამბობდით, კანონი მისი უშუალო მიზნის გარდა, სხვა მიზნებსაც მიაღწევდა. განხილვების ორთვიანმა პროცესმა ეს დაადასტურა.
პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რადიკალური ოპოზიცია ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა სხვა ქვეყნების ინტერესებს აყენებს. მათ ეროვნული ინტერესი სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან ტაშის კვრაში ერევათ, დამოუკიდებლობა კი მორჩილებაში. ასეთები იყვნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეთებად დარჩნენ ოპოზიციაში.
გარდა ამისა, ორი თვის განმავლობაში ვნახეთ მუქარა, შანტაჟი, კანონის სტიგმატიზება, ვიხილეთ უცხო ქვეყნების მინისტრები ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე, ვნახეთ მაიდანის ხსენება გარედან და მისი ესთეტიკის კოპირება შიგნიდან. ანუ ვნახეთ ყველაფერი ის რაც არაევროპული და თავისი ბუნებით საბჭოთაა. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა გამოთქვა სურვილი იცოდეს მეტი იმ ფულის შესახებ, რომელიც მის ქვეყანაში მის ცხოვრებაზე ზემოქმედების მიზნით შემოდის.
ამიტომ, ყველაზე იმედგამაცრუებელი, ამ ყვირილით ჩახშობილ დისკუსიაში, ალბათ, ის იყო, რომ დღემდე არ გამოჩნდა არცერთი უცხო სახელმწიფო, არცერთი უცხო დონორი, არცერთი უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იტყოდა, რომ ის მზად იყო ნებაყოფლობით ეკისრა ქართველი ხალხის მიმართ საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობის ვალდებულება. არცერთი!
ამან კიდევ ერთხელ აჩვენა ჩვენს ხალხს, რომ სხვა ყველაფერი მხოლოდ საბაბია, სინამდვილეში კი პროტესტის მიზანი უცხოური ფულის ხალხისგან ფარულად ხარჯვის პრივილეგიის შენარჩუნებაა.
ამ აპოკალიპტურ სურათს გვიხატავდნენ იმ ფონზე, როცა გამჭვირვალობის კანონი ერთადერთ მარტივ ვალდებულებას ადგენს, რომ ორგანიზაციებმა, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურ დაფინანსებაზე მოდის, წელიწადში ერთხელ დაადეკლარირონ საკუთარი ფინანსები. ეს არის ყველაზე მინიმალური ვალდებულება რაც კი შეიძლება დაწესებულიყო. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ამაზე ნაკლები ვალდებულება არ არსებობს მსოფლიო მასშტაბით არცერთ სამართლებრივ სისტემაში.
ჩვენ ვხედავთ, რომ დროსთან ერთად გაიფანტა დეზინფორმაციით შექმნილი ყველა მითი, დაცხრა ემოციები და რადიკალური ოპოზიციის პროტესტს მიერთებული მოქალაქეებიდან ბევრმა უკვე დაინახა, რომ, სინამდვილეში, გამჭვირვალობის კანონი გაზრდის არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი დამფინანსებლების პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას, გააჯანსაღებს პოლიტიკურ სისტემას, შეასუსტებს დეზინფორმაციას, შეამცირებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას. და რაც მთავარია, მოქალაქეს მისცემს ბერკეტს, რომ უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება მოხმარდეს მის ინტერესს და არა მხოლოდ დონორის და მისი დაფინანსებული ორგანიზაციის ინტერესს. ამიტომაც არის ეს კანონი ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი.
და ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა სიბრძნე, არ აყვა ტყუილის და სიძულვილის ნიაღვარს და დაანახა ყველას შინ და გარეთ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი მხარე - საქართველოს მხარე და არსებობს მხოლოდ ერთი არჩევანი - დადგე საქართველოს მხარეს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.