გიორგი გახარია - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გაურკვეველი, კორუმპირებული მთავრობა გვყავს, ქვეყანა არის სრულად პროევროპელი და გამსჭვალულია მიზნით, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი (ვიდეო)
მოგეხსენებათ, რომ პრაღაში ჩატარდა ნატოს საგარეო საქმეთა არაფორმალური მინისტერიალი, რომლის მთავარი მიზანი გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი- ვაშინგტონში ივლისში ნატოს დიდი თავშეყრის დაგეგმვა. დღეს დასავლურ სამყაროში ძალიან დიდი ცვლილებები და კონსოლიდირება ხდება, ხდება გადააზრება გამოწვევების, იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობის, რომელიც დღეს მსოფლიოშია და ეს ყველაფერი ხდება ევროპის ირგვლივ. სამწუხაროა ის, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ეს როლი დანახულიც არ აქვს. აშკარაა, რომ საქართველოს გაუჩნდა შესაძლებლობა ბოლო წლების განმავლობაში ახალი დამატებითი გეოპოლიტიკური ფუნქცია შეიძინოს და ჩვენ ამას არ ვიყენებთ, - აცხადებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია.
მისივე თქმით, ამ შესაძლებლობას არ ვიყენებთ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ურჩევნია უხეშად აკეთოს ფული და "მარტივად, პრიმიტიულად ხელიდან გაუშვას ქვეყნისთვის ამდენად მნიშვნელოვანი პერსპექტივა".
"ტყუილი, ფეიკ დეზინფორმაციით - "აბა ომი გინდათ?", ამ დეზინფორმაციას ამოფარებულები უხეშად აკეთებენ ფულს, სხვას არაფერს და ქვეყანის შესაძლებლობებს, მის გეოგრაფიას, მის კულტურას, მის სამართლებრივ სივრცეს იყენებენ ამ ფულის საკეთებლად. ცდილობენ ამას რაღაც დიდი პატრიოტული სახელი დაარქვან, ვითომ ვიღაცას ომისგან იცავენ ან ქვეყნის სუვერენიტეტს იცავენ და ა.შ. სულ მალე საქართველოს მოქალაქეები დაინახავენ თავისი თვალით, რომ ის სტრატეგიული შეცდომები, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება უშვებს, ჩვენ გვაშორებს შესაძლებლობიდან - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენიდან. ჩვენი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები გამოდიან და ცდილობენ არჩევნების წინ, საარჩევნო კონტექსტში ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრონ, მოსკოვიდან გამოდიან და მას თავზე ასხამენ ცივ წყალს, იმას რასაც იმსახურებენ, მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ, რომ ხელისუფლება, რომელიც დაცლილია პასუხისმგებლობისგან და ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს რესურსი იხელისუფლოს ქვეყანაში, მას არავინ დაელაპარაკება. რესურსისგან დაცლილი, ლეგიტიმაციისგან დაცლილი, კორუფციაში ჩაფლული, ერთმანეთზე გადაკიდებული, საკუთარ მოქალაქეებზე მოძალადე ხელისუფლებას მოსკოვიდან არავინ დაელაპარაკება სერიოზულად. ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ ის, რომ საქართველოს დღეს აქვს უნიკალური შესაძლებლობა დამატებით გეოპოლიტიკური ფუნქცია შეიძინოს და იყოს მშვიდობის მოთამაშე ამ რეგიონში. დღეს, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს - დეზინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს მშვიდობას იცავენ, რეალურად კი მოკლევადიანად აკეთებენ ფულს და გრძელვადიან მშვიდობას ამ ქვეყანაში უქმნიან სერიოზულ რისკებს, უთხრიან ძირს. საბოლოო ჯამში, არჩევნებია გამოსავალი. უნდა ვესაუბროთ საქართველოს მოქალაქეებს რეალობაზე, იმაზე თუ რა არის სიმართლე, ის ტყუილები და დეზინფორმაციები კი არა, რომელსაც ავრცელებენ - სიმართლე უნდა დავანახოთ. საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი, რა თქმა უნდა, არის ქრისტიანული ევროპა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გაურკვეველი, კორუმპირებული მთავრობა გვყავს, ქვეყანა არის სრულად პროევროპელი და გამსჭვალულია მიზნით, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.