Jump to content
Planeta.Ge

რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული კოშკის აღდგენის პროექტმა კულტურული მემკვიდრეობის პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა


ხევსურეთში რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული კოშკის აღდგენის ქართულმა პროექტმა მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების  ჯილდო მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ფონდი ავრცელებს.

ფონდის ცნობით, „ევროპა ნოსტრას“ ერთ-ერთი გამარჯვებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის – ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციაა, რომელიც დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით გახდა შესაძლებელი და ქართველი და ევროპელი პროფესიონალებისა და  ახალგაზრდა მოხალისეების ერთობლივი მუშაობის შედეგია.

„ევროპა ნოსტრა“ ევროპის ყველაზე მასშტაბური და წარმომადგენლობითი ორგანიზაციაა მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში, 60-წლიანი ისტორიით. ის 1963 წელს დაარსდა პარიზში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით; აერთიანებს 40-ზე მეტ ქვეყანას და აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან, ევროპის საბჭოსთან, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

„ევროპა ნოსტრას“ ჟიურის შეფასებით, აღნიშნული პროექტი „მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ყოვლისმომცველი მიდგომის სრულყოფილ ნიმუშად გვევლინება. ეს მიდგომა გულისხმობს ძეგლის რესტავრაციის პროცესს, თემის ჩართულობას, საერთაშორისო თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას…

პროექტმა წვლილი შეიტანა საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში, მშვიდობისა და ურთიერთნდობის  ხელშეწყობაში, და შექმნა ერთობა – მემკვიდრეობისათვის“, – ნათქვამია ჟიურის გადაწყვეტილებაში ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის შესახებ.

პუბლიკა

publika.ge-tower-mid-works-with-scaffold

საქართველოს ეროვნული ფონდის ცნობით, ძეგლის რეაბილიტაციაზე, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, საქართველოში 420 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც, დაახლოებით 90 000 ლარი პროექტში ჩართულ ადგილობრივ თემს მოხმარდა.

„ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ბრიტანელი, ფრანგი, პოლონელი კოლეგების ჩართულობა და ახალგაზრდა მოხალისეების ძალისხმევა აღმოჩნდა გადამწყვეტი, რათა განადგურებისგან გადარჩენილიყო შუასაუკუნეების თავდაცვითი კოშკი, ჩვენი ისტორიის ნაწილი, და ამასთანავე ევროპის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლი.

კოშკის რეაბილიტაციასთან ერთად, პროექტის შედეგად გაიზარდა არხოტის თემის ცნობადობა საქართველოსა და ევროპაში, შეიქმნა მნიშვნელოვანი  წინაპირობა  ხეობაში მემკვიდრეობის ტურიზმის გასავითარელად, ერთმანეთს დაამეგობრა ქართველი და ევროპელი ახალგაზრდები და მოხალისეები“, – განაცხადა მარინე მიზანდარმა, საქართველოს ეროვნული ფონდის თანადამფუძნებელმა.

ცისკარაულების კოშკის დაზიანებისა და აღდგენის შესახებ

XVI-XVIII საუკუნეების ცისკარაულების კოშკი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს, 2001 წელს, რუსული ჭურვების სამიზნე გახდა და მძიმედ დაზიანდა. დანგრევის საფრთხის წინ მდგარი 19 მეტრის სიმაღლის კოშკის გადარჩენა შესაძლებელი გახდა ბრიტანელი, ფრანგი, პოლონელი და ქართველი პარტნიორების  წარმატებული თანამშრომლობის, პროფესიონალთა გუნდისა და 46 ახალგაზრდა მოხალისის შრომის წყალობით.

რუსეთ-საქართველოს საზღვრისპირა არხოტის ხეობის სიამაყის – ცისკარაულების კოშკის – გადარჩენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი თემისთვის, რომელიც წელიწადში 8 თვის განმავლობაში მოწყვეტილია სამყაროს. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო საფეხმავლო ეკო-ტურისტული ბილიკი საირმის მთაზე, რომელიც დაკავშირებულია სოფელ ახიელთან და კოშკთან.

კოშკის აღდგენაზე ერთად მუშაობდნენ ადგილობრივი კალატოზები, გამოცდილი არქიტექტორები, სპეციალისტები და მოხალისეები. დღეს კოშკი სათავდაცვო ნაგებობების რეაბილიტაციის სანიმუშო მაგალითია. მის ქვედა სივრცეში მოწყობილი სამუზეუმო სივრცე მნახველს აცნობს არხოტის თემის ისტორიას და კოშკის რეაბილიტაციის ეტაპებს.  კოშკის რეაბილიტაციის პროცესს  ასახავს  მოკლე ფილმიც, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ფონდმა მოამზადა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...