Jump to content
Planeta.Ge

თემურ კარბაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილები ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს


საქართველოს მოქალაქე ვიტალი (თემურ) კარბაიას მკვლელობის საქმეზე გალში დაკავებული ე.წ. მილიციის ორი თანამშრომელი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, გალის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები — ალბერტ ზარაქუა და ვიანორ აბშილავა — გაამართლა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებაში, დამნაშავედ ცნო მხოლოდ დაუდევრობაში და 50 000 რუბლის ჯარიმის სანაცვლოდ ისინი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. ასევე, ერთი წლით აეკრძალათ გარკვეული თანამდებობის დაკავება.

დე ფაქტო პროკურატურა აცხადებს, რომ განაჩენის სრული ტექსტის მიღების შემდეგ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

მესამე ბრალდებულ დავით კვეკვესკირზე აფხაზეთში ძებნაა გამოცხადებული. „მთავარმა არხმა“ მიმდინარე წლის თებერვალში გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვეკვესკირი ზუგდიდში დააკავეს.

2023 წლის 9 დეკემბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ გალში საოკუპაციო რეჟიმის „მილიციის“ სამმა თანამშრომელმა ჩხრეკის მიზნით გააჩერა და სასტიკად სცემა საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაია, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გალის რაიონის დე ფაქტო პროკურატურამ ჯგუფურად განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებისა და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალი წარუდგინა გალის ე.წ. მილიციის სამ თანამშრომელს — ალბერტ ზარაქუას, ვიანორ აბშილავასა და დავით კვეკვესკირს. ზარაქუა და აბშილავა 2024 წლის 10 თებერვალს გალში დააკავეს, დავით კვეკვესკირი კი მიმალვაში იმყოფებოდა.

ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო პროკურატურის გამოძიების თანახმად, გასული წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა კარბაია ნასვამ მდგომარეობაში მიიყვანა მილიციის განყოფილებაში, სადაც უკანონო ჩხრეკა ჩაატარა. შემოწმების ბოლოს დაკავებულმა მას უცენზურო სიტყვებით მიმართა, მილიციელმა კი სახეში გაარტყა. სამორიგეო განყოფილებაში შევიდნენ ზარაქუა და აბშილავა, რომელთაც კვეკვესკირთან ერთად კარბაია სცემეს. შედეგად, თემურ კარბაიამ დაზიანებები მიიღო გულ-მკერდის არეში, ჩამტვრეული ჰქონდა ოთხი ნეკნი, ასევე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები სახეზე. ე.წ. პროკურატურის ცნობით, ცემის შემდეგ კირბაია კანონიერი საფუძვლის გარეშე გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, საიდანაც 7 დეკემბერს გაათავისუფლეს.

თემურ კარბაია 2023 წლის 9 დეკემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.

 

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...