„მითხრეს, ტვინს გამასხმევინებდნენ“ — უზენაესის ყოფილი მოსამართლე ზეწოლაზე საუბრობს
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე ტელეკომპანია „პირველთან“ მოსამართლედ საქმიანობის პერიოდში მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.
ალავიძე რამდენიმე ეპიზოდს იხსენებს და ამბობს, რომ ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარისგან მიიღო შეტყობინება, რომ თუ ხელისუფლებისთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, „ტვინს გაასხმევინებდნენ“.
„ის, რომ მცირე გვაქვს ჯგუფი ამ მოსამართლეებისა, რომლებიც თუნდაც ამ ფორმით გამოხატავენ პოზიციას, ეს არის შედეგი იმისა, რომ სახეზე გვაქვს დაშინებული სასამართლო. უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარისგან მომივიდა მესიჯი ასეთი, რომ თუ მე ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე, რომელიც უკვე დასრულებულია, არ მივიღებდი სასურველ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდებოდა „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს, მოქმედ ხელისუფლებას — მე ტვინს გამასხმევინებდნენ“ — ამბობს ყოფილი მოსამართლე.
ამასთან, ბესარიონ ალავიძის თქმით, იყო შემთხვევებიც, როცა სასურველი გადაწყვეტილების სანაცვლოდ სასამართლო სისტემაში მოქმედი გავლენიანი ჯგუფი კეთილგანწყობას ჰპირდებოდა, იმ შემთხვევაში კი, თუ ამ ზეწოლაზე მედიასთან ისაუბრებდა, ემუქრებოდნენ, რომ „გადაუვლიდნენ“:
„ასევე, მაგალითად, მივიღე შემოთავაზება ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით, სადაც მითხრეს, რომ თუ მე იმ საქმეს წინასწარ, გარიგებულად მოვაწერდი მაგალითად ხელს, ჩემ მიმართ შეიცვლებოდა განწყობა და დამოკიდებულება. ასევე კლანისგან მივიღე ისევ მუქარა, რომ თუ მე, მაგალითად, ვისაუბრებდი ჟურნალისტებთან საჯაროდ და ღიად სასამართლოში არსებულ პრობლემებზე, შემექმნებოდა პრობლემა, გადამივლიდნენ და უკან არ დაიხევდნენ არაფერზე. მიუხედავად ამისა, მე არ ვაპირებ გაჩერებას,“ — ამბობს ყოფილი მოსამართლე.
ბესარიონ ალავიძეზე ზეწოლაზე საუბრობდა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებით, „რუსთავი2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზენაესი სასამართლოს მაშინდელ მოსამართლეზე, ბესარიონ ალავიძეზე, ზეწოლა განხორციელდა.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მაშინდელმა მოადგილემ, მიხეილ ჩინჩალაძემ, “არაერთი ზეწოლის შემდეგ” ვერ დაითანხმა ალავიძე, მიეღო მმართველი პარტიისთვის სასურველი გადაწყვეტილება “რუსთავი2-ის” საქმეზე, პროცესში სუსი ჩართო.
“ჩაინიშნა საგანგებო თათბირი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში, სადაც გადაწყდა, რომ საქმეში უნდა ჩავრთულიყავით ჩვენ – სუსი.
ბესარიონ ალავიძე 2009-2011 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, 2011 წლის თებერვლიდან კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ საქმიანობდა.
ალავიძე, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ჩართული იყო “რუსთავი2-ის” საქმის განხილვაში, რომელზე მიღებული გადაწყვეტილების ძალითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს. ალავიძე შედიოდა როგორც უზენაესის სამი მოსამართლისაგან შემდგარ კოლეგიაში, რომელიც საქმეს თავდაპირველად განიხილავდა, ისე დიდ კოლეგიაში, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
2016 წლის სექტემბერში, როცა უზენაესში საქმეს ჯერაც 3 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავდა, ტელეარხის იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ სამივე მათგანი ზეწოლის ქვეშ იყო და ამ პროცესს ჩინჩალაძე ხელმძღვანელობდა. მანვე თქვა, რომ ზეწოლაში უსაფრთხოების სამსახურებიც მონაწილეობდნენ. როგორც ალავიძემ, ისე სხვა ორმა მოსამართლემ, არ დაადასტურეს ზეწოლა.
მეორე მხრივ, ბესარიონ ალავიძე ერთ-ერთია უზენაესი სასამართლოს იმ ორ მოსამართლეს შორის, რომელთა მიმართ ზეწოლის შესახებაც პროკურატურამ განცხადება 2017 წელს გაავრცელა და გამოძიებაც დაიწყო.
პროკურატურა მაშინ ამბობდა, რომ ალავიძემ და მისმა კოლეგამ, პაატა ქათამაძემ, რომელიც ასევე შედიოდა “რუსთავი2”-ის საქმის განმხილველ ორივე კოლეგიაში, მიიღეს მუქარის შემცველი წერილები, რომლითაც იკვეთებოდა მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის ნიშნები. აღნიშნულ წერილებს პროკურატურა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს უკავშირებდა.
მოგვიანებით ალავიძემ და ქათამაძემ თავადაც მიმართეს პროკურატურას, თუმცა შემდეგ ბესარიონ ალავიძემ ჟურნალისტებთან ერთ-ერთ ინტერვიუში არ დაადასტურა წერილების მუქარის შემცველი შინაარსი და განაცხადა, რომ მუქარა რომ ყოფილიყო, ამას თავად იტყოდა და არ დამალავდა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.