Jump to content
Planeta.Ge

ცაჰკნა: შესაძლოა განვიხილოთ სანქციები, უვიზო რეჟიმისა და კანდიდატის სტატუსის შეჩერება


ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა შორდება ევროპულ გზას და არ გამორიცხავს, რომ რუსული კანონის საპასუხო ზომად ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერება, პერსონალური სანქციები და კანდიდატის სტატუსის შეჩერება განიხილოს. ამის შესახებ მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ლიეტუვის, ლატვიისა და ისლანდიის მინისტრებთან ერთად ვიყავით საქართველოში და ვითარება ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია. ერთი საკითხია უცხოური აგენტების კანონი, მაგრამ საქმეა ისაა, რომ საქართველოს მთავრობა შორდება ევროპულ გზას, მათ ეს საჯაროდაც განაცხადეს. ასე რომ, ჩვენ დღეს ასევე დავაყენებთ საქართველოს საკითხს, რომ ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს, ძალიან მკაფიო უნდა იყოს პასუხში.

ჩვენ მივეცით საქართველოს მთავრობას სავიზო თავისუფლების, ნებისმიერი სახის მხარდაჭერა, ასევე, კანდიდატი ქვეყნის ოფიციალური სტატუსი. ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ საქართველოს სიტუაციასაც, რადგან ქართველს ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და საქართველოს მთავრობაც ამას დაპჰირდა არა მხოლოდ ხალხს, არამედ ევროკავშირსაც.

ევროკავშირის მხარდაჭერა ამ გზის მიმართ გარანტირებული არ არის, რადგან საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს შეთანხმებული გზის 9 პირობა. პირველ რიგში, რაც გვინდა, არის ის, რომ გვსურს, კომისიისგან მივიღოთ ცხრა ნაბიჯის შესახებ მიმოხილვა, ასევე, მოვამზადოთ საპასუხო ქმედებები. ვგულისხმობ როგორც კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ასევე პერსონალურ სანქციებს, თუ ეს შესაძლებელია, მაგრამ ასევე ვიზების რეჟიმის შესაძლო შეჩერებისა და გადახედვის შესახებ.

რაც მიეცა საქართველოს ხელისუფლებას, არ არის გარანტირებული, რადგან ახლა საქართველოს ხელისუფლება უნდა წინ წაიწიოს, როგორც ეს იყო შეთანხმებული ევროკავშირთან და ქართველ ხალხთან’, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს მხრიდან დათქმები არ შესრულდა, „ნიშნავს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი აღარ აქვს”.

2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ, ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. თუმცა, შესრულებისთვის აუცილებელი 9 დათქმით.


ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც EU-ის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. ცნობილია, რომ საბჭოზე სხვა ქვეყნების საკითხებთან ერთად საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...