პრეზიდენტი - არჩევნებით ჩვენ მთავარი არჩევანი უნდა გავაკეთოთ: ან ევროპული, დამოუკიდებელი საქართველო, ან რუსული ყაიდის, ავტორიტარული და იზოლაციაში მყოფი საქართველო! - ასეთ არჩევანს სახალხო რეფერენდუმი ჰქვია
სტაბილურობის შენარჩუნების გზა მხოლოდ არჩევნებზე გადის - მომავალი არჩევნები ამ ქვეყნისთვის იმავე მნიშვნელობის იქნება, როგორიც 1918 წლის არჩევნები, ან 1991 წლის რეფერენდუმი იყო, ანუ ქვეყნის ისტორიული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ არჩევნებით ჩვენ მთავარი არჩევანი უნდა გავაკეთოთ: ან ევროპული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველო, ან რუსული ყაიდის, ავტორიტარული და იზოლაციაში მყოფი საქართველო, ასეთ არჩევანს კი სახალხო რეფერენდუმი ჰქვია.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, გამოსავლის გზა გადის ასევე იმაზე, რასაც 33 წლის განმავლობაში ბოლომდე ვერ მივაღწიეთ, ანუ ქვეყნის „განსაბჭოებაზე“, ანუ საბჭოთა სისტემის გადმონაშთების ამოძირკვაზე.
„გამოსავლის გზის მეორე ქვაკუთხედია სტაბილურობა. ამ რეგიონში და ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ჩვენთვის მშვიდობიანი პროცესების გარდა, გამოსავალი არაა. არ არის და ვერ იქნება გამოსავალი რევოლუციების, სახელმწიფო გადატრიალების, დესტრუქციის, ანუ დესტაბილიზაციის გზა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გარეთ ეს ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მტერს და შიგნით - ხელს უწყობს მშვიდობიანი პროცესის დივერსიად წარმოჩენას, დაშინებას, რეპრესიებს და საბოლოოდ, ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერებას. სტაბილურობის შენარჩუნების გზა კი მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე გადის. არჩევნები დემოკრატიულობის ერთადერთი გზა და ერთადერთი საზომია, არჩევნები დემოკრატიულობის მთავარი ტესტი, რითაც ასევე უნდა შეფასდეს ჩვენი მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამ არჩევნებით ჩვენ მთავარი არჩევანი უნდა გავაკეთოთ: ან ევროპული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველო, ან რუსული ყაიდის, ავტორიტარული და იზოლაციაში მყოფი საქართველო! ასეთ არჩევანს კი სახალხო რეფერენდუმი ჰქვია. სწორედ ამიტომ, მომავალი არჩევნები ამ ქვეყნისთვის იმავე მნიშვნელობის იქნება, როგორიც 1918 წლის არჩევნები, ან 1991 წლის რეფერენდუმი იყო - ანუ ქვეყნის ისტორიული გადაწყვეტილება! ხალხის ხმამ და ხალხის ნებამ ქართველი ერი ხელახლა უნდა დაბადოს და მას საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა დაუბრუნოს.
ჩვენ ჩვენს თავს უნდა დავუმტკიცოთ, რომ შეგვიძლია ყველაფერი და რომ ჩვენს მომავალს ვერავინ წაგვართმევს! ამ არჩევნებით უნდა ვუპასუხოთ ახალგაზრდების, და არა მხოლოდ მათ მოლოდინს და გავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობების ველი. ისინი ქვეყნიდან წასვლაზე კი არ უნდა ფიქრობდნენ, არამედ იმაზე, რომ ეს მიწა მათია და მათ უნდა დაწერონ ქვეყნის მომავლის ფურცელი.
გამოსავლის გზა გადის ასევე იმაზე, რასაც 33 წლის განმავლობაში ბოლომდე ვერ მივაღწიეთ, ანუ ქვეყნის „განსაბჭოებას“ - ანუ საბჭოთა სისტემის გადმონაშთების ამოძირკვას. უნდა ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც იმ შავბნელ წარსულს ახასიათებდა - იზოლაცია, ომი, არარსებული მტრის ხატი, კონსპირაციები და მათი თეორიები, დაპირისპირება, რეპრესიები, ცენზურა, მოსმენა, დასმენა, ფარული ჩანაწერები, კომპრომატების კორიანტელი, მონობა, ორგულობა, ტყუილი, გაუცხოება, შიში და კონფორმიზმი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.