Jump to content
Planeta.Ge

იურიდიული კომიტეტი „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს 27 მაისს განიხილავს


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ორშაბათს, 27 მაისს, გაიმართება. სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად წერია „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს განხილვა.

პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში შესწორების შეტანა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს და შეკითხვებს დასვამენ პარლამენტის წევრები. ამის შემდეგ კომიტეტი მოტივირებულ შენიშვნებს კენჭს უყრის, რომლის შედეგებისგან დამოუკიდებლად, საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯერ კენჭს უყრიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს (ვეტოს), მისი ჩაგდების შემთხვევაში კი სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტისთვის კიდევ ერთ კენჭისყრაზე ხმის მიცემაა საჭირო (არანაკლებ 76 მომხრე) იმისთვის, რომ ვეტო დაძლეულად ჩაითვალოს (საპარლამენტო უმრავლესობა 80-ზე მეტ ხმას აკონტროლებს).

კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტს ხუთი დღე აქვს დოკუმენტის ხელმოსაწერად. თუკი ამ ვადაში მან კანონს ხელი არ მოაწერა, კიდევ ხუთი დღის ვადაში, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ პრეზიდენტის ვეტოს პლენარულ სხდომაზე მომავალ (28-31 მაისის) სასესიო კვირაში წარადგენენ. პაპუაშვილმა წინასწარ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს. 23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა თქვა, რომ ვეტოს დაძლევის საკითხი პლენარულ სხდომაზე 28 მაისს განიხილება.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო 18 მაისს დაადო. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტს.

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოს პროცედურის გამოყენებით კანონპროექტს მხოლოდ ერთი წინადადება დაამატა: „ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში.“

23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.

ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.

მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა". ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება" კანონზე უარს იტყვის.

ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდების და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე.

კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც.

radio tavisupleba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...