ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ვარჰეი წუხილს გამოთქვამს, რომ მისი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული.
კერძოდ, როგორც ვარჰეი აცხადებს, სლოვაკეთის ტრაგიკული შემთხვევა საქართველოს პრემიერთან საუბარში მოყვანილ იქნა მაგალითად, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს საზოაგდოება პოლარიზაციის მაღალმა დონემ თუნდაც ევროპაში.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა გულწრფელი მწუხარება გამოვთქვა, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული.
როგორც ევროკომისარი, რომელიც სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ჩემი პოზიციისთვის შესაბამისი ქვეყნების მთავრობების ოფიციალურ პირებთან მუდმივ კონტაქტში ვარ, ვინაიდან, საკომუნიკაციო ხაზები ყოველთვის ღია უნდა იყოს პოლიტიკური აზრების პირდაპირი გაცვლისთვის.
საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში, დიდ ძალისხმევას ვდებდი იმაში, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა დამერწმუნებინა არ მიეღოთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომელსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირისკენ გზას.
ქართული საზოგადოების ძლიერი პროევროპული სენტიმენტების სრულიად გააზრებით, ჩემი სატელეფონო საუბრის დროს საჭიროდ ჩავთვალე პრემიერ-მინისტრის ყურადღება მიმექცია იმის მნიშვნელობაზე, რომ ამ კანონის მიღებით კიდევ უფრო არ გამწვავდეს ისედაც მყიფე ვითარება, რამაც უფრო გაღრმავებულ პოლარიზაციამდე და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო ვითარებამდე შეიძლება მიიყვანოს საქმე. ამ მხრივ, ბოლო ტრაგიკული შემთხვევა სლოვაკეთში მაგალითად იქნა მოყვანილი იმისთვის, თუ სადამდე შეუძლია პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ მიიყვანოს საზოგადოება, თუნდაც ევროპაში.
კიდევ ერთხელ, ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ სრულიად ამოიღეს კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებას ისეთი ფორმით წარუდგინეს, რომელიც ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულ არასწორ ინტერპრეტაციას გამოიწვევს.
კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ოფიციალურ პირებს, არ მიიღონ ეს კანონი.
ამას ასევე ვითხოვ როგორც საქართველოს კარგად ცნობილი და პატივცემული მეგობარი.
ვაგრძელებ საქართველოს ევროპული მომავლისკენ მუშაობის მხარდაჭერას”, - წერს ვარჰეი.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ევროკომისართან, რომლის ვინაობაც არ სახელდება, სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ევროკომისარმა მას უთხრა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული "ტერორისტული თავდასხმაც" ახსენა.
„ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.