Politico - აშშ-ის სენატი საქართველოს პოლიტიკოსების წინააღმდეგ ორპარტიულ სასანქციო პაკეტს განიხილავს
აშშ-ის სენატი საქართველოს პოლიტიკოსების წინააღმდეგ ორპარტიულ სასანქციო პაკეტს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, სასანქციო კანონპროექტს სენატორები ჯინ შაჰინი (დემოკრატი) და ჯიმ რიში (რესპუბლიკელი) წარადგენენ, იგი მიმართული იქნება საქართველოს უმაღლესი დონის პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის ევროკავშირისკენ გზისთვის ძირის გამოთხრაში.
“ქართველი ხალხის კანონი” (Georgian People’s Act) 23 მაისს იქნება წარდგენილი.
კერძოდ, Politico წერს, რომ სენატის კანონპროექტი ითვალისწინებს სამოგზაურო აკრძალვებს და სხვა სანქციებს ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან “ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლისთვის” და “კორუფციისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის და უცხოური აგენტების კანონის წინ წაწევისთვის ან მისი მიღებისთვის ხელშეწყობაში”.
კანონპროექტი ასევე მოითხოვს აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის პერმანენტულ შეჩერებას, რომლის საშუალებითაც ქვეყნები ერთად მუშაობდნენ უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებზე.
Politico-ს თანახმად, “ქართული ოცნების” ოფიციალური პირების სამიზნეში ამოღების გარდა, ორპარტიული კანონპროექტი, ასევე, მოითხოვს მინიმუმ 50 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას “საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდაჭერაზე” და ქვეყანაში “მავნე უცხოურ გავლენებზე” კვლევების დაწყებაზე.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.