Jump to content
Planeta.Ge

“ამცირებს ნდობას ცესკოს მიმართ, გამორიცხავს ოპოზიციის ჩართულობას” – საია საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ხელისუფლებას მოუწოდებს, არ მიიღოს საარჩევნო კოდექსში დაინიციირებული ცვლილებები. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა გააუარესებს საარჩევნო კანონმდებლობას.

“საიას შეფასებით, ამ საკანონმდებლო გაუარესებების ფონზე, აუცილებლობის დასაბუთების გარეშე, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციის უგულებელყოფით – არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, ქართული ოცნების წევრების მიერ ინიციირებული ცვლილებები მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების გაუარესებისკენ.

წარმოდგენილი ცვლილება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში de facto გამორიცხავს ოპოზიციის ჩართულობას და მეტად ამძაფრებს ეჭვს საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის არაკეთილსინდისიერ გავლენებთან დაკავშირებით. ცვლილება კიდევ უფრო ამცირებს საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 5 თვით ადრე “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კოდექსში მორიგი ცვლილებები დააანონსა. კანონპროექტის მიხედვით, რომლის ავტორებიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან, იცვლება ცესკოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესი.

კერძოდ, თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საია-ს შეფასებით, ეს ამცირებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ოპოზიციის ჩართულობის ხარისხს.

“წარმოდგენილი ცვლილებით ირღვევა 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შედეგად მიღწეული პარტიული და პროფესიული ნიშნით შერჩეულ წევრებს შორის არსებული ბალანსის ლოგიკა. შედეგად, გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იქნება მხოლოდ 8 პროფესიული წევრისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლის ხმა”, – ამბობენ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტით უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ექსპერტებისგან შედგებოდა.

კიდევ ერთი ცვლილებით, რომელიც კანონში შედის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრს, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრს, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც შეყვანილია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ პაკეტს, შრომის ანაზღაურება არ ჩაეთვლება ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდება სახელმწიფო დაფინანსება.

ამავე თემაზე:

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...