Jump to content
Planeta.Ge

გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოს EU-ში გაწევრების მომდევნო ეტაპზე გადასვლას – ელჩი ფიშერი


გერმანიის ელჩმა საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერმა, განაცხადა, რომ გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრების გზაზე მოლაპარაკებების გახსნას, თუ რუსული კანონი მიღებული იქნება იმ ფორმით, როგორსაც მას დღეს ვიცნობთ.

ამის შესახებ ელჩმა მედიასთან ისრაელის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა.

“ეს დინამიკური პროცესია. ალბათ, წაიკითხავდით განცხადებასაც, რომელიც გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ერთობლივად გამოაქვეყნეს და რომელიც უკავშირდებოდა მიღებულ კანონს.

საქართველომ უკვე გადაუხვია ევროპულ გზას. არსებობს სტანდარტები, რომლებიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და ეს კანონი სტანდარტს მიღმაა.

რაც შეეხება ევროკომისიის მიერ დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებას. ეს კანონი თუ იქნება მიღებული იმ სახით, როგორც ახლაა, გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოსთვის მოლაპარაკების სივრცის გახსნას ევროკავშირში გასაწევრებლად. თქვენ უნდა შეესაბამებოდეთ სტანდარტებს, თუ არადა წინ ვერ წახვალთ,” – ამბობს გერმანიის ელჩი საქართველოში (ტვ პირველის თარგმანი).

19 მაისს გამოქვეყნდა საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონისა და გერმანიის კანცლერ შოლცის ერთობლივი წერილი, სადაც მათ სინანული გამოთქვეს, რომ “ქართული ოცნება” რუსული კანონით ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მიდის.

აშშ-ში განიხილავენ საქართველოსთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, თუ მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეწყვეტს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას. ესაა MEGOBARI Act (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act – საქართველოს შესაძლებლობის გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით). თუმცა მთავრობამ კანონპროექტს, რომელიც დაპირებებთან ერთად, სანქციებსაც შეიცავს, „შეურაცხმყოფელი შანტაჟი“ უწოდა.


საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო. თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

არაერთი კვირაა თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, სადაც რიგ შემთხვევებში ათი ათასობით მოქალაქე იღებს მონაწილეობას.

დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

„ქართულმა ოცნებამ“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსულ კანონში ისეთი ცვლილება უკვე შეიტანა, რომელიც კანონს მონიტორინგის ნაწილში ფიზიკურ პირებსაც შეახებს. ამის შესახებ ჩანაწერი მესამე მოსმენით დამტკიცებულ ვერსიაში გაჩნდა.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...