„ოცნება" ცესკოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესს ცვლის და საკონსულტაციო საბჭოს აუქმებს
„ქართულ ოცნებას” საარჩევნო კოდექსში ისევ შეაქვს ცვლილებები.
კერძოდ, იცვლება ცესკოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესი.
კერძოდ, მმართველი პარტიის ინიციატივის თანახმად, საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4/1 პუნქტი:
თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით მხარდაჭერა, ცესკოს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება.
ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
განმარტებითი ბარათის თანახმად, ეს არის ე.წ ანტიჩიხური მექანიზმი მსგავსი შემთხვევების მოსაწესრიგებლად.
„ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ცესკოს ეფექტიან ფუნქციონირებასა და მისი საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებას”. – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ამასთან, კანონპროექტით უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, იქმნება საარჩევნო პერიოდით, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში.
განმარტებითი ბარათის თანახმად:
„ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების მიზანშეწონილობას ადასტურებს არსებული პრაქტიკული გამოცდილება, რომელმაც ნათლად წარმოაჩინა, რომ ეს ჯგუფი, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ექსპერტებისგან შედგება, რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც ძირითადად დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის უქონლობით იქნა გამოწვეული”.
ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის შესახებ საარჩევნო კოდექსში 2021 წელს ჩაიწერა. ჯგუფში უნდა ყოფილიყო არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრი. საბჭო ცესკოს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს წარუდგენს.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ცესკო არ უზრუნველყოფდა საბჭოს კვალიფიციური და სანდო ადამიანების კონსენსუსის საფუძველზე შერჩევას.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.