პერსონალურ მონაცემთა სამსახური რუსულ კანონში შეტანილი ცვლილებების ხარვეზებზე მიანიშნებს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ეხმაურება ხელისუფლების მიერ დაანონსებული მონაცემთა ბაზების საკითხს, ასევე რუსულ კანონში შეტანილ ცვლილებას, რომლითაც კანონი მონიტორინგის ნაწილში ფიზიკურ პირებსაც ეხება. განცხადებაში სამსახური მიანიშნებს შეტანილი ცვლილებების ხარვეზებზე, თუმცა თავს არიდებს შეაფასოს დაანონსებული ზომებისა და კანონში შეტანილი ცვლილებების კანონიერება.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსულ კანონში ისეთი ცვლილება შეიტანა, რომელიც კანონს მონიტორინგის ნაწილში ფიზიკურ პირებსაც შეახებს.
აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ კანონპროექტში შევიდა ცვლილებები, რომლითაც ფიზიკური პირები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის გათვალისწინებული “უცხო ძალის ინტერესების გამტარებლების” რეესტრში მოხვდებიან, თუმცა სახელმწიფოს შეეძლება ფიზიკური პირებისთვის პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნა და მათი დაჯარიმება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადება ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საჭიროა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისთვის კანონქვემდებარე აქტებში გაიწეროს მიზანი, მოცულობა, მონაცემთა კატეგორია და სხვა.
“კანონპროექტის ცალკეულ ნორმებში არსებული ზოგადი მითითებები პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვის, მიღებისა და გამოყენების გზით დამუშავების თაობაზე, მისი კანონიერების უზრუნველსაყოფად, შესაბამისობაში უნდა იყოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან. […]
მიზანშეწონილია, რომ მომავალში შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში დეტალურად გაიწეროს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საჭიროება, აუცილებლობა და მოცულობა, აგრეთვე, ის კონკრეტული მიზანი, რაც მონაცემების ამ გზით და მოცულობით დამუშავების ლეგიტიმურობას განსაზღვრავს, კონკრეტულად რა სახის/კატეგორიის მონაცემები დამუშავდება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოებისას, სარეგისტრაციო განაცხადისა თუ საფინანსო დეკლარაციის ფორმის შემუშავების, რეგისტრაციის გაუქმების წესებისა და პროცედურის და მონიტორინგის განხორციელების დროს, ასევე, დაკონკრეტდეს, ვინ წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს, რა კონკრეტულ შემთხვევებში გააჩნია მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით კანონპროექტის შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული უფლებამოსილება და დაზუსტდეს იმ მონაცემთა სუბიექტების წრე, ვისთან მიმართებითაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს იგი”, – ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.
იურისტი საბა ბრაჭველი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ერთი მხრივ თქვა, რომ კანონი ხარვეზიანია, მაგრამ მეორე მხრივ, გამბედაობა არ ეყო ეთქვა, რომ მისი მიღება დაუშვებელია და ის ფაქტობრივად აუქმებს პერსონალური მონაცემების დაცულობას ქვეყანაში.
“პერსონალური მონაცემების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურია. შესაბამისად, მას უნდა გაეკეთებინა განცხადება, რომ ეს ყველანაირ სტანდარტთან შეუსაბამო კანონია და ფაქტობრივად ამ სამსახურის არსებობაც კი აზრს კარგავს, რადგან გამოდის, რომ უქმდება ამ კანონით პერსონალური მონაცემების დაცვა.
პერსონალურ მონაცემთა სამსახურის განცხადებაში ჩანს ორი რამ: 1. ადასტურებს ფაქტს, რომ კანონი აშკარად ხარვეზიანია. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ვერ ხედავს, რა მიზნით, რა მოცულობით, ვის მიერ, რა ხანგრძლივობით და ა.შ. იქნება დამუშავებული ეს მონაცემები. საერთოდ რა სახის და რა რაოდენობის მონაცემებზეა საუბარი. 2. მეორე მხრივ, ინსპექტორს არ ეყო გამბედაობა და ვერ თქვა, რომ ეს “რუსული კანონი” საერთოდ არ უნდა იქნას მიღებული. მხოლოდ ის ითხოვა, რომ კანონქვემდებარე აქტებით მაინც დაარეგულირეთო. ეს არის არასწორი, თუნდაც იმიტომ, რომ კანონქვემდებარე აქტის შესაცვლელად მინისტრის ბრძანებაც კი კმარა”, – ამბობს ბრაჭველი.
იურისტი განმარტავს, რომ თუ აქამდე კანონი არაპირდაპირ ეხებოდა მოქალაქეებს, შეტანილი ცვლილებით, თუ ის ამოქმედდება, ყველა მოქალაქეს, ვისაც რაიმე სახის კავშირი ჰქონია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან, ყველას ექმნება ვალდებულება, რომ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის საიდუმლო ინფორმაცია, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პირს.
“სამინისტროს ეძლევა უფლებამოსილება, დაამუშაოს ეს მონაცემები შეუზღუდავად. არ არის გაწერილი არც დრო, არც მიზეზი, საფუძველი და არაფერი. ეს კანონი აბსოლუტურად არღვევს საქართველოში არსებულ პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობას”, – განმარტავს საბა ბრაჭველი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში ასევე საუბარია მუქარისშემცველი სატელეფონო ზარების შესახებაც, რაც აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მიმართ უწყვეტი ანტირუსული პროტესტის პარალელურად ხორციელდება.
“ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით, ამ დროისათვის სამსახურმა მიიღო 70-მდე განცხადება/შეტყობინება, მათგან 10-მდე განცხადება/შეტყობინება, რომელიც თავისი შინაარსით შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისი რეაგირებისათვის გადაეგზავნა უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოს. […] სამსახურმა უკვე მიმართა მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებს, კონკრეტული სატელეფონო ნომრების კუთვნილებისა და მათი მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით”, – აცხადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო. თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.
არაერთი კვირაა თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, სადაც რიგ შემთხვევებში ათი ათასობით მოქალაქე იღებს მონაწილეობას.
დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
„ქართულმა ოცნებამ“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსულ კანონში ისეთი ცვლილება უკვე შეიტანა, რომელიც კანონს მონიტორინგის ნაწილში ფიზიკურ პირებსაც შეახებს. ამის შესახებ ჩანაწერი მესამე მოსმენით დამტკიცებულ ვერსიაში გაჩნდა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.