“აქ თავს უსაფრთხოდ აღარ ვგრძნობ” – აქციაზე ნაცემი აშშ-ს მოქალაქე
13 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული აშშ-ს მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციელებმა უმიზეზოდ სცემეს. ის აპირებს, მიმართოს აშშ-ს საელჩოს და ქვეყანა რაც შეიძლება მალე დატოვოს, რადგან საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.
“ჩვენ უბრალოდ ვიდექით და ვიღებდით ყველაფერს. ვავრცელებდით მშვიდობას. ამისთვის ვარ სწორედ აქ, რომ მშვიდობა გავავრცელო. მათ [პოლიციელებმა] კი მოულოდნელად დამარტყეს. მერე რაღაც განათდა და გონება დავკარგე […] ხვალ ოპერაციას მიკეთებენ და შემდეგ აშშ-ში უნდა დავბრუნდე, რაც შეიძლება მალე. აქ თავს უსაფრთხოდ აღარ ვგრძნობ. საშინელებაა, წუხელ პირველი ღამე იყო, როცა დავიძინე. ორი დღე საერთოდ ვერ ვიძინებდი”, – უთხრა დერილ შვოლცმა “მთავარ არხს”.
აშშ-ს მოქალაქე ამბობს, რომ საქართველოში მეგობართან იყო ჩამოსული და აქციაზეც მასთან ერთად იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ პარლამენტთან ტრანსპარანტებით იდგა, როცა მოულოდნელად დაესხნენ თავს.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევენ, ამბობენ, რომ პოლიციელები მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობენ. მათი შეფასებით, სამართალდამცველები არაადამიანურად ეპყრობიან და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, მასობრივად აკავებენ დემონსტრანტებს. ორგანიზაციების შეფასებით, “ქართული ოცნების” მიზანი აქციების მუხტის შესუსტება და აქტივისტების დასჯაა.
აქციებზე დაკავებული მოქალაქეების შესახებ განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმაც. უწყების ინფორმაციით, 15 აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული 180 ადამიანი მოინახულეს. მათგან 93 საუბრობდა სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, 71-მა კი პოლიციელების მხრიდან მასზე ძალადობის ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რეაგირებისთვის მიმართა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.