Jump to content
Planeta.Ge

სლოვაკეთის პრემიერის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება


სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე ამ დროისთვის აღარ ემუქრება.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC სლოვაკეთის ვიცეპრემიერზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრემიერმინისტრი 15 მაისს დაჭრეს, როდესაც ის ხალხს ესალმებოდა ქალაქ ჰენდლოვაში, კულტურული საზოგადოებრივი ცენტრის წინ. მას რამდენჯერმე ესროლეს. ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენის ადგილზევე დააკავეს.

ვიცეპრემიერი ტომას ტარაბა ამბობს, რომ პრემიერის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 59 წლის ფიცო სიკვდილს ებრძოდა.

სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მომხდარს მკვლელობის პოლიტიკურად მოტივირებულ მცდელობას უწოდებს. რობერტ ფიცოს მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები არსებობს, როგორც მის სამშობლოში, ისე ქვეყნის გარეთ — ევროკავშირში. ამის მიზეზი მისი მხრიდან გაკეთებული მოწოდებებია, რომ შეუწყდეს სამხედრო სახის დახმარება უკრაინას და აღიკვეთოს სანქციები რუსეთზე. თუმცა, მასზე თავდასხმა მკაცრად და ფართოდ იქნა დაგმობილი და შეფასდა, როგორც თავდასხმა დემოკრატიაზე.

თავდამსხმელი სამიზნისგან მცირე მანძილით იყო დაშორებული და ფიცოს მხარდამჭერების მცირე ჯგუფთან ერთად იდგა. სროლა სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ფიცოს დაცვის თანამშრომლებისთვის. ადგილზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სროლის შემდეგ პრემიერი რამდენიმე ადამიანს მიჰყავს, მანქანაში სვამს და სწრაფად ტოვებენ ადგილს.

პოლიციას თავდამსხმელის ვინაობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ადგილობრივი, 71 წლის მწერალი და პოლიტიკური აქტივისტია.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...