Jump to content
Planeta.Ge

რუსი მაღალჩინოსანი კოსაჩევი ევროპელ მინისტრებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს


რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცესპიკერმა კონსტანტინ კოსაჩევმა ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევად მოიხსენია. იმავე ხასიათის შეფასებებს დღეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც აქტიურად ახმოვანებენ.

კოსაჩევმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას ასევე უწოდა “უკანონო” და “ძალადობრივი”, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჯერჯერობით აქციების ჩატარებას ხელისუფლების ნებართვები არ სჭირდება რუსეთისაგან განსხვავებით, შესაბამისად აქცია კანონიერიცაა და მშვიდობიანიც იყო.

“ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ოთხშაბათს აქტიური მონაწილეობა მიიღეს უკანონო და ძალადობრივ საპროტესტო აქციებში, რომელიც უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ იმართება თბილისში. მორიგი სახდეპელი ვიქტორია ნულანდები, ორცხობილებით რომ დადიოდა კიევის მაიდანზე. ქვეყნები იცვლება, მეთოდები იგივე რჩება – საცდელი ქვეყნების სუვერენიტეტის სრული უგულებელყოფა და მათ საქმეში მთელი მსოფლიოს თვალწინ უცერემონიო ჩარევა.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკანონმდებლო რეგულირება იმპერატივია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც იცავს თავის კონსტიტუციასა და თავის ხალხს გარედან დაფინანსებული სახელმწიფო გადატრიალებისგან. სამივე ეს უცხოელი მინისტრი (სამივე ნატოს წევრი ქვეყნებიდან. ევროკავშირი არ წყვეტს მანდ არაფერს) თავისი ტლანქი ქმედებებით, ქუჩიდან რომ ითხოვენ საქართველოს სუვერენულ საქმეებში უცხოეთიდან ჩარევის თავისუფლებას, მხოლოდ დამატებითი საკმაზია ამ თემაში. მეტი გამჭვირვალობა რაღა გინდათ”, – წერს კოსაჩევი ტელეგრამზე.

კოსაჩევის რიტორიკა რუსული პროპაგანდის ნაწილია, რომელთანაც სრულ თანხვედრაშია ქართული ოცნებისა” და მასთან ასოცირებული ძალების გამონათქვამები მასობრივი პროტესტის მიმდინარეობის პარალელურად.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა, რომ მინისტრების მისვლა აქციაზე დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობის მცდელობაა, რადგან მათ საქართველოს მიერ მიღებული კანონმდებლობა არ მოსწონთ. თუმცა, განსხვავებით კოსაჩევისგან, რომელიც ამ ქმედებას დასავლურს არქმევს, პაპუაშვილის თქმით, ეს რუსული და საბჭოთა სტილია.

“ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა ქართველი ხალხის მიმართ უბრალოდ არამეგობრული ჟესტი კი არა, იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში”, – თქვა პაპუაშვილმა.

“უცხოელი პოლიტიკოსები საპროტესტო აქციაზე მივიდნენ და სიტყვით გამოვიდნენ. ეს არის პირდაპირი ჩარევა უცხო ქვეყნის საქმეებში”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ქართული ოცნების” განაყოფი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი “ხალხის ძალა”, რომელმაც 2023 წელს პირველად დააინიციირა აგენტების შესახებ კანონი, მინისტრების ჩამოსვლამდე ხელისუფლებას მოუწოდებდა, არ შეხვედროდა აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების დელეგაციებს. უფრო მეტიც, ქვეყანაში მათ არშემოშვებაზე ემსჯელა, რადგან მათი მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევა იქნებოდა.

კიდევ უფრო ადრე “ხალხის ძალის” წარმომადგენელი თამთა მეგრელიშვილი წერდა, რომ საქართველოში მიმდინარე მასობრივი პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ უკრაინული მაიდანის სცენარის გამეორების მცდელობა იყო.

მაიდანსა და დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც, თითქოს, ქვეყნის სუვერენიტეტში ერევიან, ბიძინა ივანიშვილიც შეეხო თავის 20-წუთიან სიტყვაში, ხელისუფლების მიერ გამართულ კონტრაქციაზე რომ წარმოთქვა.

„დღევანდელი საქართველო არ არის არც შევარდნაძის დროის საქართველო და არც იანუკოვიჩის დროის უკრაინა. დღეს საქართველოს მართავს ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი“, – თქვა მაშინ ივანიშვილმა.


საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს.

არაერთი კვირაა თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, სადაც რიგ შემთხვევებში ათი ათასობით მოქალაქე იღებს მონაწილეობას.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც რუსულ კანონს აპროტესტებენ, ევროპის ქვეყნების  საგარეო საქმეთა მინისტრები მივიდნენ.  “ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ”, – მიმართა აქციის მონაწილეებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ამავე თემაზე:

“კანონპროექტს კოსმეტიკურად ვერ გაალამაზებთ” – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის- 11 სენატორის განცხადება

მარტო არ ხართ – სენატისა და 15 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები

ნეტგაზათი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...