Jump to content
Planeta.Ge

USAID-ის ხელმძღვანელი: ეს კანონი პირდაპირი საფრთხეა აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობისთვის


აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაგმო პარლამენტის მიერ 14 მაისს მესამე მოსმენით რუსული კანონის მიღება და აღნიშნა, რომ კანონი საფრთხეს უქმნის მრავალწლიან პარტნიორობას აშშ-სა და საქართველოს შორის, რომელიც ადრეულ 90-იანებში დაიწყო.

“მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტში კენჭისყრას “უცხოური გავლენის” კანონპროექტის სასარგებლოდ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას. საბოლოოდ კი გაართულებს საჭირო სერვისების მიწოდებას საქართველოს მოსახლეობისთვის. ღრმად ვართ შეშფოთებულნი იმ შედეგების გამო, რასაც ეს კანონი მოიტანს ორგანიზაციებისთვის, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვან სამუშაოს სწევენ დემოკრატიული მმართველობის გასაძლიერებლად და ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად.

როგორც ეს მკაფიოდ განაცხადა ევროკავშირმა, ამ კანონს შეუძლია ჩამოშალოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა, ფუჭი გახადოს საამისო ძალისხმევა, რასაც ქართველი ხალხის უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს კანონი არის პირდაპირი საფრთხე აშშ-სა და საქართველოს შორის ხანგრძლივი ორმხრივი პარტნიორობისთვის – პარტნიორობისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ადრეულ 1990-იან წლებში დაიწყო, რომლის ფარგლებშიც USAID-მა საქართველოს დასახმარებლად 2 მილიარდი დოლარი დახარჯა და რომელიც საერთო ინტერესებზე, დემოკრატიისადმი საზიარო ერთგულებაზე იდგა.

აშშ მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავოს ესკალაციის საფრთხის შემცველი და ძალადობრივი მოქმედებებისგან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს იმ ინიციატივების აღსრულებას, რომლებიც ქართველების ყველაზე საჭირბოროტო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არის მიმართული”, – ნათქვამია სამანტა პაუერის განცხადებაში.


საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს.

 

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...