Jump to content
Planeta.Ge

ბორელი და ვარჰეი: კანონის მიღება უარყოფითად აისახება EU-ის გზაზე, გაიწვიეთ


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარ,ჰეი რუსული კანონის მიღებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს უარყოფითად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე.

ისინი ერთობლივ განცხადებაში მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი და გააგრძელოს მუშაობა 9 ნაბიჯში გაწერილ რეფორმებზე.

„ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და მათი არჩევანი გვერდით, რომელიც არის დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. დაშინებები, მუქარები და ფიზიკური თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებსა და ჟურნალისტებზე, ასევე, მათ ოჯახებზე, მიუღებელია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს ეს დოკუმენტირებული ქმედებები.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ პირობით, რომ ევროკომისიის მიერ დათქმული შესაბამისი 9 ნაბიჯი განხორციელდებოდა. ეს ნაბიჯები მოითხოვს, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული და ასევე, სამოქალაქო საზოგადოებამ და მედიამ იმუშაონ თავისუფლად. ისინი ასევე ეხება დეპოლარიზაციის აუცილებლობასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

დიდი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის უმრავლესობამ პარლამენტში მესამე მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ. ევროკავშირმა ცხადად და განმეორებით განაცხადა, რომ კანონის სულისკვეთება და შინაარსი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს. ეს ძირს გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, მაშინ, როცა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ნაწილისა და ევროკავშირის გაწევრების ნებისმიერი გზის ფარგლებში.

ამ კანონის მიღება უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. არჩევანი წინსვლის გზაზე საქართველოს ხელშია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი, შეინარჩუნოს ვალდებულება ევროკავშირის გზაზე და განახორციელოს 9 ნაბიჯში გაწერილი საჭირო რეფორმები”, – ნათქვამია განცხადებაში.

მოგვიანებით ეს განცხადება სრულად გამოქვეყნდა ევროკომისიის ვებგვერდზეც.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...