Jump to content
Planeta.Ge

კასტეტის ფუნქციის ხელთათმანებით მცემეს და შემდეგ ფოტოები გადამიღეს – ქაცარავა


ანტისაოკუპაციო აქტივისტი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ პოლიციელებმა დაკავების შემდეგ ოთხჯერ სცემეს ნახევარი საათის განმავლობაში.

ამასთან, ქაცარავა, რომელსაც ინგოროყვას კლინიკაში ოპერაციები ჩაუტარდა, ამბობს რომ სცემეს ხელთათმანებით, რომელსაც გამონაზარდები აქვს და ფაქტობრივად, ე.წ. კასტეტის ფუნქციას ასრულებს.

“მცემეს უმოწყალოდ და გამეტებით. შემდეგ გადაიღეს სურათები და დამკვეთებს გადაუგზავნეს”, – ამბობს ქაცარავა და დასძენს, რომ ეს იყო შეკვეთილი ძალადობა და არა ადგილზე პოლიციელების თვითშემოქმედება.

“თვალბუდის ძვალი არის ჩამტვრეული, ასევე ზედა ყბა არის ჩამტვრეული… მაქვს ტვინის შერყევა მძიმე ფორმის და ჰემატომები თავზე”, – ამბობს ქაცარავა.

ქაცარავას ცოლი, სოფია ხაჭაპურიძე თავის მხრივ წერს, რომ მისი ქმარი სპეცრაზმელებმა ჯგუფურად სცემეს.

“შავ მასაში შეთრევის შემდეგ წამით არ გაუჩერებიათ დათოს გინება. ურტყამდნენ თავიდანვე. ჭიჭინაძეზე ათრევის შემდეგ ჩააყენეს წრეში და დაესივნენ. შემდეგ შეაგდეს ფურგონში. წაართვეს მობილური, საფულე, პატარა ზურგჩანთა. ( ეს ცალკე ამბავია, კანონდარღვევა) ურტყამდნენ პარტია – პარტია, ლანძღვითა და გინებით. დათო მხოლოდ ერთობისკენ და საერთო მტრის, ოკუპანტის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებდა მათი ბილწსიტყვაობის ფონზე. ასევე იღებდნენ ტელეფონით ამ პროცესს. განსაკუთრებული გადაღება მოუწყვეს ცხვირის გატეხის და დასისხლიანების შემდეგ, თავი ააწევინეს რომ კადრში კარგად გამოჩენილიყო მისი დაზიანებები. თითქოს ანგარიშის ჩასაბარებლად უნდოდათ ეს კადრები.  ესა აღარაა ძალის გადამეტება! კვალიფიკაცია უნდა იყოს წამება-არასათანადო მოპყრობა! სტრასბურგი წინაა, აუცილებლად! ბოლოს თავისიანს დაუძახია, კაი, ახლა გეყოფაო… პატრულს გადაუსვეს, წაიყვანეს სამგორის ,,შუშებში”. იქიდან სასწრაფომ წაიყვანა ინგოროყვას კლინიკაში”, – წერს სოფია ხაჭაპურიძე.

ქაცარავას დაკავება პირდაპირ ეთერში გადასცა არაერთმა ტელეარხმა, სადაც ჩანს, რუსთაველის გამზირზე, პოლიციელთა კორდონისგან მოშორებით მდგარს როგორ მისცვივდნენ პოლიციელები და შეათრიეს კორდონს მიღმა. მას დაკავების მომენტში სახეზე დაზიანებები არ ეტყობოდა. ქაცარავა არ არის ერთადერთი აქტივისტი, რომელსაც რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტების განმავლობაში სცემეს პოლიციელებმა აქციაზე ან ნიღბიანმა ე.წ. ტიტუშკებმა სახლებთან ჩასაფრების შემდეგ.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...