ადვოკატი: დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს აიძულებდნენ ესაუბრა ქართულად, ვერ საუბრობდა და ამის გამო ურტყამდნენ
გუშინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები, ამ დრომდე იზოლატორში რჩებიან, მათ შორის არის ამერიკის ორი მოქალაქე, ბრაიან ჯეიმს ბინგამს და პატრიკ ჰენდერსენი.
როგორც ადვოკატი, გიორგი ტაბატაძე „ტვ პირველთან“ საუბარში ამბობს, ორივე მათგანს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. მისივე თქმით, მათ აიძულებდნენ ქართულ ენაზე ესაუბრათ და პოლიციელების კითხვებისთვის ეპასუხათ.
„ამერიკის ორი მოქალაქე იმყოფება დიღმის იზოლატორში. ორივე მათგანს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები თავის არეში. ერთ-ერთს შემოხეული აქვს ტანსაცმელი და ორივე ამბობს, რომ ეს დაზიანებები მიიღეს სპეცრაზმელების მხრიდან.
ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ მას აიძულებდნენ ელაპარაკა ქართულად, ეუბნებოდნენ, რომ ის იყო ქართველი და იმის გამო, რომ მან ქართული არ იცის, ვერ საუბრობდა, მაგრამ არ უჯერებდნენ და ამის გამო ურტყამდნენ.
ეს ადამიანები აქციაზე იმყოფებოდნენ როგორც პროტესტის ჩვეულებრივი მონაწილეები“, – ამბობს ადვოკატი.
გიორგი ტაბატაძის ცნობით, პატრიკ ჰენდერსენი საქართველოში რამდენიმე თვეა რაც ცხოვრობს, ის ინგლისურის მასწავლებელია, რაც შეეხება ბრაიან ჯეიმს ბინგამს, ის ტურისტია.
კიდევ ერთი ნაცემი, რომელსაც გუშინ სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა, კახა კვეკვესკირია. მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„კახა კვეკვესკირი არის არაადამიანურად ნაცემი. სხეულზე აქვს არაერთი დაზიანება, სახის არეშიც, ფეხებზე. ის ამბობდა, რომ ასფალტზე დასვეს და ფეხებს ურტყამდნენ მუხლებში“, – აცხადებს ადვოკატი.
ნაცემია ასევე გურამ ადამია. ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, რომ ადამიას მიყენებული აქვს დაზიანებები სახესა და სხეულზე.
„მე ვიცავ რამდენიმე დაკავებულს. ერთ-ერთ დაკავებულს ჰქონდა ძალიან მძიმე დაზიანებები, მაგალითად, გიორგი ადამიას. მას დაუდგინდა ტვინის შერყევა.
მან დაინახა, თუ როგორ ძალადობდნენ ერთ-ერთ ახალგაზრდაზე. ამბობს, რომ ე.წ. კოლიდორი გაატარეს და ვისაც არ დაეზარა ყველა მირტყამდაო“, – ამბობს ადვოკატი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 13 მაისს პარლამენტთან 20 ადამიანი დააკავეს, პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად. ეს მუხლები წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩლებლობას გულისხმობს.
საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტთან სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.