“ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ გავაპატიოსნოთ რუსული კანონი” – პრეზიდენტი ვეტოს, სავარაუდოდ, შენიშვნების გარეშე გამოიყენებს
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს, მაგრამ “არ შევა მანიპულაციებში და არ დაიწყებს თამაშს”. ასე უპასუხა მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ვეტოსთან ერთად, შენიშვნების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსულ კანონთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდეს.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრემიერის მცდელობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში რუსულ კანონის დაინიციირებულ ვერსიაში ცვლილებები შევიდეს, საზოგადოებაში დაბნეულობას გააჩენს. ამიტომ, სავარაუდოა, რომ ის ვეტოს უფლებას კანონპროექტში შინაარსობრივი შენიშვნების გარეშე გამოიყენებს.
“უცებ გაახსენდათ პრეზიდენტი და მისი ვეტო. გაახსენდათ ის პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერი – სრულიად წარმოუდგენელი, ნებისმიერ სახელმწიფოში – ეძახის მოღალატეს საკუთარი ჯარის წინაშე. ამაზე წარმოუდგენელი გადატრიალება არ ყოფილა. ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ მოდით ახლა ვეტო წარმოგვიდგინეთ, შიგ რაღაცები ჩაწერეთ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ დაგიწერენ სხვები – უცხოელები, ან აქაური ენჯეოები, არ ვიცი ვინ, დაგიწეენ, წარმოგვიდგინეთ და შეიძლება დავფიქრდეთ. იფიქრეთ თქვენ და იყავით. მე ვეტოს ნამდვილად წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ ამ თამაშებს. რამეთუ ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზანი – ხალხში რაღაცა გაუგებრობა და დაბნეულობა შემოიტანოს.
გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? თქვენი ნება არის. ან გაიწვიეთ, ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ, ან კიდევ უფრო მარტივი, ძალიან მარტივი – ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ, გთავაზობთ, 1-ელი ნოემბრისთვის, არჩევნების მერე, როცა ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს კანონი რუსული არის, რაღაცა სხვა კანონების გადამღერება თუ რაც არის. ჩემი იმედი, ყოველ შემთხვევაში, ნუ გექნებათ იმაში, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს კანონი. არა. არის რუსული, დარჩება რუსული და სამწუხაროდ თქვენც, ამ კანონთან ერთად”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
10 მაისს, ტელემედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლოა “პოზიციები შეჯერდეს” რუსულ კანონთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან.
მიზეზი, რის გამოც, ამის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებს ესაუბრა, კობახიძის თქმით, არის ის, რომ “სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს – ან ენჯეოები უწერენ, ან გარედან უწერენ”.
რუსული კანონს მესამე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ხვალ, 13 მაისს განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობას კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მიღება 14 მაისს აქვს დაგეგმილი.
პარალელურად, გრძელდება ანტირუსული პროტესტი საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდასაჭერად. მოქალაქეები დღეს, 12 მაისს, 22:00 საათიდან იკრიბებიან პარლამენტთან და აპირებენ, ღამე “გაათენონ საქართველოსთვის”, რათა დილით, საკანონმდებლო ორგანოსთან მისულ დეპუტატებს შენობასთან დახვდნენ.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.